ხარ ახალგაზრდა გოგო? დაჟინებით ჩაჰკირკიტებ ახლადდახვავებული ქსეროქსების დასტას? ან ხარ ბიჭი, რომელიც დაჟინებით ცდილობს იმავე დასტის უგულებელყოფას? მაშინ ნუღარ ფიქრობ, ეს მცნებები შენთვისაა!
[textmarker color=”e0f3ff”] ✔ იცი ინგლისური? შეარჩიე საჭირო დონის კურსები edu.aris.ge-ზე! [/textmarker].
მზად ხარ? მტკიცედ სდგა? რასაც ცოტა ხანში წაიკითხავ, შეიძლება შენი ცხოვრება ძირ-ფესვიანად შეცვალოს! ყურადღებით! თვალები ფართოდ განაღე, არაფერი გამოგეპაროს!!!
მაშ ასე, უცნობი მეცნიერული ჯგუფის, უცნობ მეთოდებზე დაყრდნობილი ხანგრძლივი ექსპერიმენტალური კვლევა-ძიების შედეგად ჩამოყალიბებულ იქნა 10 პრინციპი, ე.წ. სტუდენტების ათი მცნება, რომელიც ურყევ და დაურღვეველ ჭეშმარიტებად უნდა იქცეს თქვენთვის (წინააღმდეგ შემთხვევაში დაივიწყეთ მაღალი ხელფასი, ლამაზი კაბინეტი და წარმატებული მომავალი, ‘ბატონოთი’-ც არავინ მოგმართავთ!).
- ლექციებზე დასვი კითხვები, რომელთა პასუხიც უკვე იცი. რაც უფრო რთულია კითხვა, მით უფრო გაიზრდება შენი ავტორიტეტი ლექტორისა და თანაკურსელების თვალში. არსებობს ამგვარად წარმატების მიღწევის სხვა გზაც: რაც უნდა თქვას (არ აქვს მნიშვნელობა იგებ თუ ვერა) ლექტორს გამუდმებით უქნიე თავი (ისე რომ შეგამჩნიოს) და შიგადაშიგ გაუღიმე, აშკარა ხუმრობაზე კი (ხუმრობის ხარისხსც მნიშვნელობა არ აქვს) ხმამაღლა გაცინებასაც არ მოერიდო;
- ყველა ტრენინგი, რომელიც სერტიფიკატს გპირდება, გავალდებულებს მასში მონაწილეობას, რამდენი სერტიფიკატიც გაქვს იმდენი კაცი ხარ;
- სამოტივაციო წერილსა თუ გასაუბრებაზე აუცილებლად გაუსვი ხაზი იმას, რომ პროექტში მონაწილეობის დაუოკებელი სურვილი გაქვს (არამც და არამც არ ამხელ, რომ მთავარი მოტივაცია სერტიფიკატის აღებაა). ამგვარად, ადგილს თითქმის გაინაღდებ;
- აირჩიე რომელიმე იდეოლოგიური მიმდინარეობა და შემდეგ ყველგან, ყველასთან და ყოველთვის იტრიპაჩე მის შესახებ, ყველაფერში ჩააკვეხე არჩეული შეხედულებები და მერე შენად გაასაღე, თუ ძალიან ცნობილი არაა (ამ გზით მოიპოვებ ინტელექტუალის სახელს);
- გამოიყენე რაც შეიძლება ბევრი ნეოლოგიზმი (განსაკუთრებით ‘აცია’-ზე დამთავრებული), რთულად წარმოსათქმელი და იშვიათი სიტყვა, რომლის მნიშვნელობა თვითონაც ბოლომდე არ გესმის, მაგრამ დაახლოებით ხვდები რა კონტექსტში გჭირდება. ამგვარად, შენს წინადადებებს თანაკურსელების თვალში მეტი დამაჯერებლობა შეემატება;
- რაც უნდა კარგად იყო გამოცდისთვის მომზადებული ყველას გასაგონად ინერვიულე და იწუწუნე, თითქოს ვერაფერი მოასწარი და დაღუპული ხარ. ეს ერთი-ორად გაამძაფრებს გამოცდის წარმატებით ჩაბარების ეფექტს “არაფერი გაუკეთებია, მაგრამ მაინც მაგარია, რას ნიშნავს ნიჭი”-ს პრინციპით;
- აკრიტიკე ყველაფერი რისი გაკრიტიკებაც შეიძლება – ლექტორი, უნივერსიტეტი, ქვეყანა. თან აკრიტიკე შეუსვენებლად და ხმამაღლა. ეს შექმნის იმის ილუზიას, რომ შენ იჩაგრები, რადგან შენი ნიჭი მეტს იმსახურებს, ამიტომ ხშირად გამოიყენე ისეთი ფრაზები როგორიცაა: “რა გვეშველება?”; “ღმერთო, აქ რატომ მკლავ?” და ა.შ.;
- დაკნინდი, რათა განგადიდონ. შეეცადე საკუთარი თავი ისე გალანძღო, რომ ამით სხვები აღაშფოთო – როცა რამე საშუალოდ მნიშვნელოვანს გააკეთებ, ირონიულ-დამაკნინებლად შეაფასე ეს და ქება-დიდებაც უწყვეტ ნაკადად წამოვა;
- რამდენიც გინდა იბაქიბუქე, განადიდე საკუთარი თავი, შესაძლებლობები თუ ნიჭი, მაგრამ სანამ დაიწყებდე აუცილებლად წარუმძღვანე ეს მაგიური სიტყვები: “ამპარტავნობაში არ ჩამომართვათ, მაგრამ…” ან “ხომ იცით ჩემი თავმდაბლობის ამბავი, მაგრამ…” და ა.შ.;
- მეცნიერთა უცნობი ჯგუფი იმედოვნებს, რომ დარჩენილ ერთ, და სავარაუდოდ, ყველაზე მნიშვნელოვან მცნებასაც მალე გაშიფრავს. მანამდე კი წარმატებები თქვენ ამ სიბრძნის შესწავლაში, რომელიც ბევრმა თქვენგანმა უკვე ზედმიწევნით იცის.