2015 წლის 22-24 ოქტომბერს საბერძნეთის როდოსის მუნიციპალიტეტის კულტურა – თანამშრომლობისათვის ფონდისა და ათენის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტის მიერ ორგანიზებული იქნება რიგით მეორე კულტურის საერთაშორისო სასწავლო პროგრამა, თემაზე „საჯარო და კულტურული დიპლომატია კრიზისის დროს“.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნულ პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ მაგისტრის ან დოქტორის აკადემიური ხარისხის მქონე აპლიკანტებს ან მაგისტრატურისა და დოქტორანტურის დამამთავრებელი კურსის სტუდენტებს, ასევე ახალგაზრდა მკვლევარებს, კულტურის მენეჯერებსა და ახალგაზრდა დიპლომატებს.
ყველა მონაწილისათვის სავალდებულოა ინგლისური ენის ცოდნა.
პროგრამა მიზნად ისახავს სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელთა გაერთიანებას საჯარო და კულტურულ დიპლომატიასთან დაკავშირებული საკითხების განსახილველად, თეორიული და პრაქტიკული ცოდნის გასაზიარებლად. წლევანდელი ღონისძიების ფარგლებში ყურადღება გამახვილდება ევროკავშირის ფარგლებში არსებულ კრიზისთან დაკავშირებულ საკითხებსა და განვითარების შესაძლებლობებზე ევროპის უკეთესი მომავლისათვის. სასწავლო კურსი მოიცავს ხმელთაშუა ზღვის არეალსა და ევროპაში არსებულ პოლიტიკურ, კულტურულ და ეკონომიკურ გარემოსთან დაკავშირებულ თემებს.
[textmarker color=fdf401]✔ გსურს სწავლა საზღვარგარეთ? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე[/textmarker].
კურსზე რეგისტრაციის მსურველებმა უნდა შეავსონ აპლიკაციის ფორმა და გააგზავნონ რეზიუმე ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: [email protected].
სურვილის შემთხვევაში, მონაწილეებს შესაძლებლობა აქვთ, წარადგინონ საკუთარი აკადემიური ნაშრომი. კურსის დასრულების შემდეგ ყველა მონაწილეს გადაეცემა სერტიფიკატი და მათი ნაშრომები ელექტრონული სახით გამოქვეყნდება.
პროგრამაში მონაწილეობის ღირებულებაა 300 ევრო, რაც მოიცავს:
- როდოსის ცენტრთან ახლოს არსებულ სასტუმროში განთავსებას;
- საუზმე, ლანჩი და სადილი;
- ექსკურსია, კულტურული, სოციალური და არაფორმალური აქტივობები
- სასწავლო მასალები.
აპლიკაციების გაგზავნის ბოლო ვადაა 2015 წლის 25 სექტემბერი.
დამატებითი ინფორმაცია პროგრამის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ვებგვერდზე.