როცა მთვრალი ხარ, სამყარო ისევ სადღაც აქვეა, ოღონდ ეგ არის, რომ კისერში აღარ გიჭერს.
[textmarker color=”e0f3ff”] ✔ იცი ინგლისური? შეარჩიე საჭირო დონის კურსები edu.aris.ge-ზე! [/textmarker].
-როდის დაიწყე წერა?
-35 წლის ასაკში.
-არაერთმა კრიტიკოსმა შენიშნა, რომ შენი ნაწარმოებების უმეტესობა ავტობიოგრაფიულია. რა კომენტარს გააკეთებდი ამასთან დაკავშირებით?
-თითქმის ყველა ეგრეა, ასიდან ოთხმოცდაცხრამეტი მაინც ავტობიოგრაფიულია.
-მინდა ყურადღება გავამახვილო შენს ერთ-ერთ ნაწარმოებზე, რომელიც ბოლოს გამოაქვეყნე – „გაიქეცი დევნილთან ერთად“ – ამ პოემაში აღწერილი ქალი მართლა არსებობს შენს ცხოვრებაში?
-არა, ეს ერთი კონკრეტული ქალი არაა, ის რამდენიმე ნაცნობი ქალისაგან შემდგარი ინდივიდია: ლამაზი, გრძელფეხება, არც ბოლომდე ძუკნა, ნამთვრალები ღამის ქმნილება. მაგრამ ის ნამდვილად არსებობს სხვადასხვა სახელით.
-რატომ არ მოგწონს ადამიანები?
-ვის მოსწონს ადამიანები? მანახე ვინმე ეგეთი და გეტყვი რატომაც არ მომწონს. წერტილი. ახლა კი კიდევ ერთი ქილა ლუდი უნდა დავლიო.
-შენი აზრით, ვინაა მსოფლიოს საუკეთესო პოეტი?
-რთული შეკითხვაა. ჩვენ გვყავს ეზრა პაუნდი და გვყავს ტომას ელიოტი, მაგრამ ამჟამად არც ერთი მათგანი არ წერს. ამიტომ „მოქმედი“ პოეტებიდან ლარი იგნერის (Larry Eigner) დასახელება მომიწევს.
-რა აზრის ხარ ჰომოსექსუალ პოეტებზე?
-ჰომოსექსუალები დელიკატურები არიან, დელიკატური პოეზია კი ცუდი პოეზიაა. მართალია, გინსბერგმა ამ მხრივ გადატრიალება მოახდინა და „ჰომოსექსუალური პოეზია“ ძლიერ პოეზიად აქცია, მაგრამ საბოლოო ჯამში, გეი გეიდ დარჩება და ის კარგ პოეტად ვერ იქცევა.
-უფრო სერიოზულ თემას რომ შევეხოთ, რა გავლენა აქვს მიკი მაუსს ამერიკელების წარმოსახვაზე?
-ესეც ძალიან რთული შეკითხვაა. ვიტყოდი, რომ მიკი მაუსს უფრო დიდი გავლენა აქვს ამერიკელებზე, ვიდრე შექსპირს, მილტონს, დანტეს ან ვან გოგს.
-როგორ მოგწონს ლოს-ანჯელესში წერა?
-არ აქვს მნიშვნელობა რა ადგილას წერ. თუ გაქვს კედლები, საბეჭდი მანქანა, ფურცლები და ლუდი, შეგიძლია ვულკანის კრატერზეც წერო.
-როგორ ხედავ საკუთარ მომავალს ახლა, როცა ყველას უნდა, გამოაქვეყნოს ბუკოვსკის ნაწერები?
-აქამდე ხეივნებში დათრობამდე ვსვამდი ხოლმე და ალბათ მომავალშიც იმავეს ვიზამ. ბუკოვსკი? ვინაა ის? მე წავიკითხე რას წერენ მის შესახებ და მას არაფერი აქვს საერთო ჩემთან.
-რა გავლენა მოახდინა ალკოჰოლმა შენს შემოქმედებაზე?
-ვერ ვიხსენებ, რამე ისე დამეწეროს რომ აბსოლუტურად ფხიზელი ვყოფილიყავი. მაგრამ რამდენიმე ცუდი და კარგი ნაწარმოები ნაბახუსევზე ნამდვილად დამიწერია, როცა ვერ გადამეწყვიტა დამელია თუ არა დამატებით.
-მართლა ფიქრობ, რომ მსოფლიოში არსებულ დღევანდელ წესრიგს ბოლო მოეღება?
-დიახ, ეს დროის საკითხია. ოდესმე გამოჩნდება ვინმე გადარეული, რომელიც ძალაუფლებას ხელში ჩაიგდებს და ყველას ჯოჯოხეთში გაგვგზავნის.
-და როგორ ხედავ პოეტის როლს ანარქიულ მსოფლიოში?
-არ მომწონს ამ შეკითხვის ფორმა. პოეტს როლი თითქმის არ გააჩნია და როცა ის შეეცდება, დატოვოს თავისი კომფორტის ზონა და იყოს ძლიერი, როგორც ეს ჩვენმა ძვირფასმა ეზრა პაუნდა სცადა, მას აუცილებლად მოხვდება პატარა ვარდისფერ უკანალზე. პოეტი ნახევრად კაცია და მას არ გააჩნია შესაძლებლობა წინ გაუძღვეს ნამდვილ კაცებს, როცა საქმე სისხლზე თუ სიმამაცეზე მიდგება. ასეთია ჩემი პასუხი, რომელსაც მიიღებ შენ მიერ დასმულ კითხვაზე.
-თავად თუ მიიღე პასუხები, ამ სიტყვების უნივერსალური გაგებით?
-არა, რა თქმა უნდა. უნივერსალური გაგებით ერთადერთი, რასაც იღებ, საფლავის ქვაა, ეგეც მაშინ, თუ გაგიმართლა, თუ არა – მწვანე მდელოს უნდა დასჯერდე.
-ანუ უნდა დავტოვოთ გემი თუ დავრჩეთ და იმედიანად ვიყოთ?
-რა საჭიროა ეს კლიშეები? კარგი, ნუ დავტოვებთ გემს. საერთო ძალისხმევითა და მონდომებით შეგვიძლია კაცობრიობის კარკასი მაინც ვიხსნათ ჩაძირვისაგან.
ინტერვიუ გამოქვეყნდა 1963 წელს