- წარმოიდგინეთ, სამარშრუტო ტაქსის მძღოლი ხართ და ჩვეულ რიტმში, მაღალ ხმაზე ქართული სალაღობო სიმღერების ფონზე, მიუყვებით აჭარის მაღალმთიან გზას. მგზავრებით სავსე ე. წ. ,,მარშრუტკის” ამ ჰარმონიას, ერთი უწყინარი ბებოს შეძახილი – ,,შვილო გააჩერე” – არღვევს. ყველას მზერა ავტომატურად ბებოს მიემართა, მათ შორის თქვენიც, რომელიც მგზავრობის საფასურის გადახდას ელოდებით. ნახეთ, რა ხდება! ბებო ჯიბიდან ნახევრად შეწითლებულ, შესაშური ზომის ვაშლს იღებს და გაწვდით. დიახ, რასაც თქვენ ფიქრობთ იგივე დაემართათ მგზავრებს, – გაიცინეს გულიანად და ყველა თქვენს რეაქციას დაელოდა. აი, თქვენ რას იზამდით არ ვიცი, მაგრამ მძღოლმა ბებოს ვაშლი ბუნებრივად გამოართვა, ჩაკბიჩა და მეტიც, უკან მიუბრუნა – ხურდა გეკუთვნითო.
[textmarker color=”e0f3ff”] ✔ იცი ინგლისური? შეარჩიე საჭირო დონის კურსები edu.aris.ge-ზე! [/textmarker].
- ცოტა ვინმე თუ მეგულება საქართველოში მცხოვრები, ვინც ერთხელ მაინც არ ყოფილა ბათუმში. ჰოდა, მათთვის, ვინც ყოფილხართ და იმათთვის, ვისაც ჯერ წინ გელოდებათ ეს სიამოვნება, რამდენიმე ,,მარგალიტი” მაქვს მომზადებული. ვინაიდან, არაერთი სატელევიზიო სიუჟეტი კეთდება, ბათუმის ზაფხულის ბომონდურ დასვენებასა და გართობაზე, მე აღარ შეგაწყენთ თავს და ადამიანურ/ყოფით შემთხვევებს მოგიყვებით. საღამოს, ბათუმის ბულვარში სანაპიროზე სეირნობისას, მოხარშული სიმინდის მადისაღმძვრელი სუნი, საკმარისი მიზეზი გახდა ჩემი და ჩემი შვილისთვის, რომ ორივე სასეირნო გემზე, ხელში სიმინდის ტაროებით ავსულიყავით. გამჭრიახი გამყიდველი, რომელმაც სიმინდის ქვაბთან მივარდნილ ბავშვს დახლიდან გადმოხედა, მარტივად მიხვდა, რომ ,,ნაღდი მყიდველები” ვიყავით და ერთი ტარო სიმინდი სამ ლარად დაგვიგფასა. გამეცინა, ბოლოს და ბოლოს, სამი დოლარი ხომ არ უთქვამს-მეთქი და ფული გავუწოდე. გულისხმიერმა გამყიდველმა კი დაამატა – ,,უკვე საღამოა და ამ ფასად ტურისტებისთვის სხვაგან ვეღარ იშოვიო”. ესე ამიხდეს ყველა სურვილი, როგორც იქვე, ორ ნაბიჯში შევხვდი ფაქტს – ,,ტურისტებისთვის ფასი”. ვაფლის ჭიქაში ჩამოსასხმელი ნაყინი, აი ის, მისი ფასი ერთ ლარს რომ არ სცდება, არც მეტი, არც ნაკლები, ექვს ლარად დაგვიფასეს. გირჩევთ, თქვენც გაგებით მოეკიდოთ ზაფხულის სეზონს ბათუმში.
- საბაგირო გზა, რომელიც ქალაქს ,,ბათუმ გორასთან” აკავშირებს, ერთ-ერთი სავიზიტო ადგილია, რომელიც ბათუმში ყოფნისას უნდა ნახო. ერთი მიმართულებით მგზავრობისას, კაბინაში 11 წუთს ატარებ, ჯამში ორივე გზა, – ასვლა-ჩამოსვლა 22 წუთს გართმევს. კაბინა 6-8 კაცზეა გათვლილი. როგორც კი ახვალ, თვალში შესამჩნევად გხვდება ერთ-ერთი კომპანიის (შეგნებულად არ ვასახელებ) სარეკლამო აბრები, ფაქტობრივად მონოპოლიურად. მთელი ინტერიერ-ექსტერიერი, მისი პლაკატებითაა გაფორმებული. ,,ბათუმ გორაზე” ასულს, აქვე გხვდება რესტორანი, ამავე კომპანიის ლოგოთი.
ბუნებრივია, ამაში ცუდი და მიუღებელი არაფერია. თუ არ ჩავთვლით იმას, რომ კომპანიას არ აქვს ამბიცია, კარგი სერვისი შესთავაზოს მომხმარებელს. საბაგიროს 6-8 კაციანი კაბინა, სეზონის ცხელ დღეებში, ტემპერატურის მაქსიმუმს აღწევს. მარტივი წარმოსადგენია მგზავრების მდგომარეობა, რომლებსაც იმ მომენტში, დამერწმუნეთ, მომხიბლავი სარეკლამო აბრის ნახვას, რამე გამაგრილებელი საშუალება ურჩევნიათ, თუნდაც ე.წ. ,,ვინტილიატორი”, რათა იმ 11 წუთის განმავლობაში სიცხისგან გული არ წაუვიდეს. ასევე, საყურადღებო სურვილია კომპანიის მესვეურთა გასაგონად, რომ იქ ვიზიტორებისთვის დამხვედრი რესტორანი, მინიმუმ პროფესიონალი და მაქსიმუმ კეთილგანწყობილი პერსონალით, უფრო მომგებიანია.
- ბათუმში, აჭარული ხაჭაპური ხომ უნდა ჭამო?! – კი, უნდა ჭამო. ხინკალიც ხომ უნდა დააგემოვნო?! – აბა, რა. ჰოდა, ამ უკანასკნელზე, დაუფიქრებლად შევაჩერე არჩევანი. ერთ-ერთი ცნობილი და სახელგანთქმული რესტორნის ვერანდაზე, 35 წუთის შემდეგ ხინკალი მოგვართვეს. მართლაც რომ, გამორჩეულად გემრიელი მეჩვენა. გარემოც სასიამოვნო იყო. არაშემაწუხებლად ისმოდა რესტორნის დარბაზიდან ცოცხალი შესრულებით ტაში-ტუშები და შეზარხოშებულ მოქეიფეთა ხმები. არ ვიცი, რატომ, მაგრამ, სასურველი მენიუს შეკვეთის შემდეგ, თანხა იქვე გადავიხადეთ. კარგად მახსოვს, მეოთხე ხინკალი რომ შევჭამე, ბუთქუნა მიმტანმა, რომელსაც დაღლილობა განსაკუთრებით ეტყობოდა და ამაში მისი შესამჩნევი ღიპიც დიდ როლს თამაშობდა, თეფშის გამოცვლა შემომთავაზა, იქვე, ჩემი მეგობრის დაუთანხმებლად, მისი თეფშიც გაიყოლა და სწრაფად ჩაუყვა კიბეს. გზად, ხვეწნა დავადევნე, – საფერფლე წაიღეს გამოსაცვლელად და იქნებ ისიც წამოგვიღო-თქო.
დაახლოებით 10-15 წუთის შუალედში, ვერანდაზე მიმტანის მსგავსი რომ არავინ გამოჩნდა, წამოსვლა გადავწყვიტეთ, თან უკვე გაცივებული ხინკალი უგემურად გამოიყურებოდა. საკმაო რაოდენობის საფეხურების ჩავლის შემდეგ, პირველ სართულზე აღმოვჩნდით. რესტორნის პერსონალს მადლობა გადავუხადეთ, თან ვთხოვეთ, – ვერანდაზე თეფშებს ელოდებიან და ცოტა იჩქარეთო.
P.S. იქით იყოს ხინკლის, შუაში შეწყვეტილი ჭამა, ლამის დოლარის ფასად ნაყიდი, მოხარშული სიმინდი, მგზავრობის ღირებულება – ერთი ცალი ვაშლი, ან თუნდაც, საბაგიროს კაბინაში ოფლად დაღვენთა. იყავით ლაღად, უკეთესი მომავლის იმედით.