თსუ-ს სტიპენდია, რომელიც მერვე სემესტრში არ გაიცემა

აქტუალური

ავტორი: გიორგი ჯღარკავა


თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, უკვე, დიდი ხანია, რაც პროგრამა „სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს“  ხორციელდება. ყოველსემესტრულად, რამდენიმე ასეული სტუდენტი იღებს სტიპენდიას (მაგალითისთვის 2014/15 წლის საგაზაფხულო სემესტრში თსუ-ს ბაკალავრიატის 800-ზე მეტი სტუდენტი გახდა სტიპენდიანტი – ეს კი იმის ფონზე, რომ  წლევანდელი სასტიპენდიო კრიტერიუმები გასულზე მეტად გართულებული იყო).

იმის მიუხედავად, რომ აღნიშნული პროგრამა მრავალი სტუდენტისთვის კარგად მუშაობს, მისი ერთ-ერთი უარყოფითი მხარე ისაა, რომ სწავლების დონის დამამთავრებელი სემესტრის სტუდენტები სასტიპენდიო კონკურსში ვერ ერთვებიან. ამის მიზეზი სტიპენდიის გაცემის პრინციპია, რომლის მიხედვითაც სტიპენდიას სტუდენტი სემესტრის დახურვის შემდეგ, მომდევნო სემესტრის შუა რიცხვებში იღებს. ასეა, იმ ყველა სახელმწიფო უნივერსიტეტში, რომელშიც სახელმწიფო სტიპენდია გაიცემა. მაგალითისთვის: ბაკალავრიატის პირველი კურსის საგაზაფხულო სემესტრის სტუდენტი სტიპენდიის მოპოვებისთვის ბრძოლას (აღნიშნული საგაზაფხულო სემესტრში დაგროვებული ქულების საშუალო არითმეტიკულით) საშემოდგომო სემესტრში იწყებს და ამავე პერიოდში მოიპოვებს მას. მეორე სემესტრის ქულებით კი უკვე მესამე სემესტრში იღებს სტიპენდიას.

[textmarker color=”e0f3ff”] იცი ინგლისური? შეარჩიე საჭირო დონის კურსები edu.aris.ge-ზე! [/textmarker].

დამამთავრებელი სემესტრის სტუდენტის პრობლემა კი ისაა, რომ მას მომდევნო სემესტრი წინ აღარ ელოდება, სწავლის დონის დახურვის შემდეგ უწყდება სტუდენტის სტატუსი და სწორედ სტუდენტური სტატუსის არქონის გამო ბოლო სემესტრში დაგროვებული ქულებით სასტიპენდიო კონკურსში ვერ ებმება.

ის, რომ აღნიშნული მიდგომა ცვლილებას საჭიროებს აშკარაა, რადგან სახელმწიფოს მიერ გაცემული სასტიპენდიო პროგრამა ასეთი შემთხვევებისთვის უფრო მეტად მოქნილი და თითოეულ სტუდენტზე მაქსიმალურად მორგებული უნდა იყოს. ამ ფიქრობს გამოკითხულ თსუ-ელთა  უმრავლესობაც:

თიკა ბეშკენაძე, თსუ-ის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტი:

„თუკი მეოთხე კურსის მერვე სემესტრის ქულებით აწ უკვე ბაკალავრიატდამთავრებულს ექნება სტიპენდიის აღების შანსი, ეს იქნება მისთვის მოტივაცია, ბოლო სემესტრშიც კარგად ისწავლოს და აიღოს უმაღლესი ქულები. წარმატებული სტუდენტების ყოლა ჩემი აზრით უნივერსტეტის უმთავრესი მიზანია, შესაბამისად სტუდენტებისთვის ამ მოტივაციის დაკარგვა ნამდვილად არაა მისასალმებელი საქციელი“.

მარიამ ლეკიშვილი, თსუ-ის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტი:

 „ცუდია [აღნიშნული მიდგომა], რადგან სტუდენტს, რომელსაც მაღალი აკადემიური მოსწრება აქვს და გარდა ამისა, დამატებით აქტივობებშიც იღებს მონაწილეობას, მე-8 სემესტრში უნივერსიტეტი საშუალებას არ აძლევს, ბოლომდე “ნაყოფიერად” გამოყენოს ის დრო და შესაძლებლობა რასაც ისევ და ისევ უნივერსიტეტი სთავაზობს, ამით კი ის იჩაგრება და სურვილი აღარ უჩნდება მსგავსი აქტივობებით დაკავდეს“.

ნათია ბალამწარაშვილი, თსუ-ის ჰუმანიტარული ფაკულტეტის სტუდენტი:

„ალბათ ნებისმიერ დროს უნდა ეძლეოდეს შანსი სტუდენტს, რომ აიღოს სტიპენდია, თუნდაც იმიტომ, რომ ერთგვარი სტიმულია მეტი მონდომებით სწავლისთვის“

ქეთი არჯევანიძე, თსუ-ის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტი:

 „ჩემი აზრით, პირველ სემესტრელი იქნება სტუდენტი თუ მერვე მნიშვნელობა აქვს. მთავარია, მისი აკადემიური მოსწრება და აქტიურობის დონე მაღალია, ამიტომ უსამართლობა, როცა ბოლო სემესტრის შედეგების წახალისება არ ხდება. გასაგებია, რომ ამ სემესტრის დამთავრების შემდეგ პიროვნებას სტუდენტის სტატუსი აღარ აქვს, მაგრამ სტიპენდია არის იმ პერიოდის, როცა ამ სტატუსით ჯერ კიდევ სარგებლობდა აღნიშნული პიროვნება, ამიტომ მარტივად, რომ ვთქვათ ეს სისტემა ნამდვილად არ არის თანასწორობისა და სამართლიანობის მაგალითი.“

ფაქტია, ასეთ „ხარვეზს“ მხოლოდ სისტემის ბიუროკრატიული ბუნებით გამოწვეული ახსნა თუ შეიძლება მოვუძებნოთ, რადგან საკითხის სერიოზულად განხილვის შემთხვევაში ასეთი პრობლემების გამოსწორება საკმაოდ ადვილია – საჭიროა მხოლოდ საკონკურსო ვადების ადეკვატურად დადგენა – სტუდენტებისთვის აღნიშნული კონკურსი სემესტრის დამთავრებისთანავე უნდა ცხადდებოდეს (ასეთ შემთხვევაში მერვესემესტრელებს სტუდენტური სტატუსის გამო პრობლემა აღარ შეექმნებათ). პრობლემის მოსაგვარებლად კი მისი გადაჭრისკენ მიმართული ნებაა საჭირო.

[textmarker color=”e0f3ff”] იცი ინგლისური? შეარჩიე საჭირო დონის კურსები edu.aris.ge-ზე! [/textmarker].

ასეთ ნებას კი, არც უნივერსიტეტი იჩენს და არც განათლების სამინისტრო. ამაში მას შემდეგ დავრწმუნდი, რაც  ამ საკითხთან დაკავშირებით უნივერსიტეტის წარმომადგენლის კომენტარის ჩაწერის მიზნით, თსუ-ს მეოთხე კორპუსიდან დავიწყე ადმინისტრაციის სტუმრობა.

მეოთხედან კორპუსიდან მეექვსეში მომიწია გადამისამართება, მეექვსედან პირველში – ჯერ რექტორის მოადგილესთან, შემდეგ კანცლერთან, ბოლოს კი თსუ-ს სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტში, სადაც არც უნივერსიტეტის დამოკიდებულებაზე უთქვამთ რამე და არც მათ პირად შეხედულებებზე უსაუბრიათ. პრობლემის გამომწვევი მიზეზები კი სამინისტროს მიაწერეს და ის შემდეგნაირად ახსნეს: – რადგანაც სტიპენდიის კონკურსის გამოცხადების ვადებს სამინისტრო ადგენს (კონკურსის გამოცხადების ვადებში, ბაკალავრიატდამთავრებულებს, როგორც აღვნიშნეთ, სტუდენტური სტატუსი აღარ აქვთ), უნივერსიტეტი უძლურია მერვესემეტრელს რაიმით დაეხმაროს.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო კი ამ პოზიციას არ ეთანხმება. პრესსამსახურის განცხადებით სტიპენდიების გაცემის, მათ შორის, საკონკურსო ვადების გამოცხადების პრეროგატივა, უნივერსიტეტს ენიჭება და სამინისტრო ამ პრობლემასთან დაკავშირებით პასუხისმგებელი ვერ იქნება.

ფაქტია, აღნიშნულ პასუხისმგებლობას ორივე მხარე გაურბის, რადგან პრობლემის მოგვარების ბერკეტები, სამინისტროსაც აქვს და უნივერსიტეტსაც. ნახსენებ „კეთილ ნებას“ არც ერთი არ იჩენს, ასეთი ნების გამოჩენა კი ისევ ორივე მხარსს ინტერესებშია – უნივერსიტეტი, ერთი მხრივ, თავისი სტუდენტების ინტერესების ბოლომდე დაცვაზე უნდა იყოს ორიენტირებული, სამინისტრო კი, მეორე მხრივ, ყოველთვის უნდა ცდილობდეს, რომ სახელმწიფოს მიერ გაცემული სტიპენდია მაქსიმალურად სამართლიანად ნაწილდებოდეს.

იმედია, სტიპენდიებთან დაკავშირებული პრობლემით ორივე მხარე მალე დაინტერესედება და მერვესემესტრელები ისევე შელძებენ სასტიპენდიო კონკურსში მონაწილეობას, როგორც ამას გასული შვიდი სემესტრის განმავლობაში ახერხებენ.

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები