ერთიანი ეროვნული გამოცდების მოახლოებასთან ერთად ბევრი ახალგაზრდა იმაზე ფიქრსაც იწყებს, როგორ უნდა შეძლოს სწავლის პარალელურად სამუშაოს დაწყება და დამოუკიდებელი შემოსავლის გამომუშავება. ამ თვალსაზრისით განსაკუთრებით დიდი „თავსატეხი“ რეგიონებიდან თბილისში ჩამოსულ ახალბედა სტუდენტებს უჩნდებათ. სწორედ რეგიონებიდან წამოსული ახალგაზრდები არიან სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტების უდიდესი ნაწილი.
გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ სტუდენტების უმეტესობას დედაქალაქში საკუთარი საცხოვრებელი არ გააჩნია, ამიტომ, ხშირ შემთხვევაში, ოჯახის ახლობლებთან ან ნაქირავებ ბინაში უწევთ ცხოვრება. ბინის ქირაობა კი თბილისში საშუალოდ 200 დოლარი ღირს. თუმცა, სტუდენტების დიდი ნაწილი ე.წ. იტალიურ ეზოებში განთავსებულ ფართებში ცხოვრობს, სადაც ყოველთვიური გადასახადი კორპუსის ბინებთან შედარებით, ნაკლებია. ასევე, ჩამოსული ახალგაზრდების ნაწილი საცხოვრებელს რამდენიმე ახალგაზრდასთან ერთადაც ქირაობს, ამით ყოველთვიური გადასახადის რაოდენობა უმცირდებათ და თანხას ზოგავენ.
[textmarker color=fdf401]✔ გსურს სწავლა საზღვარგარეთ? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე[/textmarker].
Aris.ge-განათლება დაინტერესდა მინიმუმ რამდენი სჭირდება სტუდენტს თბილისში სრულიად დამოუკიდებლად ცხოვრებისთვის. ამის დასადგენად წარმოგიდგენთ ერთი სტუდენტის ბიუჯეტს.
ლევან მიშველაძე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კურსის სტუდენტია. (ფოტოს მისივე თხოვნით არ ვასაჯაროებთ) დედაქაალქში საცხოვრებლად ბოლო ერთი წელია გადმოვიდა. ის სხვა ბევრი თანატოლის მსგავსად დამოუკდიებლად, ნაქირავებ ბინაში ცხოვრობს. როგორც ამბობს, ჯერჯერობით ფინანსურად სრულიად დამოუკიდებლად არსებობას ვერ ახერხებს, რადგან მისი შემოსავალი ამის საშუალებას არ იძლევა. იგი სწავლის პარალელურად ერთ-ერთ კერძო კომპანიაში კონსულტანტის პოზიციაზე მუშაობს.
სტუდენტი ამბობს, რომ სწავლის პარალელურად საქმით დაკავებას დადებითი და უარყოფითი ეფექტები აქვს. მისი თქმით, დადებითია ის, რომ დამოუკიდებლობას ადრეული ასაკიდან ეჩვევა და ამით მუდმივი პროგრესის და წინსვლის მოთხოვნილება უჩნდება. უარყოფით მხარედ კი იმას ასახელებს, რომ სწავლისა და ინტელექტუალური განვითარებისთვის შედარებით ნაკლები დრო რჩება. თუმცა მიაჩნია, რომ ორივეს შეთავსებაც არც ისე რთულია და სიტუაციიდან საუკეთესო გამოსავალიც არის.
აღსანიშნავია, რომ დღეს ქვეყანაში ზრდასრული მოქალაქის საარსებო მინიმუმად თვეში 160 ლარია განსაზღვრული. ეს საქსტატის მონაცემია და მინიმალური სასურსათო კალათის მიხედვით არის დაანგარიშებული, რომელსაც საქართველოს შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ადგენს. მინიმალური საარსებო კალათა საარსებოდ აუცილებელი პროდუქტების მინიმალურ საჭირო რაოდენობას მოიცავს. წლის განმავლობაში საარსებო მინიმუმი სასურსათო კალათაში შემავალი პროდუქტების ფასების ცვლილებასთან ერთად იცვლება. საარსებო მინიმუმში გათვალისწინებული უნდა იყოს განათლების, განვითარებისა და სამედიცინო პროცედურებისთვის საჭირო თანხებიც, თუმცა 160 ლარში ამ ყველაფრის მოქცევა არარეალურია.
„საარსებო მინიმუმის გაანგარიშების წესის შესახებ“ კანონით, საარსებო მინიმუმი გამოიყენება ხელფასების, პენსიების, სტიპენდიების, შემწეობებისა და სხვა სოციალური გასაცემლების მინიმალური ოდენობის დადგენისთვის; ისეთი მოდელის შესამუშავებლად, „რომელიც უზრუნველყოფს მოქალაქეთა მოხმარების ნორმების ეტაპობრივ მიახლოებას საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის ნორმებთან“.
თბილისში მცხოვრები სტუდენტის ყოველთვიური ხარჯები – ბინის გადასახადი თვეში საშუალოდ 400 ლარი, სატრანსპორტო ხარჯები (სტუდენტური ფასდაკლების ბარათებით მუნიციპალურ ტრანსპორტში – მეტრო/ავტობუსი) თვეში 14 ლარი, პირველადი საჭიროებებისთვის აუცილებელი საარსებო მინიმუმი, რომელიც საქსტატის მიერაა განსაზღვრული, თუმცა რეალურად ბევრად მეტია საჭირო ადამინის ერთთვიანი არსებობისთვის – 160 ლარი, უმაღლესი განათლების მისაღებად საჭირო თანხა თვეში 187,5 ლარი. (აქ არ არის გათვალისწინებული სახელმწიფო გრანტი და სტიპენდიები, ასევე კერძო სასწავლებლების ფასები – გათვალისწინებულია მხოლოდ სტანდარტული 2 250 ლარიანი გადასახადი).
ამ ზოგადი დანახარჯების შეკრებით გამოდის, რომ სტუდენტს თბილისში დამოუკიდებლად ცხოვრებისთვის თვეში მინიმუმ 761,5 ლარი სჭირდება.
ჩვენი რესპონდენტის მსგავსად, სტუდენტების გარკვეული ნაწილი სხვადასხვა კომპანიებშია დასაქმებული. სტუდენტებს ძირითადად ასაქმებენ სარესტორნო ბიზნესში მოღვაწე კომპანიები, სუპერმარკეტების ქსელები, სწრაფი კვების ობიექტები და მსგავსი დაწესებულებები. მათ უმეტესობაში ყოველთვიური ანაზღაურება 300 ლარს არ აღემატება. შესაბამისად, არსებული სახელფასო პოლიტიკის გათვალისიწნებით, შეუძლებელია, სტუდენტმა მინიმალური საჭიროებების სრულად დაფარვა საკუთარი შემოსავლით შეძლოს.
როგორც აღვნიშნეთ, ლევან მიშველაძე ერთ–ერთ კერძო კომპანიაში მუშაობს. მისი ანაზღაურება თვეში 250 ლარია, საიდანაც საშემოსავლო გადასახადის გადახდის შემდეგ ხელზე მხოლოდ 200 ლარს იღებს. ამბობს, რომ ეს ფული მხოლოდ მინიმალური პირადი ხარჯებისთვის ყოფნის. რაც შეეხება საცხოვრებლის ქირას, კომუნალურ გადასახადებს, საჭირო ლიტერატურის ფულს და სხვა გაუთვალსიწნებელ ხარჯებს, იგი ამბობს, რომ ამ ყველაფრის უზრუნველყოფას ოჯახი ახდენს. სტუდენტისთვის გაუგებარია სახელმწიფოს დამოკიდებულება ახალგაზრდების შემოსავლების დაბეგვრასთან დაკავშირებით.
„არ ვარ დილეტანტი, მესმის, რომ ბიუჯეტში გადასახადს ყველა უნდა იხდიდეს, ეს ნორმალური სახელმწიფოსა და საზოგადოებისთვის აუცილებელი კომპონენტია, თუმცა ჩემი აზრით, სტუდენტობის დროს სახელმწიფო ახალგაზრდებს გვერდში უნდა დაუდგეს და ამ პერიოდში მათ მიერ გამომუშავებული მინიმალური თანხები უნდა გათავისუფლდეს დაბეგვრისგან. ეს იქნება წმინდა სოციალური სვლა სახელმწიფოს მხრიდან და ბევრ ჩემნაირს ყოფას შეუმსუბუქებს“,- განუცხადა Aris.ge-განათლებას ლევან მიშველაძემ.
Aris.ge-განათლება შეეცადა მომავალი სტუდენტებისთვის დაახლოებითი სურათი შეექმნა, თუ რა თანხებია საჭირო დედაქალაქში დამოუკიდებლად ცხოვრებისთვის. ჩვენს მიერ მოცემული ციფრები ეყრდნობა ოფიციალური სტრუქტურების მიერ დადგენილი სტატისტიკით განსაზღვრულ მინიმალურ მონაცემებს.
აქვე, ინფორმაციისთვის გეტყვით, რომ ასევე ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში სახელმწიფო და კერძო სექტორში დასაქმებულ თითოეულ ადამიანზე საშუალო ხელფასი 773 ლარითაა განსაზღვრული. თუკი ამ ციფრს ჩვენს მიერ დაანგარიშებულ ერთი სტუდენტის ბიუჯეტს შევადარებთ, წესით, თითქმის საკმარისია ერთი ადამიანის მინუმალური საჭიროებებისთვის. მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ სტუდენტების ყოველთვიური ხელფასები 300 ლარის ფარგლებშია.
ცნობისთვის, ბოლო მონაცემებით, საქართველოში დაახლოებით 124 000 სტუდენტია. წელს სტუდენტი კიდევ რამდენიმე ათეული ათასი ახალგაზრდა გახდება.
ბოლო მონაცემებით, წლევანდელი ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის 40 000-ზე მეტი აბიტურიენტი დარეგისტრირდა, სტუდენტთა საგრანტო კონკურსისათვის 4 000-ზე მეტი აპლიკანტი, საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის კი, 12 500-ზე მეტი მსურველი.
2015 წლის მისაღებ გამოცდებზე აბიტურიენტებს უფრო მეტი სააზროვნო დავალება ექნებათ
2015 წლის საერთო სამაგისტრო გამოცდის ჩატარების განრიგი ცნობილია
გიორგი არის© ხურცია