თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარის, თამარ ტალიაშვილის განცხადებით, მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე სოციალურად დაუცველი სტუდენტების დაფინანსება 100%-მდე გაიზრდება;
„თბილისის საკრებულომ დღეს სოციალურად დაუცველი სტუდენტების დაფინანსების წესი დაამტკიცა, რომლის მიხედვითაც მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე სტუდენტებს სწავლის 100%-იანი დაფინანსების შესაძლებლობა ეძლევათ. მოცემული კრიტერიუმით ჩვენ სოციალური შემწეობის პროგრამა დამატებით გრძელვადიან საგანმანათლებლო ეფექტის მქონე ინიციატივად ვაქციეთ.
[textmarker color=F3F781]✔ეძებ IT ინჟინერიის შემსწავლელ კურსებს? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე[/textmarker].
ერთმნიშვნელოვნად, ეს არის სოციალურად დაუცველი ოჯახების პირობების გაუმჯობესება, ვინაიდან ისინი განსაკუთრებულ მზრუნველობას საჭიროებენ და ეს ჩვენი ხელისუფლების პრიორიტეტია. ამ წესის თანახმად, სტუდენტები დაფინანსებას 2016 წლის 1 იანვრიდან მიიღებენ.
დღემდე, სოციალურად დაუცველი სტუდენტები მუნიციპალური ბიუჯეტიდან, უმეტესწილად დამკვიდრებული პრაქტიკით, მხოლოდ 50%-ით ფინანსდებოდნენ. დღევანდელი მონაცემებით, 2015 წელს 1700-მდე სოციალურად დაუცველმა სტუდენტმა 50%-იანი დაფინანსება მიიღო. ახალი წესის თანახმად, 91-დან – 100-მდე საშუალო ქულის მქონე სოციალურად დაუცველი სტუდენტები 100%-ით დაფინანსდებიან, ხოლო 71–დან – 90-მდე საშუალო ქულის სტუდენტებს სწავლის საფასურის 70%-ით დაფარვის საშუალება ეძლევათ, 51-დან – 70-მდე ქულის მქონე სტუდენტებს კი 50%-ის.” – განაცხადა თამარ ტალიაშვილმა.