რამდენად აქვთ დასაქმების იმედი სტუდენტებს საქართველოში

სტუდენტური პრობლემები

 

    „ადამიანი ალალბედზე დაეძებს იმას, რისი სახელიც წესიერად  თვითონაც არ იცის, ვიდრე იპოვიდეს, დაახლოებითაც კი ვერ წარმოიდგენს,  როგორ გამოიყურება  მიზეზი და მიზანი მისი უგზო-უკლოდ ხეტიალისა არსაიდან არსაით მიმავალ გზაზე.“    

ოთარ ჭილაძე

ამ გზას თითოეული სტუდენტი ყოველდღე გადის, ერთი განსხვავებით, მათ კარგად იციან, როგორ გამოიყურება მათი უნივერსიტეტში ჩაბარების მიზეზი და მიზანიც. მერე რა, რომ სწავლის ძირი ორმაგად მწარეა, სწავლის და მატერიალური მდგომარეობის გამო  და მერე რა, რომ კენწეროში გატკბილებაც საეჭვოა.

თავიდანვე უნდა ითქვას, რომ ის პრობლემები, რომლის წინაშეც დღეს   სტუდენტები დგანან არც გუშინ დაწყებულა და არც ხვალ  დამთავრდება.  სტუდენტი იღებს ცოდნას, რომელიც იარაღია და არა მიზანი. მიზანი  კი ამ ცოდნის რეალიზებაა, დამსახურებულ და სტაბილურ სამსახურში.

უმუშევრობის პრობლემა კი ჩვენს თაობას განსაკუთრებით შეეხო. განათლების მიღება დიდი რაოდენობით თანხასთანაა დაკავშირებული. უნივერსიტეტი კი მხოლოდ თეორიული ცოდნის მოცემას ახერხებს, რაც ხშირად  ცარიელ აუზში ცურვას ჰგავს.  ასეთ დროს სტუდენტობა პრობლემაა და ბევრი ამ პრობლემის თავად გადაჭრას ცდილობს.

გამოკითხულთა სიაში არიან  კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სხვადასხვა ფაკულტეტისა და მიმართულების სტუდენტები,  რომლებიც საუბრობენ  იმაზე, თუ რატომ აირჩიეს კონკრეტული მიმართულება და რამდენად აქვთ მომავალში საკუთარი პროფესიით დასაქმების იმედი.

სამართლის ფაკულტეტის კურსდამთავრებული  მამუკა შეყელაშვილი:

მამუკა შეყელაშვილი

„როგორც  ძირითადად ხდება ჩემი პროფესიის არჩევისას მშობლების სურვილიც გავითვალისწინე. ჩემი ძმა ორი წლით ადრე ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში იურიდიულ ფაკულტეტზე. არდადეგებზე ჩამოსულ ძმას რამდენჯერმე გამოვართვი პროფესიული ლიტერატურა. სწორედ მაშინ დავინტერესდი.  ვფიქორობ, რომ ეს არამარტო პროფესიაა, არამედ ბევრი რამის აღქმასა და გაანალიზებაში გვეხმარება.

რაც შეეხება დასაქმების იმედს და იმას, თუ როგორ წარვმართავ მომავალში ჩემს პროფესიას და როგორ გამოვიყენებ კარიერულ წინსვლაში ამას მხოლოდ ერთი ლოგიკური პასუხი აქვს. ეს არის მონდომება  და სიყვარული შენი პროფესიისადმი. არ უნდა დანებდე. ადამიანი საკუთარ ბედს თავად  წყვეტს. მე სულ ახლახან დავამთავრე უნივერსიტეტი და ჩემი პროფესიით ადვილად ვერ ვიპოვი სამსახურს, რადგან ყველა ვაკანსიაშია მითითებული  პროფესიული   გამოცდილება, რომელიც ჯერ არ მაქვს.“

სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ჟურნალისტიკის  სტუდენტი ანა გვილავა: 

ანა გვილავა

„ჟურნალისტიკა მოიცავს ყველაფერს, ეს პროფესია გაძლევს საშუალებას ერთდროულად ერკვეოდე სხვადასხა  სფეროში. ჩემი აზრით, ჟურნალისტიკის ხიბლიც ეს არის, მუდმივი სიახლეები, რაღაც ახლის ძიება, ყურადღების გამახვილება იმ თემებზე რაზეც სხვა შემთხვევაში არც იფიქრებდი. ვფიქრობ, რომ სწორი არჩევანი გავაკეთე.

რაც შეეხება შეკითხვას, რამდენად მაქვს მომავალში საკუთარი პროფესიით დასაქმების იმედი, ალბათ ყველა პროფესიას ჭირდება, ცოტა იღბალი, ცოტაც სხვათა კეთილი განწყობა, მაგრამ უდიდესი მნიშვნნელობა ჩვენს შესაძლებლობებს ენიჭება, მთავარია შევძლოთ წინააღმდეგობების გადალახვა.“

ბინზესის ფაკულტეტის სტუდენტი ვახო სახოკია: 

„ჩემი მომავალი პროფესია ჩემს შესაძლებლობებს მოვარგე. ყოველთვის ტექნიკურ საგნებში ვიყავი ძლიერი. მიყვარს ბიზნესის სფერო. მთავარი ახლა მიღებული ცოდნის რეალიზებაა.

ჩემი პროფესიით დასაქმების  შანსი მეტია, ვიდრე თქვენს შემთხვევაში (იცინის). ნუ მიწყენთ, მაგრამ ასეა. მისი  კარგად შესწავლის შემთხვევაში მე თავად შევძლებ საკუთარი თავის რეალიზებას. არ ვიქნები დამოკიდებილი სხვაზე, ან იმაზე მაქვს, თუ არა ათწლიანი  გამოცდილება.“

[textmarker color=F3F781]✔ეძებ IT ინჟინერიის შემსწავლელ კურსებს? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე[/textmarker].

სამართლის ფაკულტეტის სტუდენტი  ლალი ქორქია:

ლალო ქორქია

„ჩემი თავი ყოველთვის სამართლის სფეროში მქონდა წარმოდგენილი. თუმცა ჩემი მშობლები ეწინააღმდეგებოდნენ ჩემს გადაწყვეტილებას , რადგან მიიჩნევდნენ, რომ ეს ქალის საქმე არ არის.  მე კი წლებთან ერთად ვაცნობიერებ იმ პასუხისმგებლობას, რასაც ჩემი პროფესია მაკისრებს  და უფრო მეტად მიჩნდება სურვილი ვიყო წარმატებული იურისტი. სიმართლის სამსახურში ყოფნა დიდი სიამოვნებაა.

რაც შეეხება საკუთარი პროფესიით დასაქმების იმედს, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ძალიან ბევრი იურისტია, მაინც დიდი იმედი მაქვს, რომ სამომავლოდ აუცილებლად დავსაქმდები საკუთარი პროფესიით და ამაში ჩემი მონდომება და შრომისუნარიანობა დამეხმარება.“

სოციალურ მეციერებათა ფაკულტეტის ჟურნალისტიკის  სტუდენტი  ხვიჩა  ტყემალაძე:

ხვიჩა ტყელამაძე

ჟურნალისტიკა ერთ- ერთი ყველაზე მრავალპროფილიანი პროფესიაა. სწორედ, ამიტომ ავირჩიე ის. თუ კარგ ჟურნალისტად გინდა ჩამოყალიბება ვალდებული ხარ გქონდეს ზოგადი განათლება, რაც თავისთავად გაყალიბებს საინტერესო პიროვნებად.

არ მჯერა  სტერეოტიპის: “თუ ნაცნობი არ გყავს  ვერსად დასაქმდები”  თუ ჟურნალისტად ხარ დაბადებული, მაშინ ჟურნალისტური უნარ-ჩვევებიც თან დაგყვება. შესაბამისად, ნიჭიერება შეუმჩნეველი არ რჩება. სწორედ ეს ორი კომპონენტი, ზოგადი განათლება და ჟურნალისტითვის დამახასიათებელი მონდონება  ხდება გარანტი წარმატებისა და დასაქმების.“

ასეთია კსუ-ის სტუდენტების პოზიცია და მოლოდინები, სტატიას კი სამოტივაციო ციტატით დავასრულებ: „თუ შენ ისწავლის იმისთვის, რომ ჯილდო მიიღო შრომა მძიმედ მოგეჩვენება, მაგრამ თუ  სწავლობ  და გიყვარს შრომა, ამ შრომაშივე იპოვი ჯილდოს.“

იხილეთ ასევე: რამდენად აქვთ დასაქმების იმედი ილიაუნის სტუდენტებს

ავტორი: მარიამ კოკაია

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები