ქართველი სტუდენტის იდეით ამერიკული მუზეუმები ინტერესდებიან

ინტერვიუ

ქართული კულტურის პოპულარიზაცია, ქვეყნის ცნობადობის გაზრდა და უცხოელი ტურისტების დაინტერესება – ეს არის მთავარი  მოტივები, რომლებიც საფუძვლად დაედო საქართველოში უძველესი ღვინის შემეცნებითი მუზეუმის კონცეფციის შექმნას.  იდეა  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულს, ამჟამად კი სამხრეთ იუტას უნივერსიტეტის არტ-ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამის სტუდენტს დათო ნადირაძეს ეკუთვნის.

[textmarker color=A9F5F2]✔  დაინტერესებული ხარ ფსიქოლოგიის შესწავლით? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე[/textmarker].

იგი ამბობს, რომ პროექტის განხორციელება რეალურია და ამაზე მოწმობს ის შეფასებები და გამოხმაურება, რაც იდეის პრეზენტაციას მოყვა. მსოფლიო უძველესი ღვინის შემეცნებითი მუზეუმის კონცეფციის პოსტერის პრეზენტაცია ამერიკის სამხრეთ შტატების მუზეუმთა ასოციაციის კონფერენციაზე გაიმართა. 6 – 10 ოქტომბერს გამართულ  ღონისძიებას 250-მდე ამერიკული მუზეუმის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

1

იდეის ავტორის განცხადებით,  საქართველო, როგორც  უძველესი ღვინის მწარმოებელი ქვეყანა მსოფლიოში  ამ კუთხით  ნაკლებად არის ცნობილი – სწორედ ამიტომ, უნდა განხორციელდეს ახალი იდეები, რომლებიც ხაზს გაუსვამს ქართული  კულტურის სიძველეს და რაც მთავარია, დააინტერესებს თავგადასავლების მოყვარულ ადამიანებს, იმოგზაურონ საქართველოში.

– რა თავისებურებები აქვს პროექტს და რით იქნება განსხვავებული ქართულ რეალობაში?

– ასეთი მუზეუმი საქართველოსთვის სიახლეა. ის  დაფუძნებულია საბჭოს საზოგაგოებრივ მმართველობაზე, საზოგადოებრივ დაფინანსებაზე, მარკეტინგულად ინტეგრირებულია ტურიზმთან და რაც მთავარია, მისი კონცეფცია შემეცნებითია –  ანუ ვიზიტორებს შეუძლიათ თავად აღმოაჩინონ და გათხარონ უძველესი არტეფაქტები, იხილონ თანამედროვე ინსტალაციებით შესრულებული, კინეტიკურად აგებული ღვინის დაყენების პროცესი; დატკბნენ პანორამული ხედებით და ბოლოს – დააგემოვნონ ქართული მრავალფეროვანი ღვინო.

2

დათო ნადირაძის თქმით, პროექტის იდეა ჯერ კიდევ საქართველოში ყოფნის დროს გაუჩნდა.

„უბრალოდ არ მყოფნიდა ცოდნა, ჩამომეყალიბებინა მსოფლიო დონის შემეცნებითი მუზეუმის კონცეფცია თავისი განხორციელების გზებით“,- აღნიშნა ნადირაძემ.

ქართველი სტუდენტი უკვე 2 თვეზე მეტია აშშ-ში სწორედ კულტურისა და არტ-მიმართულებით სწავლობს.  განათლების საერთაშორისო ცენტრის სტიპენდიანტი ამბობს, რომ ქვეყანაში დაბრუნების შემდეგ სხვადასხვა საინტერესო იდეით საქართველოს პოპულარიზაციას შეეცდება.

ნადირაძე აღნიშნავს, რომ ღვინის შემეცნებითი მუზეუმი, პირველ რიგში, ქვეყანას მოუტანს მსოფლიო ცნობადობას, რადგან ასეთი მასშტაბური მუზეუმი მსოფლიოში ჯერ არ არსებობს.  მისივე თქმით, პროექტი  ქართულ იდენტობას გაამყარებს და  საქართველოს ღვინის მწარმოებელ რეგიონებში ტურიზმს განავითარებს, ეს ყველაფერი კი   ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებას შეუწყობს ხელს და, რაც მთავარია,  საქართველო, როგორც უძველესი ღვინის ქვეყნის ბრენდად ჩამოყალიბდება.

– რამდენად მნიშვნელოვანია მსგავსი პროექტი ქვეყნისთვის?

– ასეთი მუზეუმის განხორციელების შემთხვევაში საქართველოში შეიქმნება პრეცედენტი ახალი მეთოდის ორგანიზაციული  მმართველობა დამკვიდრდეს.   შეიქმნება ისეთი საზოგადოებრივი სივრცე, რომელიც ჩვენი საზოგადოების კოლექტიური ცნობიერების ანარეკლი იქნება, რა თქმა უნდა, ექსპერტების თანამონაწილეობით.

ქართველი სტუდენტი მიიჩნევს, რომ ღვინის კულტურის და ტრადიციების  სათანადოდ გამოყენება მნიშვნელოვანი ბერკეტია და სწორი მენეჯმენტის პირობებში, საქართველო ერთგვარი ღვინის კულტურის ცენტრად შეიძლება წარმოჩინდეს.

-ფაქტია, რომ ღვინის ექსპორტს საქართველო აფართოებს და უფრო მეტი ადამიანი აგემოვნებს ქართულ ღვინოს, რომელიც თანამედროვე ტექნოლოგიითაა დამზადებული, მაგრამ ცოტამ თუ იცის უძველესი ღვინის წარმოების ტექნიკისა და ქვევრის შესახებ, რასაც ღვინის ეტიკეტზე ვერ დაწერ,- განაცხადა ნადირაძემ.

ის ასევე ამბობს, რომ ქართული კულტურის პოპულარიზაცია  უპირველესად   საერთაშორისო პარტნიორების და საელჩოების მეშვეობით, მეორე მხრივ კი კულტურული და სახელოვნებო ასოციაციების  ინფორმირებით არის შესაძლებელი, რომლებიც საკმაოდ დიდ სარგებელს სთავაზობენ მუზეუმებსა და კულტურულ ორგანიზაციებს.

-როგორ აისახება იდეა ტურიზმის განვითარებაზე და ზოგადად, პროფესიული გადმოსახედიდან, რა ვითარებაა ქართული კულტურის სფეროში?

-გამომდინარე იქიდან, რომ მუზეუმის დაგეგმარება და მარკეტინგი ინტეგრირებულია ტურიზმთან, ეს უკვე თავისთავად ზრდის წარმატების შანსებს. რაც შეეხება ქვეყნის მიერ გამოყენებულ რესურსს,  ვიტყოდი, რომ ამ ეტაპზე უსამართლობაა ქვეყნის დადანაშაულებ. კულტურისა და ხელოვნების მენეჯმენტის სისტემაში დაახლოებით 30 წლით ჩამოვრჩებით თანამედროვე სამყაროს. მაშინ, როცა ქვეყანას სულ რამდენიმე არტ-მენეჯერი/ადმინისტრატორი ჰყავს, რთულია ისაუბრო რესურსის სრულად გამოყენებაზე, რომელიც უზარმაზარია: აუქციონები, მცირე ინვესტიციები, მცირე სახელოვნებო საწარმოების განვითარება, ონლაინ და ჩუმი აუქციონების ორგანიზება, თეატრებისა და კონცერტების ბილეთების მარკეტინგული სისტემების ათვისება, ვიდეო/აუდიო გაქირავების სისტემები და ა.შ. ამ სისტემებს სერიოზულად შეუძლია რამდენიმე წელიწადში ქვეყნის ეკონომიკის ნაწილი შეადგინონ, რა თქმა უნდა, თუ დავიწყებთ მათ განვითარებას.

3

რაც შეეხება საკითხს – არიან თუ არა ქართული ოფიციალური უწყებები საქმის კურსში ამ იდეის შესახებ და არის თუ არა სათანადო დაინტერესება, ნადირაძე ამბობს, რომ ჰქონდა მცდელობა დაკავშირებოდა სხვადასხვა უწყებებს სტრატეგიული თანამშრომლობისთვის.

-დავუკავშირდი საგარეო საქმეთა სამინისტროს, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, მაგრამ  პასუხი ჯერ არ მიმიღია და ველოდები.  სახელმწიფოს მხრიდან ასეთი  იდეების განხორციელების  მხარდაჭერა პირდაპირ უნდა იყოს გამოხატული, მაგრამ ეს პრობლემა ბევრ განვითარებულ ქვეყანაში დგას, რადგან კულტურის მნიშვნელობის გაგება საკმაოდ დაბალია, – აღნიშნა ნადირაძემ.

ავტორი: გიორგი ხუხია

 

 

 

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები