სოხუმის უნივერსიტეტის სტუდენტებმა ლექტორი გააძევეს

აქტუალური

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორი ნუგზარ კერესელიძე სტუდენტებმა შენობიდან გააძევეს. როგორც კერესელიძემ News.ge-ს განუცხადა, მან უნივერსიტეტში დაბრუნება და საკუთარი მოვალეობის შესრულება სამართალდამცველების ჩარევის შედეგად მოახერხა.

„მოვიდნენ სტუდენტები, ფიზიკური ძალის გამოყენებით, ჩამიშალეს ლექცია, გამომაძევეს შენობიდან. მე მივმართე სამართალდამცველებს და ჩემი უნივერსიტეტში დაბრუნება იმათ უზრუნველყვეს. მე როგორც ვიცი, აქცია მართულია უნივერსიტეტის ხელმძღვანელობისგან, რომელსაც მე ვაკრიტიკებ, ჩემი აზრით, სამართლიანად“, – განაცხადა კერესელიძემ.

 ☼  გსურს შეისწავლო ტურიზმის მენეჯმენტი?გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼ 

იგი მის მიმართ პროტესტს უნივერსიტეტის ხელმძღვანელობისთვის მოგებულ სასამართლო პროცესს უკავშირებს.

„ჩვენ მათ მოვუგეთ მნიშვნელოვანი სასამართლო პროცესი, რომლის ძალითაც მათ უნდა გადმოგვცენ საჯარო ინფორმაცია – უნივერსიტეტის საკონკურსო კომისიაში შესული აკადემიური პერსონალის კანდიდატების CV. ამ ინფორმაციის გაცემა მათ არ სურდათ, შესაბამისად პროცესმა გაიარა სასამართლოს სამივე ინსტანცია – საქალაქო, სააპელაციო, უზენაესი. გადაწყვეტილება ძალაშია შესული და მათ უნდა აღასრულონ ეს ღონისძიება – გადმოგვცენ მასალები. ეტყობა, ცდილობენ, გადაფარონ – ეს ერთი მომენტი და მეორე – უნივერსიტეტის მეორე კორპუსში, მეექვსე სართულზე, სტუდენტების ნაწილი მართავს პროტესტს, უკვე მეხუთე დღეა, იმის გამო, რომ ამათ ვოლუნტარისტულად ჩაატარეს ვადამდელი არჩევნები. ეს არჩევნები იყო გაყალბებული.

რა ხდება გარეთ, არ ვიცი. ეს აქცია მოთავდება უცებ თუ გაგრძელდება, არ ვიცი. დარწმუნებული ვარ, ეს არის მართული რექტორის მოვალეობის შემსრულებლის ჯონი აფაქიძისა და კანცლერის შოთა ახალაიას მიერ“, – განაცხადა კერესელიძემ.

მისი თქმით, 2007 წლიდან, რექტორის თანამდებობაზე ჯონი აფაქიძის დანიშვნიდან რვა წელი 17 სექტემბერს გავიდა, – „ჩვენი კანონმდებლობით, რექტორი ან მისი მოვალეობის შემსრულებელი შეიძლება იყო ზედიზედ, მხოლოდ რვა წელს. ეს რვა წელი გავიდა და ახლა იგი რექტორის მოვალეობას უკანონოდ ასრულებს“.

კერესელიძის თქმით, სასამართლომ განსახილველად მიიღო მის მიერ შეტანილი სარჩელი იმასთან დაკავშირებით, რომ აფაქიძეს აღნიშნული პოსტი უკანონოდ უკავია.

იგი პასუხისმგებლობას განათლების სამინისტროსაც აკისრებს.

იხილეთ ასევე:  გასდის თუ არა უფლებამოსილების ვადა სოხუმის უნივერსიტეტის რექტორს 2015 წელს?

პრობლემები სოხუმის უნივერსიტეტში: “გული რომ წაგივიდეს, წყალსაც ვერ მოგაწვდიან”

წყარო: News.ge

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები