ავტორი: შმაგი ბერუაშვილი
თავისუფალ ჭიდაობაში საქართველოს ჩემპიონატის მეორე დღეს, სადაც არ უნდა დამჯდარიყავით, გარშემო ყველგან წინა დღის დამაგვირგვინებელ შეხვედრაზე ლაპარაკობდნენ. მაყურებლებს, მწვრთნელებს, მოქმედ თუ ვეტერან სპორტსმენებს, ყველას პირზე გენო პეტრიაშვილის ლამაზი ჭიდაობა ეკერა. 20 წლის გორელმა მძიმეწონოსანმა შეუძლებელი შეძლო – ყველაზე მაღალკონკურენციაში, 120 კილოგრამში საქართველოს ჩემპიონი გახდა, მაგრამ შედეგზე უფრო შთამბეჭდავი მისი თითქმის უნაკლო ჭიდაობა იყო.
გენო პეტრიაშვილი 1994 წელს, გორში დაიბადა. სკოლის ასაკში ოჯახის ახლობელმა, თავისუფალი სტილით ჭიდაობის მწვრთნელმა ნუგზარ სხირელმა მშობლებს სთხოვა, ბავშვი დარბაზში მომიყვანეთ, კარგ სპორტსმენად გავზრდიო. იქამდე ოჯახის წევრებს სამბო ჰქონიათ შერჩეული, უახლოესი ნათესავის, მსოფლიოს ჩემპიონ მალხაზ ბერუაშვილის ხათრით, მაგრამ ბოლოს მაინც სხირელის სიტყვას დაუჯერეს და უკვე შეიძლება ითქვას, არჩევანმა გაამართლა. პირველ წარმატებას გენომ რამდენიმე წლის წინ, კახეთში ჩატარებულ საქართველოს ჭაბუკთა ჩემპიონატზე მიაღწია, სადაც ორი წლით უფროსებთან ბრძოლაში გაიმარჯვა.
ახალგაზრდა, მაგრამ უკვე საკმაოდ წარმატებული გორელი ფალავანი, მძიმეწონოსანი გენო პეტრიაშვილი ექვსთვიანი იძულებითი პაუზის შემდეგ საჭიდაო ხალიჩას წარმატებით დაუბრუნდა.
დღეს, გენო უკვე ატარებს სახელს მსოფლიო (2013) და ევროპის (2013) ბრინჯაოს პრიზიორი 120 კგ. წონით კატეგორიაში. მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი ახალგაზრდებს შორის (120 კგ.) ტიტულს. ახალგაზრდებში კი ორ-ორჯერ იყო ევროპის და მსოფლიოს ჩემპიონი, თუმცა შარშან აგვისტოში სწორედ მსოფლიოს ჩემპიონობის მეორედ მოპოვების შემდეგ დოპინგზე ჩავარდა და აღნიშნული ტიტული ჩამოართვეს. პეტრიაშვილთან საუბარი თავდაპირველად სწორედ ამ თემით დავიწყეთ:
[textmarker color=”e0f3ff”] ✔ იცი ინგლისური? შეარჩიე საჭირო დონის კურსები edu.aris.ge-ზე! [/textmarker].
– რა თქმა უნდა, ძალიან დასანანი იყო ის, რაც შარშან აგვისტოში მოხდა. გული დამწყდა, რომ მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულით არ დავტოვე ასაკობრივი შეჯიბრებები, თუმცა ერთი წლით ადრე უკვე ვიყავი ამ ტიტულის მფლობელი და ამით გარკვეულწილად ვიქარვებ გულს. წამალი, რომელიც მაშინ მივიღე, სტიმულატორი არცაა, ჯანმრთელობის მცირე პრობლემის გამო ვსვამდი. სხვათა შორის მას ჩემი მოხუცი მეზობელიც იღებს და მეხუმრება ხოლმე – გენო, ახლა მე დოპინგზე ვზივარო. ცალსახად, უნდა აღვნიშნო, რომ მომხდარის გამო არავის ვადანაშაულებ, მაშინაც ჩავღუნე თავი და გავაგრძელე შრომა, ვარჯიში.
– თუმცა, ვარჯიში ნაკრებთან ერთად აკრძალული გქონდათ…
– დიახ, ნაკრების საწვრთნელ შეკრებებზე ვეღარ მივდიოდი. ხშირად ინდივიდუალურად ვმეცადინეობდი, მაგრამ მკლავდა სურვილი ეროვნული გუნდის წევრებთან ერთად ვარჯიშისა. ნაკრებში ერთმანეთის კონკურენტებიც კი ახლო მეგობრები ვართ, ერთმანეთს ვეხმარებით, თუმცა შეჯიბრებაზე ყველაფერს ვაკეთებთ გამარჯვებისათვის. ექვსთვიანი იძულებითი პაუზის პროცესში უდიდესი დახმარება გამიწია ნაკრების ექიმმა ზურაბ კახაბრიშვილმა. რა თქმა უნდა, სულ გვერდში მედგა ჩემი პირადი მწვრთნელი ნუგზარ სხირელი.
– უშუალოდ შეჯიბრებაზე სამივე უმთავრეს კონკურენტთან მოგიწიათ შეხვედრამ…
– …თანაც ზედიზედ. ცხადია, დიდი მნიშვნელობა აქვს ფინალამდე ფავორიტების გავლით გიწევს მისვლა თუ არა. პირველივე შეხვედრა დავით მოძმანაშვილთან ერთობ დაძაბული გამოდგა. ძალიან დიდი ენერგია შევალიე ამ გამარჯვებას. მერე დაახლოებით ნახევარი საათით დასვენების საშუალება მომეცა და ნახევარფინალში მასავით ძლიერ საკანდელიძესთან საჭიდაოდ გავედი, რომელიც აგრეთვე ძლიერი მეტოქეა, მაგრამ ესეც მოვიგე. რთული იყო ფინალში მეშვილდიშვილთანაც, თანაც თავიდან იგი დაწინაურდა, ოღონდ მაინც გავტეხე მისი წინააღმდეგობა და გავხდი ქვეყნის ჩემპიონი. წარმატებით დაბრუნება მნიშვნელოვანი იყო სამომავლოდ შედეგიანი ასპარეზობისათვის.
– ტრიბუნებიდან ბევრი გიჭერდათ მხარს, გქომაგობდნენ. მაყურებლის ფაქტორი როგორ მოქმედებს თქვენზე?
– პირველად ასეთი მხარდაჭერის ძალა 2013 წლის ევროპის ჩემპიონატზე ვიგრძენი, რომელიც თბილისის სპორტის სასახლეში ჩატარდა. მაგალითად, ფეხში შესვლისას მათი შეძახილით, ორმაგად ენერგიამოძალებულს, თითქოს, იოლად გამყავდა მოწინააღმდეგე წრიდან. მუდამ ვგრძნობ პასუხისმგებლობას გულშემატკივართან და ვცდილობ, არ დავაღალატო ისინი. ახლანდელ საქართველოს ჩემპიონატზეც სასიამოვნო იყო, მაყურებელი შეძახილებით რომ მამხნევებდა. მე ყველა მათგანის დიდი მადლობელი ვარ!
– შეჯიბრების შემდეგ როგორ შეხვდნენ კონკურენტები თქვენს გამარჯვებას?
– საჭიდაო ხალიჩის მიღმა მეგობრები ვართ და რომელმაც უნდა მოიგოს, ერთმანეთს ყოველთვის გულით ვულოცავთ. საერთაშორისო მნიშვნელოვანი შეჯიბრებებისთვისაც
ყოველთვის აქტიურად ვეხმარებით ერთმანეთს უკეთ მომზადებაში.
– გორელებმა ამ ჩემპიონატზეც შესანიშნავად იჭიდავეთ. თქვენი მონაგარი გუნდური პირველი ადგილი – 4 ოქროს, 3 ვერცხლისა და ამდენივე ბრინჯაოს მედალია…
– გორის თავისუფალი ჭიდაობის სკოლა უკვე საყოველთაოდაა ცნობილი. მას საფუძველი ბატონმა ნუგზარ სხირელმა ჩაუყარა და ჩვენზე უფროსი თაობის ფალავნებსაც ბევრი გამარჯვება მოუპოვებიათ. ახალგაზრდები ვცდილობთ, მათი ტრადიციები ღირსეულად განვაგრძოთ.
– ევროპის თამაშებზე ალბათ თქვენ მოგიწევთ მძიმე წონაში საქართველოს ღირსების დაცვა…
– ალბათ, თუმცა ყველაფერი მწვრთნელების გადასაწყვეტია. ისე კი, ვინც ნაკრებში იქნება, მჯერა, რომ ყველაფერს გააკეთებს ღირსეული და წარმატებული ასპარეზობისათვის.
– საერთაშორისო არენაზე წლეულს უცხოეთიდან ვის მიიჩნევთ მთავარ კონკურენტებად?
– თურქი ტაჰა აკგული და უკრაინიდან ზასეევი ისევ კარგ ფორმაში არიან. რუსეთიდან ჯერ არ ვიცით ვის დააყენებენ ნაკრებში. რუსეთის ჩემპიონატი მომდევნო თვეში უნდა გაიმართოს. მიმაჩნია, რომ ბევრი ძლიერი მოჭიდავეა მძიმე წონაშიც და მხოლოდ მაქსიმალურად კარგი მომზადებით შეიძლება მედლებზე ფიქრი.
გენოსთან საუბრის შემდეგ მის პირად მწვრთნელს ნუგზარ სხირელსაც ვთხოვეთ შეგირდის ასპარეზობის შეფასება:
“დისკვალიფიკაცია ექვსთვიანი იყო, მაგრამ მის ბოლო შეჯიბრებას თუ გავითვალისწინებთ, გენოს ფაქტობრივად რვა თვის განმავლობაში მოუწია საშეჯიბრო პრაქტიკიდან მოწყვეტამ. რა თქმა უნდა, პროგნოზების გაკეთებისგან თავს ვიკავებდით, თუმცა მჯეროდა, რომ ის შეძლებდა გამარჯვებას.
მართალია, უკმაყოფილება გამოიწვია კენჭისყრამ, რადგან განთესვით არ მოხდა ფალავანთა განლაგება ჯგუფებში და გენოს პირველივე შეხვედრაში დავით მოძმანაშვილთან მოუწია პაექრობამ, მაგრამ თავიდანვე ვუთხარი მას, რომ ფავორიტები, ადრე თუ გვიან, უნდა შეხვედროდნენ და ამ ფაქტორისთვის ყურადღება არ მიექცია”, – ნუგზარ სხირელი.
დამეთანხმებით, ალბათ, რომ სრულიად ახალგაზრდაა და უკვე, წარმატებულია თავის საქმეში. ჩვენც წარმატებებს ვუსურვებთ.