წიგნიერების საერთაშორისო კვლევის შედეგებით, მოზარდთა წიგნიერების დონე საქართველოში საშუალოზე დაბალია. დაწყებით კლასებში წაკითხულის შინაარსის გააზრებისა და გადმოცემის მიხედვით, მსოფლიოს 45 ქვეყნიდან, ჩვენი ქვეყანა 37 ადგილზეა. უკეთესი შედეგი არც სხვა ასაკობრივ ჯგუფებშია, სადაც ბოლო პოზიციებს აფრიკულ ქვეყნებთან ვინაწილებთ. კვლევების მიხედვით, საქართველო სასკოლო განათლების დონით მსოფლიოში ერთ–ერთ ბოლო ადგილზეა.
რაც შეეხება უმაღლეს განათლებას, საქართველოში მოსახლეობის მხოლოდ 22%-ია უმაღლესი განათლების მქონე. მაშინ როცა, განვითარებულ ქვეყნებში სტუდენტები და უმაღლესი განათლების მქონე პირები მოსახლეობის 65 პროცენტს შეადგენენ.
[textmarker color=fdf401]✔ გსურს სწავლა საზღვარგარეთ? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე[/textmarker].
სტატისტიკაზე საუბარი რომ არ გავაგრძელოთ, ქვეყნის მდგომარეობას თუ დავაკვირდებით, ადვილად შევამჩნევთ განათლების დაბალი დონეს, რაც ტელეეკრანებიდან, ქუჩაში, საზოგადოებრივი ტრანსპორტიდან, მოკლედ, ყოველი მხრიდან გამოსჭვივის.
სხვა ქვეყნებმა მაღალი განათლების დონის მიღწევა ამ სფეროში დიდი ფინანსური რესურსი მიმართვით შეძლეს. ჩვენს ქვეყანაშიც უხდიან სწავლის საფასურს წარმატებულ სტუდენტებს (სახელმწიფო გრანტების სახით), არსებობს უფასო მიმართულებები უნივერსიტეტებში, ასევე პროფესიული განათლება, რომელიც სახელმწიფოსგან ფინანსდება, მაგრამ განათლების ექსპერტების აზრით, ეს ზღვაში წვეთია. გაზრდილი ხელფასების მიუხედავად, მეცნიერების, კულტურის სფერო ფინანსების ნაკლებობას კვლავ განიცდის.
ცალკე პრობლემაა განათლებული ადამიანების დასაქმება საქართველოში. არსებობს მრავალი გაცვლითი პროგრამები, სადაც წარმატებულად მონაწილეობენ ჩვენი თანამოქალაქეები. საზღვარგარეთ სწავლობენ, ჩამოდიან აქ, თუმცა სამსახურს, საკუთარი პროფესიით, ადვილად ვერ პოულობენ.
შეიძლება, ზოგიერთს გაუჩნდეს კითხვა, რატომ მაინცდამაინც საზღვარგარეთ განათლება მიღებული უნდა დასაქმდეს და არა ქართული უნივესიტეტების კურსდამთავრებულები? თუ რა უპირატესობები აქვს საზღვარგარეთ სწავლას, ამას ჩვენი რესპონდენტები ჰყვებიან.
„ფონდი ღია საზოგადოება საქართველოსა და ედინბურგის უნივერსიტეტის ერთობლივი სტიპენდიით 2010-2011 სასწავლო წელს ვსწავლობდი ედინბურგის უნივერსიტეტში, საჯარო პოლიტიკის სამაგისტრო პროგრამაზე (Master of Science in Policy Studies). იქ გაცილებით მეტი ინფორმაცია მივიღე, ვიდრე აქ ბაკალავრიატზე სწავლის დროს. ჰქონდათ მდიდარი ბიბლიოთეკა და უამრავ საინტერესო მასალაზე წვდომა. გაცილებით მეტი თავისუფლებაა. სულ სამი საგანი გვქონდა სემესტრში, სალექციო საათები – არც ისე ბევრი. მთლიანობაში, ალბათ, კვირაში 10 საათზე მეტს არ ვატარებდით ლექცია-სემინარებზე. სამაგიეროდ იყო უამრავი საკითხავი, ძალიან დეტალური სილაბუსი და კარგი ბიბლიოთეკა. სიმკაცრე არ იყო ლექციებზე დასწრების კუთხით. საერთოდ დასწრება-აქტიურობაში, არც პრეზენტაციებში ქულებს არ წერდნენ, ფასდებოდი მხოლოდ დაწერილი ესეებით. ეს ყველაფერი ძალიან არ ჰგავს ქართულ განათლების სისტემას, სადაც ბევრ უნივერისტეტშიც კი სკოლასთან მიახლოებული სიმკაცრეა, ქულების განაწილების მხრივ. ალბათ, სამაგისტრო პროგრამის გამო, მიდგომაც უფრო თავისუფალი იყო ლექტორების მხრიდან – თუ გინდოდა სწავლა, ისწავლიდი, მაგრამ არავინ არ დაგაძალებდა.
მე, ჯერ კიდევ იქ სწავლის დროს, დავიწყე ფიქრი და ნერვიულობა იმაზე, თუ რა მელოდა საქართველოში დაბრუნების შემდეგ. იმ დროისთვის სამუშაო გამოცდილება თითქმის არ მქონდა. სამთვიან სტაჟირებას და რამდენიმე კვლევით პროექტს თუ არ ჩავთვლით. შესაბამისად, ვაცნობიერებდი რომ კარგი სამუშაოს პოვნა, თუნდაც დასავლური დიპლომით, გამიჭირდებოდა. მალევე გადავაწყდი G-PAC-ის ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამას. ეს იყო USAID-ის პროგრამა, რომელიც საშუალებას გაძლევდა, მოგეძებნა ქართული არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელსაც სჭირდებოდა სტაჟიორი და სტაჟირების მანძილზე თვითონ გადაგიხდიდა ანაზღაურებას. ჯერ კიდევ იქ სწავლის დროს დავუკავშირდი რამდენიმე ორგანიზაციას. საბოლოოდ რეკომენდაცია მოვიპოვე „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტიდან“ (IDFI), შევიტანე განაცხადი G-PAC-ში და უკვე აგვისტოს დასაწყისში ვიცოდი, რომ მივიღე დაფინანსება. შესაბამისად, ედინბურგიდან დაბრუნებისთანავე შევუდექი სტაჟირებას. სტაჟირების 6 თვის გასვლის შემდეგ შემომთავაზეს ანალიტიკოსად დარჩენა და მას შემდეგ დღემდე აქ ვმუშაობ“, – ამბობს Aris.ge–განათლებასთან თამარ იაკობიძე.
თამთა შკუბულიანი ოსლოს უნივერსიტეტში (ნორვეგიაში) ერთწლიან პროგრამაზე, სკანდინავისტიკის ფაკულტეტზე სწავლობდა. მისი თქმით, ნამდვილად არ უოცნებია, იმ სამსახურებზე, სადაც ახლა საქართველოში მუშაობს, მაგრამ საზღვარგარეთ სწავლა ენის პრაქტიკის თვალსაზრისით, აქ ძალიან დაეხმარა.
„ნორვეგიაში სტუდენტი უფრო დამოუკიდებლად მუშაობს და ცოტა სალექციო კურსია. სამაგისტრო პროგრამაზე ორი-სამი საგანი იკითხება სემესტრში, საქართველოში 5-6, რაც ბევრია და ვერცერთის სრულყოფილად შესწავლას ვერ ახერხებ. თუმცა იმასაც ვაღიარებ, რომ მყოლია რამდენიმე გამორჩეული ლექტორი საქართველოში, თსუ-ში, რომელთაც ბევრად უკეთესი სალექციო კურსები ჰქონიათ, ვიდრე იქაურ ლექტორებს. ნორვეგიაში, დიდი ყურადღება ეთმობა, სტუდენტის აქტიურობას და ჩართულობას სტუდენტურ ცხოვრებაში. სხვადასხვა ასოციაციასა თუ ორგანიზაციაში გაწევრიანება მეტად მნიშვნელოვანი ნაწილია იქაური სტუდენტური ცხოვრებისა. სტუდენტებს ნორვეგიაში მუშაობის უფლება აქვთ ნახევარ განაკვეთზე. ჩვენთან ეს პრაქტიკა, სამწუხაროდ, არ გვაქვს, არადა, როგორი აუცილებელია.
ვინაიდან ვსწავლობდი უცხო ენას (ნორვეგიულ ენას), რა თქმა უნდა, ამ ენის ცოდნის მხრივ, უპირატესობა მაქვს, ისევე, როგორც საერთაშორისო ურთიერთობების ცოდნის კუთხით, ძალიან კარგი გამოცდილება მივიღე იმ ერთი წლის განმავლობაში, თუმცა სამსახურის შოვნა, ალბათ, მაინცდამაინც მხოლოდ ამ გამოცდილებაზე არაა დამოკიდებული. შეძლებისდაგვარად გამოვიყენე მიღებული ცოდნა, თუმცა რამდენიმე იმედგაცრუება, ისევე როგორც, ალბათ, ძალიან ბევრს, მეც მქონდა სამსახურის ძიებისას. უცხო ენების ცენტრში ვმუშაობდი, აგრეთვე სტუდენტურ არასამთავრობო ორგანიზაციაში ვარ გაწევრიანებული, მყავს კერძო მოსწავლეები, ვთანამშრომლობ სხვადასხვა სათარჯიმნო ბიუროსთან და ა.შ, რაზეც ვერ ვიტყვი, რომ ჩემი ოცნების სამსახურებია.. უცხოეთში წასვლაზე ისევ ვფიქრობ, ამჯერად სამაგისტრო პროგრამა მინდა დავამთავრო საერთაშორისო პოლიტიკაში. რამდენიმე მოწვევა მაქვს, ვნახოთ, რა გამოვა“, – ამბობს თამთა.
იტალიაში სწავლობდა მარი თამლიანი. იქ წასვლას აღარ გეგმავს, რადგან ამჯერად, მიღებული ცოდნის საქართველოში გამოყენებას ამჯობინებს. მარი მოუწოდებს ახალგაზრდებს, რაღაც პერიოდით მაინც წავიდნენ უცხოეთში სასწავლებლად.
„ეს არის უდიდესი ფასდაუდებელი გამოცდილება, რომელსაც მხოლოდ საქართველოში სწავლით ვერასდროს შეიძენთ. გამოიყენეთ ყველა შანსი ამისთვის და მერწმუნეთ, თქვენ ამ გამოცდილების მადლიერი იქნებით მთელი ცხოვრება“, – მიმართავს მარი თამლიანი ახალგაზრდებს. ის თავის პროფესიას პირდაპირი პროფილით არ იყენებს, თუმცა საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ სამსახურის შოვნა არ გასჭირვებია:
„2011 წელს, 6 თვით, წასული ვიყავი იტალიის, ქ. სალერნოს სახელმწიფო უნივერსიტეტში „ერასმუს მუნდუსის“ გაცვლითი პროგრამით. ვსწავლობდი ჰუმანიტარულ ფაკულტეტზე, იტალიური ენისა და ლიტერატურის სპეციალობაზე.
იტალიაში ნებისმიერი კურსი რომ ჩაგეთვალოს გავლილად, ძალიან ბევრი შრომა და ძალისხმევაა გჭირდება. იქ ძალიან რთლია დიპლომის აღება, ნაშრომის დაცვა და ა.შ. საქართველოში ეს ყველაფერი ბევრად უფრო ადვილია, რაც შემდგომ ზედაპირულ ცოდნასა და არაპროფესიონალიზმს განაპირობებს.
სამსახური ძალიან მალე ვიპოვნე, ფაქტობრივად, ჩამოსვლიდან 1 თვეში. იქ მიღებული ცოდნა დამეხმარა იტალიური ენის გაღრმავებაში და სრულყოფაში, რაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩემი სამსახურის მოთხოვნებიდან გამომდინარე, ვინაიდან ჩემი მოვალეობები უნდა ყოფილიყო მეტწილად იტალიელ მომწოდებლებთან კონტაქტი. ამჟამად, ვმუშაობ ტურისტულ კომპანიაში „ლიბერთი ჯორჯია“. ჩემს პროფესიას პირდაპირი პროფილით არ ვიყენებ, თუმცა იტალიური ენის მაღალ დონეზე ცოდნა ძალიან მეხმარება იტალიურ ბაზარზე მუშაობისას“, – ამბობს მარი თამლიანი.
როგორც თემაზე მუშაობისას გავარკვიეთ, სტატისტიკას იმის შესახებ, თუ რამდენი საზღვარგარეთ განათლებამიღებული პირი დასაქმდა საქართველოში დაბრუნების შემდეგ, სტატისტიკის ეროვნული სამსახური არ აკეთებს. როგორც საქსტატში აცხადებენ, ისინი ზოგადად, დასაქმებულთა სტატისტიკას ადგენენ.
„დასაქმებულებს შორის რამდენია საზღვარგარეთ და რამდენი საქართველოში განათლებამიღებული, ამის აღრიცხვას არ ვაკეთებთ. ისინი დასაქმებულთა საერთო რაოდენობაში იგულისხმებიან. ჩვენ ვითვლით, სახელმწიფოს დაფინანსებით რამდენი სტუდენტი წავიდა საზღვარგარეთ. თუ თავისი სახსრებით, ან სხვა რაიმე გრანტი აქვს მიღებული და ისე წავიდა სასწავლებლად, არც ამას ვითვლით“, – განუმარტეს Aris.ge- განათლებას საქსტატის პრესსამსახურში.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, საზღვარგარეთ სახელმწიფო დაფინანსებით სახელმწიფო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში 2014-2015 წლისთვის გაგზავნილი სტუდენტთა რაოდენობა 291-ია, ხოლო კერძო უნივერსიტეტებში 143.
რაც შეეხება დასაქმებული ადამიანების რაოდენობას, საქსტატის 2013 წლის მონაცემებით, ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობა საქართველოში 2003,9 ათასია, მათგან 1712.1-ია დასაქმებული, 291.8 კი უმუშევარი. რაც შეეხება უმუშევრობის დონეს პროცენტებში, 2013 წლის მონაცემებით, 14.6 %-ია.
სახელმწიფოს დაფინანსებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, 2014 წლის მაისში დაარსებულმა „განათლების საერთაშორისო ცენტრმა“ 87 სტუდენტი უკვე გაგზავნა საზღვარგარეთ სასწავლებლად. ცენტრი 2015-2016 სასწავლო წლისთვის 115 სტუდენტის დაფინანსებას გეგმავს.
რაც შეეხება მათ დასაქმებას, საერთაშორისო სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული პირი სწავლის დასრულების შემდეგ, 3-წლამდე ვადით უნდა დასაქმდეს საქართველოში, შესაბამის სფეროში/დაწესებულებაში. (ქვეყანაში დაბრუნება მისი ვალდებულებაა)
საჯარო დაწესებულებაში დასაქმებულ პირთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული პირმა მინიმუმ 12 თვის განმავლობაში, მუშაობა გააგრძელოს იმ სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებაში, სადაც მუშაობდა დაფინანსების მოპოვების პერიოდში.
ანუ, პროგრამაში დასაქმების ნაწილიც გათვალისწინებულია. ჯერ-ჯერობით „განათლების საერთაშორისო ცენტრის“ დაფინანსებით განათლებამიღებული სტუდენტები საქართველოში არ დაბრუნებულან და შესაბამისად, უცნობია, შეასრულებს თუ არა ცენტრი დანაპირებს დასაქმების კუთხით
„შარშანდელი გაგზავნილებიდან 50 სტუდენტი ჩამოდის და მათთან ვიწყებთ ინდივიდუალურად მუშაობას სამინისტროების დონეზე. ჯერ უნდა მოხდეს კომისიასთნ გასაუბრება და შემდეგ განაწილდებიან ივნისის დასაწყისიდან სამსახურებში და გაგაცნობთ ამ ინფორმაციას დაწვრილებით“, – განუცხადა Aris.ge-განათლებას „განათლების საერთაშორისო ცენტრის“ წარმომადგენელმა ნინო კობახიძემ.
ცისანა არის© შერგილაშვილი