რატომ ტოვებს არჩილ გამზარდია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს

აქტუალური
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნეს სკოლაში პიარის სპეციალისტი არჩილ გამზარდია ლექციებს აღარ წაიკითხავს. ამის შესახებ მან თავად გაავრცელა ინფორმაცია.

 „9 წელია მოწვეული ლექტორი ვარ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში. ამჟამად, შემოდგომის სემესტრში ვკითხულობ თანამედროვე მენეჯმენტის საფუძვლებს. ყოველ სემესტრში მიწვევენ სათანამშრომლოდ. დღემდე ვკითხულობდი ლექციებს როგორც ბაკალავრიატის, ასევე მაგისტრატურის საფეხურზე. ვასწავლიდი 5 საგანს სხვადასხვა სემსეტრში, როგორც არჩევით ასევე ძირითად საგნებს. აწყობილი გვქონდა ეს ურთიერთობა. შემოდგომის სემესტრში ცვლილებები მოხდა ჩვენთან, შეიცვალა დეკანი.

როდესაც ჩემი ძირითადი საგანი – პიარი სხვა კოლეგას გადასცეს, არაფერი მითქვამს, სანამ დეკანს, ნინო პატარაიას არ შევხდვი. ვისუბრეთ. მან არ აიღო არცერთ მის განხორციელებულ ცვლილებაზე პასუხისმგებლობა. არც სურვილი გამოთქვა მომავალ სემესტრში სათანამშრომლოდ. ნინო პატარაიასთან გასაუბრებამ შედეგი არ გამოიღო, მერე  გამოვთქვი ჩემი აზრი.

ბოლო 2 წელიწადში მე 2 ძირითად საგანს ვკითხულობდი, რომელიც სავალდებულო იყო. დაახლოებით 36-საათიანი დატვირთვა მქონდა. გაზაფხულზე შევამცირე ლექციები და ისიც განვაცხადე, რომ ეს იყო დროებითი, 20:30 თან თანამშრომლობის გამო. მხოლოდ დროებით მინდოდა ლექციების რაოდენობის შეზღუდვა. შემოდგომიდან კვლავ დავაფიქსირე სურვილი ლექციების გაგრძელების. მაგრამ სემსტრის დასაწყისიდან ყველაფერი შეიცვალა. ილიას უნივერსიტეტი იყო ჩემი ძირითადი სამუშაო. უცებ აღმოვაჩინე, რომ აღარ მქონდა დატვირთვა და ერთ-ერთი არგუმენტი იყო ის, რომ სასწავლო მეთოდოლოგიაში მოხდა ცვლილება, რაც ძალიან არადამაჯერებელია“, – აღნიშნა არჩილ გამზარდიამ.

gamz33
არჩილ გამზარდია ამბობს, რომ წლების განმავლობაში ილიას უნივერსიტეტი ცდილობდა მეტი დატვირთვა ჰქონოდა. ახლა კი სიტუაციის შეცვლა  საზოგადოება „20:30“- თან მის თანამშრომლობას დაუკავშირა. მისი თქმით, უნივერსიტეტს სამართლებრივად ვერ მიედავება, რადგან ყოველი სემესტრის დასაწყისში ახალ ხელშეკრულებას აფორმებდა, როგორც მოწვეული ლექტორი, თუმცა ილიაუნი მისთვის ყოველთვის პრიორიტეტული სამუშაო ადგილი იყო და ამიტომ ეს სიტუაცია გულდასაწყვეტია.

[textmarker color=F5DA81]✔გსურს გერმანული ენის შესწავლა? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე[/textmarker].

„სანამ გიგი თევზაძე იყო ლექტორი, მანამდე ჩვენთან სრული აკადემიური თავისუფლება იყო. აბსოლუტურად არავის არაფერი გვეხებოდა, მიუხედავად იმისა, რომ იმ პოლიტიკური გუნდის მიმართ კრიტიკულად ვიყავი განწყობილი, რომელთანაც ახლობლობდა რექტორი. შეიცვალა დეკანი და სწრაფი ტემპით შეიცვალა სიტუაცია.

მე სხვა უნივერსიტეტშიც  ვკითხულობ ლექციებს და ჰონორარიც უკეთესი მაქვს, მაგრამ ილიას უნივერსიტეტის მიმართ ჩემი განსაკუთრებული დამოკიდებულება გამოვხატე. წლების განმავლობაში აქ ვმუშაობ, ჩემი ამაგი მაქვს, მხოლოდ ამ ფაქტორის გამო გამოვხატე თანამშრომლობის სურვილი“, – ამბობს გამზარდია.

ის, რომ პიარის სპეციალისტი აღარ წაუკითხავთ ლექციებს ილიაუნის სტუდენტებს არ მოსწონთ. ისინი აღნიშნავენ, რომ გამზარდია საკმაოდ მკაცრი იყო შეფასებისას, მაგრამ მათი აზრით, ეს არ ნიშნავს, რომ ცუდი ლექტორი იყო. ზოგიერთი მათგანი იმასაც ამბობს, რომ სპეციალურად არჩილ გამზარდიას საგნის გამოცხადებას ელოდებოდა, რომ აერჩია.

„მენეჯმენტის საფუძვლებს ვსწავლობდი არჩილთან და PR–ის საფუძვლების გავლას ვაპირებდი. არჩილ გამზარდიას საგანში ყველაზე დაბალი შედეგი მქონდა, რაც კი ოდესმე მიმიღია ცხოვრებაში. თუმცა ეს არ მიშლის ხელს იმის აღიარებაში, რომ არჩილი საუკეთესო ლექტორია საუკეთესოთა შორის და მის საგანში დიდი ცოდნა და გამოცდილება შევიძინე. სპეციალურად არ ვირჩევდი ერთ საგანს – ველოდი როდის დაუბრუნებდნენ არჩილს, რომ მასთან გამევლო PR–ის საფუძვლები. საგნის დაბრუნების ნაცვლად კი, საერთოდ უშვებენ უნივერსიტეტიდან. ეს უდიდესი მცდარი ნაბიჯი იქნება ადმინისტრაციის მხრიდან, რადგან არჩილისნაირი პროფესიონალი დასაკარგი არ არის. არ ვიცი, რამდენად შეესაბამება სიმართლეს (და იმედი მაქვს არ შეესაბამება), რომ მისი გათავისუფლება პოლიტიკური მოტივებითაა განპირობებული. უნივერსიტეტისთვის, რომელსაც თავი მოაქვს ლიბერალიზმითა და არჩევანის თავისუფლებით, მსგავსი საქციელი სამარცხვინოა. სტუდენტებს გვსურს არჩილი ილიაუნში და იმედია, ჩვენს სურვილს გაითვალისწინებენ!“ – გვითხრა ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტის მე–3 კურსის სტუდენტმა ნანა დანელიამ.

ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტის მეორე კურსის სტუდენტის მაკა გიგაურის თქმით, ძალიან ბევრ სტუდენტს გაუჩნდა არჩილ გამზარდიას გაშვებასთან დაკავშირებით პროტესტის გრძნობა.

„ბატონ არჩილზე შემიძლია გითხრათ, რომ ის არის საუკეთესო ლექტორი ვისთანაც მისწავლია. პირდაპირ რომ გითხრათ, სტუდენტები ვგიჟდებით, ისე გვიყვარს და მისი გაშვების ამბავი საშინელებაა ჩვენთვის. არ დავუშვებთ მის გაშვებას უნივერსიტეტიდან. რაც შეგვიძლია, გავაკეთებთ და ასეთ მაგარ ლექტორს არ დავთმობთ! მის განათლებაზე და კომპეტენტურობაზე აღარაფერს ვიტყვი. ეს ყველასთვის ცნობილია! ამას გარდა არჩილი არის სტუდენტების საუკეთესო მეგობარი. ჩვენ მაქსიმალურად შევეცდებით და გავაკეთებთ ყველაფერს, რაც შეგვიძლია – აქციის სახით იქნება თუ სხვა რამ, ჯერ არ გადაგვიწყვეტია. თვითმმართველობა აპირებს ამასთან დაკავშირებით საუბარს ადმინისტრაციასთან და აუცილებლად მოვიფიქრებთ რამეს!“  – აღნიშნა  მაკა გიგაურმა.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თვითმმართველობას ასევე უარყოფითი რეაქცია აქვს იმასთან დაკავშირებით, რომ უნივერსიტეტში არჩილ გამზარდია აღარ იქნება.

„ეს არის ძალიან ცუდი ფაქტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობა დაინტერესდება ამ თემით და მოითხოვს ახსნა-განმარტებას ბიზნესის დეკანატისგან და რექტორისგან. არჩილი არის ნამდვილად კარგი ადამიანი და განათლებული ლექტორი, თავისი საქმის პროფესიონალი, სტუდენტები ძალიან დიდ პატივს სცემენ, მისი პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლება, თუ ეს ნამდვილად დადგინდა, ჩვენ აუცილებად მივიღებთ შესაბამის ზომებს“, – აცხადებენ ილიაუნის სტუდენტურ თვითმმართველობაში.

Studinfo.ge-მ კომენტარი სთხოვა ნინო პატარაიას და უნივერსიტეტის პრესსამსახურს. პრესსამსახურში გვითხრეს, რომ ნინო პატარაია ჰარვარდის უნივერსიტეტში მივლინებით იმყოფებოდა და არჩილ გამზარდიას საპასუხოდ განცხადებას ბიზნეს სკოლა მოგვიანებით გაავრცელებდა.

გუშინ გვიან ღამით ილიას უნივერსიტეტი შემდეგი განცხადებით გამოეხმაურა მოვლენებს:

8 დეკემბერს ინტერნეტსივრცეში გავრცელდა ინტერვიუ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის მოწვეულ ლექტორთან, არჩილ გამზარდიასთან. ინტერვიუში ბატონი არჩილ გამზარდია ამტკიცებს, რომ უნივერსიტეტში მიმდინარეობს მისი შევიწროება პოლიტიკური მოტივით.

გვინდა განვაცხადოთ, რომ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისათვის აკადემიური თავისუფლება წარმოადგენს უმნიშვნელოვანეს ღირებულებას, რომლის პოლიტიკური თუ სხვა მოსაზრებებით შეზღუდვა პრინციპულად მიუღებელია. ამას ადასტურებს თუნდაც ის ფაქტი, რომ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორებსა და ლექტორებს შორის არიან როგორც მოქმედი, ისე ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები. ნებისმიერი თანამშრომლის შერჩევისას უნივერსიტეტი ხელმძღვანელობს არა მისი პოლიტიკური სიმპათიებით, არამედ ისეთი კრიტერიუმებით, როგორებიცაა: უნივერსიტეტის საჭიროებები, კანდიდატის პროფესიონალიზმი და უნივერსიტეტში მოქმედი ეთიკური ნორმების დაცვისათვის მისი მზადყოფნა.

რაც შეეხება ბრალდებას: ბატონმა არჩილ გამზარდიამ 2014-2015 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე უნივერსიტეტის ბიზნესის ფაკულტეტის დეკანატს მოგვმართა თხოვნით, შეგვემცირებინა მისთვის საათობრივი დატვირთვა, რადგან მას უნდა წაეყვანა გადაცემა 20/30. იმისთვის, რომ არ შეფერხებულიყო სასწავლო პროცესი, ჩვენ ფორსმაჟორულ სიტუაციაში მოვიწვიეთ ლექტორები და, ასევე, არსებულ ლექტორებზე გადავანაწილეთ დარჩენილი სალექციო საათები.

მას შემდეგ, რაც შეწყდა ბატონი არჩილის საქმიანი ურთიერთობა გადაცემა 20/30-თან, მან, 2015-2016 წლის შემოდგომის სემესტრში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში აიღო იმაზე ნაკლები მოცულობის სასწავლო დატვირთვა, ვიდრე მას ფაკულტეტი სთავაზობდა, რადგან, როგორც ის ამბობდა, მას ჰქონდა შემოთავაზება სხვა უნივერსიტეტის მხრიდან.

გვინდა განვაცხადოთ, რომ ფაკულტეტსა და ბატონ არჩილ გამზარდიას შორის არ განხილულა ხელშეკრულების არგაგრძელების საკითხი. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ამ დრომდე ბატონ არჩილ გამზარდიას ოფიციალურად არ მიუმართავს არც ფაკულტეტისთვის და არც უნივერსიტეტის ადმინისტრაციისთვის რაიმე პრეტენზიით.

ყოველივე აქედან გამომდინარე, ჩვენთვის გაუგებარია ბატონი არჩილ გამზარდიას ბრალდება უნივერსიტეტის მიმართ. აღნიშნული ინფორმაციის საფუძველზე, ფაკულტეტი მიმართავს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციას, დაიწყოს მოკვლევა უნივერსიტეტის ეთიკის კოდექსითა და შინაგანაწესით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების წესის მიხედვით“.

იხილეთ ასევე: რა პრობლემები აწუხებთ სტუდენტებს

ავტორი: ცისანა შერგილაშვილი

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები