იყო და არა იყო რა, ერთ უნივერსიტეტში სწავლობდა წითელქუდიანი სტუდენტი, რომელიც მართალია შიგადაშიგ ზარმაცობდა, მაგრამ ასე თუ ისე ნორმალური ქულები ჰქონდა.
პირველ კურსზე სტუდენტი წითელი ქუდით მოვიდა, ამის მერე მას კურსელები წითელქუდას ეძახდნენ.
[textmarker color=A9F5F2]✔ დაინტერესებული ხარ ფსიქოლოგიის შესწავლით? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე[/textmarker].
ერთხელ წითელქუდამ გადაწყვიტა თავისი დამშეული GPA მოენახულებინა და მისთვის ქულები მიეტანა, რათა აემაღლებინა. მოიმარაგა კონსპექტები, ყვითელი მარკერით აჭრელებული ქსეროასლები და გაუდგა გრძელ და სახიფათო გზას.
ნახევარი გზაც არ ჰქონდა გავლილი, როცა კოლოკვიუმი შეხვდა.
კოლოკვიუმმა მისი ქულების შეჭმა მოინდომა და წითელქუდას უთხრა:
-რად გინდა ეს კონსპექტები, გადაყარე, დაბრუნდი სახლში სადაც შენი კომპიუტერი გელოდება, შეამოწმე Facebook-ი, იქნებ ვინმემ მოგწერა, უყურე ფილმებს, რისთვის უნდა გაიარო ამხელა გზა?!
-GPA უნდა ვნახო, კონსპექტები იმისთვის მომაქვს რომ ავამაღლო და ცოტათი მოვაღონიერო, უკან არ დავბრუნდები. – მტკიცედ მიუგო წითელქუდამ.
-ძალიან დაბალია შენი GPA? – ჰკითხა კოლოკვიუმმა.
-საკმაოდ. – უპასუხა სტუდენტმა.
-მეც მინდა შენი GPA-ს შეცვლა, ვნახოთ ვინ ვის დაასწრებს. – ჩაიქირქილა კოლოკვიუმმა და დროებით თვალს მიეფარა.
წითელქუდამ იცოდა რომ წინ გრძელი გზა ედო, გზადაგზა კონსპექტებს კითხულობდა და გადაყვითლებულ ადგილებს იზეპირებდა. როცა GPA-ს მიუახლოვდა დაინახა, რომ კოლოკვიუმი, რომელიც უკვე გამოცდად ქცეულიყო, იქ ელოდებოდა. მას GPA ერთიანად გადაესანსლა და ავი თვალებით უყურებდა სტუდენტს.
-რატომ ხარ ასეთი რთული? – ჰკითხა წითელქუდამ
-იმიტომ რომ საკმარისად არ გიმეცადინია. – მიუგო გამოცდამ.
-რატომ ხარ ასეთი ავი?
-იმიტომ რომ ავმა ადამიანებმა შემქმნეს!
წითელქუდამ ხმის ამოღებაც ვეღარ მოასწრო რომ გამოცდა მივარდა და ერთიანად გადასანსლა.
საბედნიეროდ ამ დროს ის გადაბარების უფლებით იყო აღჭურვილი, რომლის გამოყენებითაც გამოცდას მუცელი გაუჭრა და თავი დააღწია, GPA-ც გამოათრია მისი ფაშვიდან და წვითა და დაგვით მოპოვებული ქულები ჩაუჩხრიალა, რის შემდეგაც ის საგრძნობლად მოღონიერდა და სიმაღლეშიც გაიზარდა.
ჭირი იქა,
ლხინი აქა.