რატომ დაინიშნა სოხუმის უნივერსიტეტში თვითმმართველობის რიგგარეშე არჩევნები

ინტერვიუ

რა გახდა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტური თვითმმართველობის რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის მიზეზი.

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტური თვითმმართველობის რიგგარეშე არჩევნები დაინიშნა. არჩევნები თვითმმართველობის პრეზიდენტის ლაშა გაზდელიანის განკარგულებით 10 დეკემბერს უნდა ჩატარდეს. რა გახდა რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის მიზეზი და მიიღებს თუ არა მოქმედი პრეზიდენტი მასში მონაწილეობას, ამის შესახებ ლაშა გაზდელიანი Aris.ge -განათლებას ესაუბრება.

tvitmmartv

რატომ დაინიშნა  თვითმმართველობის რიგგარეშე არჩევნები სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში?

თვითმმართველობის დელეგატთა რაოდენობა 2/3 -ს ჩამოცდა. ზოგიერთმა განცხადების საფუძველზე დატოვა თვითმმართველობა, ზოგმა სწავლა დაამთავრა. დებულებაში წერია, როდესაც დელეგატთა რაოდენობა ჩამოცდება 2/3-ს, უნდა დაინიშნოს რიგგარეშე თვითმმართველობის არჩევნები. თუ დელეგატთა მცირე რაოდენობა ამთავრებს უნივერსიტეტს, მაგრამ ეს რიცხვი 2/3-ს არ ჩამოცდება, მაშინ ინიშნება შუალედური არჩევნები, მაგრამ ახლა დაირღვა თვითმმართველობის ლეგიტიმაცია და დაინიშნა რიგგარეშე თვითმმართველობის არჩევნები. 71 დელეგატი იყო თვითმმართველობაში და დარჩა მხოლოდ 42.

რომელი სტუდენტური გაერთიანებები მონაწილეობს არჩევნებში?

სტუდენტური ორგანიზაციები არ გვაქვს. რადგან არჩევნები მაჟორიტარული სისტემით ტარდება, ინდივიდუალურად ყველას შეუძლია შეიტანოს განაცხადი და მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა. აირჩევა 71 დელეგატი და ეს 71კაციანი კრება აირჩევს ახალ თვითმმართველობის პრეზიდენტს.

რამდენი კანდიდატი მონაწილეობს არჩევნებში?

რეგისტრაცია ჯერ არ დაწყებულა. ხუთშაბათიდან დაიწყება და 2 კვირის განმავლობაში გაგრძელდება. შემდეგ გვეცოდინება ზუსტი რიცხვი.

კვლავ აპირებთ არჩევნებში მონაწილეობას?

კი, რა თქმა უნდა. ამჯერად მაგისტრატურის მეორე კურსზე ვსწავლობ, როცა დავამთავრებ, ვაპირებ, დოქტორანტურაზე ჩავაბარო და თუ ამირჩიეს კვლავ პრეზიდენტად, ავტომატურად გამიგრძელდება უფლებამოსილება.

რას ითვალისწინებს თქვენი საარჩევნო პროგრამა?

საარჩევნო პროცესები არ დაწყებულა. იქითა კვირიდან დაიწყება სტუდენტებთან შეხვედრები და სხვადსხვა ტიპის აგიტაციები. ვინ მიიღებს მონაწილეობას, ეს ინფორმაცია ჯერ არ გვაქვს, რადგან დარეგისტრირების პროცესი ჯერ არ დაწყებულა, მაგრამ ახლანდელი დელეგატებიდან მაქვს ინფორმაცია, რომ რამდენიმე კვლავ აპირებს არჩევნებში მონაწილეობას. ჩვენი მიზანი იქნება სტუდენტური ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლა. ძირითადი მესიჯია აქტიური სტუდენტური ცხოვრება.

საარჩევნო კომისიის დაკომპლექტება როგორ მოხდა?

საარჩევნო კომისიის წევრებს დებულებით ნიშნავს მოქმედი თვითმმართველობის პრეზიდენტი.

რა თანხებთანაა დაკავშირებული თვითმმართველობის რიგგარეშე არჩევნების ჩატარება სოხუმის უნივერსიტეტში?

ამაზე ჯერ უნდა ჩამოვყალიბდეთ. დაგვჭირდება სასტამბო მომსახურება, თვითონ საარჩევნო კომისიის წევრების ხელფასები, ყუთები და ა.შ. ეს ყველაფერი დასაჯამებელია და მერე გვეცოდინება ზუსტად ბიუჯტის შესახებ.

იხილეთ ასევე: სტუდენტი ამბობს! გააპროტესტე უსამართლობა!

ავტორი: ცისანა არის© შერგილაშვილი

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები