თბილისში ასობით უმუშევარი ახალგაზრდა ხდება თანხის გამოძალვის მსხვერპლი. გამოუცდელი სტუდენტები მარტივად ებმებიან ხეზე გამოკრული ვაკანსიების მახეში, წინასწარ იხდიან გარკვეული ოდენობის თანხას და საბოლოოდ დაზარალებულის პოზიციას იკავებენ.
სიტუაციის უკეთ გასაცნობად გადავწყვიტე, როგორც სამსახურის რიგით მაძიებელს, ხეზე გარკრული ერთ-ერთი ვაკანსიის ნომერი ამომეწერა. ოპერატორმა ჩაინიშნა ჩემი მონაცემები და მითხრა, გასაუბრებაზე ხვალ, 14:00-ზე გელოდებით, არ დაიგვიანოთო.
მეორე დღეს მარჯანიშვილის მეტროსთან ახლოს მდებარე ვარდების ბაღში მივედი. კულტურის სახლს ვეძებდი, რომელიც პარკში აღმოჩნდა ჩაკარგული. შენობაში შევედი და ფოიეში წარმატების ამსახველ სურათებს ვათვალიერებდი. ვეჭვობდი, მისამართი ხომ არ მეშლება – თქო. იქაურობას არც ოფისის ეტყობოდა რამე და არც რეალური სამუშაო გარემო იყო შექმნილი, გარშემო ხალხიც არ ჩანდა. ცოტა ხანში მომიახლოვდა ერთი გოგონა, რომელმაც დერეფნის ბოლოს კაბინეტი მიმასწავლა, მეც გავუყევი და კარი შევაღე. მდივნის თქმით, ჯერ ადრე იყო და ცოტა ხანი უნდა მომეცადა.
უკან მობრუნებისას ეს გოგონა ჩუმად მელაპარაკებოდა აღნიშნული “კომპანიის” პრეზიდენტ ლუდმილაზე, ვისაც მილიონების შოვნის საოცარი უნარი ჰქონია. თურმე ლუდმილას ძალიან დიდი ბიზნესი აქვს აწყობილი მოსკოვში და ახლა საქართველოში ფეხის მოსაკიდებლად ჩამოსულა. გაჭირვების ჟამს ამ გოგოსაც დახმარებია და თავისი გამომუშავებით ახლა ყველაფრის ყიდვა შეუძლია.
✔გსურს შეისწავლო ტურიზმის და სასტუმროს მენეჯმენტი?გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე
გასაუბრების დაწყებმადე ათი წუთით ადრე ფოიეში კახეთიდან სპეციალურად ამ დღისთვის ჩამოსული ქალბატონი შემოვიდა, რომელსაც მართლა აინტერესებდა როგორ შეიძლება 800,000 ლარის შოვნა ერთ თვეში.
ოფისი ძალიან პატარა აღმოჩნდა. მხოლოდ ერთი სამუშაო მაგიდა ეტეოდა გარშემო მცირე ავეჯით. მაგიდის თავში ლუდმილა იჯდა, ორივე გვერდს კი მაკიაჟით ჩათხაპნილი თანამშრომლები ( სავარაუდოდ მდივნები ) უმშვენებდნენ. ერთ-ერთმა ჩემკენ გამოიხედა და რაღაც ბლანკი მომაწოდა შესავსებად. უნდა მიმეთითებინა სამუშაო გამოცდილება და ჩამეწერა ერთ კითხვაზე პასუხი: რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი თქვენთვის სამსახურის შოვნის დროსო?
მე უპირველესად თვითრეალიზება მივუთითე, ხოლო ბოლოში თანხა და კომფორტის სურვილი. შევსებული ბლანკი გადავეცი სვეტას ( ლუდმილას თანაშემწეს ). მან ორჭოფულად გადახედა ჩემს ბლანკს და მიმითითა, რომ მათთან ხელფასები და გარემო მთავარი ყოფილა, ამიტომაც რიგითობა გადამისწორა. ასე სჯობს, თუ გინდა დადებითად შეგაფასოთო.
15 წუთში ლუდმილამ საუბარი დაიწყო. როგორც აღმოჩნდა, სახლიდან გაუსვლელად ინტერნეტში უნდა დავრეგისტრირებულიყავით ერთ-ერთ რუსულ საიტზე და შეგვექმნა ჩვენი მაღაზია, რომელშიც მუდმივად მოვიწვევდით პოტენციურ კლიენტებს და შევთავზებდით რუსული პარფიუმერიას ( 25, 50 და 75 – დოლარიან პაკეტებს ). უმჯობესი იყო ჩვენს ჯგუფში ვინმე მეგობარი შემოგვეერთებინა, რათა პროდუქტი უფრო მალე გაგვესაღებინა. აქვე გამოიკვეთა ერთი პირობა, სანამ მუშაობას დავიწყებდით, 50 $ უნდა შეგვეტანა მათ ანგარიშზე. იმაზე თუ რატომ უნდა გადამეხადა წინასწარ ფული, ლუდმილამ ასე მიპასუხა: „თქვენ გაივლით ერთგვარ ბიზნეს – კურსებს, რათა პოტენციური მყიდველები მარტივად მოიზიდოთო.“
– როგორც ვიცი, სტაჟირებაში თანხას თვითონ დამსაქმებელი იხდის..
– დიახ, მაგრამ ეს სავალდებულო კურსებია და არა სტაჟირება.
– ანუ თუ ოფიციალურად ამიყვანთ სამსახურში, ეს იქნება ჩემ მიერ გადახდილი ფულის გამო და არა პროფესიული უნარების დამსახურება?
– არა, რა თქმა უნდა. აღნიშნული თანხა სულ მცირედია იმასთან შედარებით, რამდენსაც გამოიმუშავებთ მომავალში.
– თუ შეიძლება ახლავე დავიწყებ მუშაობას და 50$ პირველად აღებული ხელფასიდან დამიქვითეთ?
– თუ ახლავე არ გადაიხდით, ინტერნეტ – პროგრამა არ გაიხსნება და ვერც პროდუქციის გაყიდვას შეძლებთ.
– მაგრამ ამის შესახებ არაფერი არ უთქვამს თქვენს ოპერატორს…
– ახლა ხომ გაიგეთ?! ( ლუდმილას ხმაში ბრაზი ერევა, მე კი შემდეგ კითხვაზე გადავდივარ ).
– ტრენინგების ხელმძღვანელი ვინ იქნება?
– ქალბატონი სვეტა, რომელიც მრავალი წელია ბიზნეს ტრენერია.
– რამდენხნიანი გამოცდილება გაქვთ? – ვეკითხები სვეტას.
– ერთი წელია, რაც საქართელოში ვატარებ ტრენინგებს. მანამდე კი 12 წელზე მეტ ხანს მოსკოვში ვმუშაობდი.
ჩემს დამსაქმებლებს აფორიაქება შეეტყოთ, ათი წუთის განმავლობაში ცალკე საუბრობდნენ და მალევე დაასრულეს შეხვედრა. წამოსვლისას ლუდმილამ ბანკში ჩასარიცხი ანგარიშის ნომერი უკან გამომართვა და სამწუხარო ამბავი მომახსენა. თურმე იმსჯელეს და ჩემი კანდიდატურა უარყოფითად შეუფასებიათ, კახელი ქალბატონი კი სიხარულით გამოვარდა „ოფისიდან“ და იმ დღესვე აპირებდა 50 დოლარის შეტანას ლუდმილას ანგარიშზე.
ექსპერტები გვაფრთხილებენ, თავი შევიკავოთ ბუნდოვანი ვაკანსიების გამომოხმაურებისაგან. განსაკუთრებით მაშინ, თუ ასეთი ტიპის განცხადებები ქუჩაში გვხვდება ან ფლაერებით ვრცელდება. თაღლითებისგან თავდამცავი საშუალება მხოლოდ “გონებრივი ფილტრია.”
არ უნდა მოექცე სავარაუდო დამსაქმებლის მახეში და საღად შეგეძლოს მოვლენების გაანალიზება. სამსახურის დაწყებამდე წინასწარ უნდა გამოვიკვლიოთ დამსაქმებლის მონაცემები და შევისწავლოთ მათი საქმიანობა. ქსელური მარკეტინგით დაკავებული კომპანიების უმეტესობას კი არც ვებ-გვერდი გააჩნია და არც ოფიციალური ტელეფონი. ერთადერთი, რაც მათ არსებობაზე მიუთითებს უწყვეტ რეჟიმში დადებული პრესტიჟული ვაკანსიებია პერსპექტიული ახალგაზრდებისთვის.
ავტორი: თემურ იკოშვილი