ავტორი: ნათია დაშნიანი
[spacer style=”1″ icon=”none”]
გაზაფხულის ეს პერიოდი გამოირჩევა იმ ციებ-ცხელებით, რომელსაც ეროვნული გამოცდებისთვის მზადება ჰქვია. 2015 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე აბიტურიენტების რეგისტრაცია დასრულდა. მათ გადაწყვეიტილების შეცვლა ბოლო წუთამდე შეუძლიათ. ამიტომ ჯერ კიდევ აქვთ დრო აირჩიონ მათთვის სასურველი პროფესია სასურველ უნივერსიტეტში.
[spacer style=”1″ icon=”none”]
ალბათობა იმისა, რომ ერთსა და იმევაე საკითხზე ადამიანები სხვადასხვა გადაწყვეტილებას მიიღებს დიდია. თითოეული სტუდენტი საკუთარი ინტერესებისა და შესაძლებლობიდან გამომდინარე ირჩევს პროფესიას.
- სად შეიძლება შეისწავლო ფსიქოლოგია, მისი განვითარების ისტორია და ძირითადი თეორიები?
- რა დამოკიდებულება აქვთ სტუდენტებს ამ მეცნიერებისადმი და რამდენად და პერსპექტიულია ამ სფეროში მოღვაწეობა?
გთავაზობთ, სტუდენტების შეფასებებს როგორც – სხვადასხვა უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის ფაკულტეტის სასწავლო კურსების, – ასევე, უშუალოდ, ფსიქოლოგიის, როგორც პროფესიის შესახებ.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებისა და ხელოვნების ფაკულტეტის მე-2 კურსის სტუდენტი მეგი დაშნიანი დიდი ხანი ვფიქრობდა სანამ სასურველ მომავალ პროფესიას აირჩევდა. ბოლოს არჩევანი ფსიქოლოგიაზე გააკეთა, რადგან მიხვდა, რომ ფსიქოლოგია იყო ის, რაც ყველაზე მეტად აინტერესებდა და მოლოდინიც გაუმართლდა: – ,,მართალია, ბევრი მეუბნებოდა , რომ ეს უპერსპექტივო პროფესიაა ჩვენს ქვეყანაში და ბოლოს არაფერი გამოვიდოდა, მაგრამ ამ ყველაფერმა ჩემზე ზეგავლენა ვერ მოახდინა. მომწონს ის, რასაც ვსწავლობ და იმედი მაქვს, რომ ამ სფეროში წარმატებას მივაღწევ’’, – ამბობს იგი.
უნივერსიტეტის არჩევაზე ბევრი არ უფიქრია. სანამ გადაწყვეტილებას მიიღბდა, ილიას უნივერსიტეტში რამდენიმე ლექციას დაესწრო: – ,,მახსოვს დადებითად ვიყავი განწყობილი, რადგან ძალიან მომეწონა გარემო და ერთმანეთის დამოკიდებულება ლექტორსა და სტუდენტებს შორის’’, – გვითხრა მეგიმ.
უნივერსიტეტში სწავლების ხარისხზე საუბრისას იგი ამბობს, რომ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს არჩეული აქვს ლიბერალური სწავლების სტილი, რომელიც შეესაბამება თანამედროვე სტანდარტებს. ასევე, მოსწონს ახალგაზრდა კადრები და მათ პროფესიონალიზმი: – ,,უნივერსიტეტი ყველანაირად გვეხმარება საკუთარი თავის რეალიზაციაში, გვაძლევს უამრავ საშუალებას დასაქმებისთვის. მე პირადად, ყოველთვის მწერენ და მაგებინებენ ვაკანსიების შესახებ და მაძლევენ დასაქმების რეალურ შანსს’’, – აღნიშნა მან.
[textmarker color=”e0f3ff”] ✔ იცი ინგლისური? შეარჩიე საჭირო დონის კურსები edu.aris.ge-ზე! [/textmarker].
რაც შეეხება, უარყოფით მხარეებს, იგი ამბობს, რომ უნივერსიტეტში საგნებს ირჩევენ „არგუსის (არჩევანის უზრუნველყოფის)“ – სისტემით, რაც საშუალებას აძლევთ აირჩიონ სასურველი საგნები, თუმცა სისტემა გაუმართავია და ზოგიერთ შემთხვევაში ვერ ირჩევენ იმ საგნებს, რომლებიც მათ უნდათ. ასევე, არ მომწონს ლექტორების სკეპტიკური დამოკიდებულება რელიგიების მიმართ, რასაც, მისი თქმით, ბევრი ლექტორი გამოხატავს.
ფსიქოლოგიის არჩევის სხვა მიზეზი ჰქონდა თბილისის საელმწიფო უნივერსიტეტის მე-3 კურსის სტუდენტს ქეთი უგულავას. ეს გადაწყვეტილება სპონტარნურად მიიღო მე-12 კლასში, რაც ახალი კლასელის გადმოსვლით იყო ნაკარნახევი: – ,,ახალი გადმოსული კლასელისგან გავიგე, რომ ფსიქოლოგიაზე აპირებდა ჩაბარბას. თავი ყოველთვის ეკონომიკის სფეროში წარმომედგინა და რტაომღაც დაუფიქრებლად ეს პროფესია ავირჩიე’’, – ამბობს იგი. მაშინ ბევრი არ უფიქრია სწორი იყო თუ არა მისი არჩევანი, დღეს კი ფიქრობს, რომ ფსიქოლოგია ის სფეროა, სადაც აღმოაჩინა საკუთარი თავი. მიაჩნია, რომ ფსიქოლოგიის ერთ-ერთი მიმართულება HR (human resources_ ადამიანური რესურსები) ყველაზე მოთხოვნადია და, შესაბამისად, ეს სფერო დასაქმების კუთხით, პერსპექტიულია.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩაბარებას კი ორ მიზეზს უკავშირებს. პირველი, რომ სახელმწიფო უნივერსიტეტი პრესტიჟული სასწავლებელია და მეორე, – აქ სწავლის საფასური სხვა უნივერსიტეტებთან შედარებით ოპტიმალური. დადებითად აღიქვამს იმ ფაქტსაც, რომ აქ მიღებული თეორიული ცოდნა ნაყოფიერი და ხარისხიანია. უნივერსიტმა იგი მეტად თავდაჯერებული და აქტიური გახადა: – ,,ალბათ, ყველაზე დიდი ტრანსფორმაცია, რაც პიროვნლად განვიცადე არის ის, რომ მეტად აქტიური გავხდი. აღარ მერიდება და მაშინებს აუდიტორიის წინაშე დავსვა კითხვა, თუნდაც, შეუფერებელი. ამ სამმა წელმა მასწავლა, რომ თუ იშრომებ, მიზანს აუცილებლად მიაღწევ“, – გვითხრა ქეთიმ.
რაც შეეხება თსუ-ში სწავლის უარყოფით მხარეებს, იგი აღნიშნავს, რომ მოლოდინი უნივერსიტეტის ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებით დიდი ჰქონდა, თუმცა მოლოდინი არ გაუმართლდა. არ მოსწონს პრაქტიკის ნაკლებობა და სასწავლო მასალის ხელმიუწვდომლობა. ,,სტუდენტებს უწევთ უცხო ენენბიდან თარგმნონ სასწვალო მასალა, რაც დროის კარგასთან და უცხო ენების სრულყოფილად ცოდნასთანაა დაკავშირებული. უნივერსიტეტში კი უცხო ენები სავალდებულოა მხოლოდ 2 სემესტრი (ანუ ერთი წელი). ვფიქრობ, რომ ნებისმიერი უცხო ენა მთელი 8 სემესტრი (ანუ 4 წელი) უნდა ისწავლებოდეს’’, – აღნიშნა მან.
ქეთი აბიტურიენტებს ურჩევს: – ,,შეარჩიე სამუშაო, რომელიც გიყვარს და არც ერთი დღე არ მოგიწევს მუშაობა’’.
ფსიქოლოგია საინტერესო და სასურველი სფერო აღმოჩნდა ნინოსთვისაც. ნინო კუჭავა სოხუმის სახელმწიფო უნივერსრიტეტში სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტიტეტის მე-2 კურსზე სწავლობს. როგორც ის ამბობს, ფსიქოლოგიისთვის დამახასიათებელი მისტიკა, შეუფერებელი ქცევევიბის დალაგაება, სულის შესწავლა და ადამიანების შინაგანი სამყაროს ამოცნობა მის შინაგანი მოთხოვნილებაა. ,,ფსიქოლოგია ჩემის სულის ნაწილია. მიუხედავად იმისა, რომ თავიდან სამართალმცოდნეობაზე მოვხვდი, მოთმინება არ მეყო , შევცვალე არჩევანი და დღეს სოხუმის უნივერსიტეტში ვსწავლობ ფსიქოლოგიას’’, – გვითხრა ნინომ.
კითხვაზე – რატომ აირჩია სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი, – ასე პასუხობს: – ,,მომწონს, თითქმის ყველა ლექტორი და სწავლების ხარისხი. აქაური გარემო და სტუდენტების დამოკიდებულება ერთმანეის მიმართ კი ძალიან თბილია. ყველას ვურჩევ, აქ ჩააბაროს’’. უნივერსიტეტის სახელწოდება, მისი თქმით, ერთიანი საქართველოს ნოსტალგიას უღვიძებს და ამ მხრივაც, მშობლიურია უნივერსიტეტი მისითვის.
დადებით მხარეებთან ერთად ნინო უარყოფით ასპექტებსაც უსვამს ხაზს და ამბობს, რომ ინფრასტრუქტურა მოსაწესრიგებელია: – ,,ვისურვებდი, რომ თვითმართველობა უფრო მეტს ფიქრობდეს კომფორტული გარემოს შექმნაძე, ინვენტარის შეძენასა და ინტერიერის გაუმჯობესებაზე’’, – თქვა მან.
მედეა გიგაურია წმ. თამარ მეფის სახელობის უნივერსიტეტის გამოყენებითი სოციალური ფსიქლოგიის მე-2 კურსის სტუდენტია. როგორც სხვა ფსიქოლოგიის სტუდუნტებს, მასაც აინტერესებდა ადმაინთა სულიერი სამყარო. არჩევანი კი ფსიქოლოგიასა და ამ უნივერსიტეტზე შეაჩერა. მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო უნივერსიტეტების მსგავასად სწავლის საფასური აქაც 2250 ლარია, გადაწყვეტილება ნაკლებად ცნობილი სასწავლებელის სასარგებლოდ მიიღო, რადგან თვლის, რომ მთავარი პროფესიონალიზმია და არა პრესტიჟი:
,,ჩემი უნივერსიტეტი არ არის ცნობილი, თუმცა ვთვლი, რომ ეს არარსი მნიშვნელოვანი. წარმოიდგინეთ, რომ რექტორად გყავთ უნიკალური არქიმანდრიტი მამა ადამი (ახალაძე). ვსწავლობ ქრისტიანულ მოძღვრებას, რომელაც იაკობ უშიკიშვილი მიკითხავს. ვკითხულობთ სხვადასხვა ლოცვას და ამის შემდეგ ზეთს გვაცხებენ. ისეთი გარემოა, რომ საკუთარი თავი ფსიქოლოგიურ სეანსზე გეგონებათ’’, – გვითხრა მან.
მიუხედავად იმისა, რომ მედეას თქმით, გარემო ძალიან კარგია, უნივერსიტეტი სტუდენტების ნაკლებობას განიცდის, ამას კი ერთადერთ ნაკლად მიიჩნევს: – ,,ამ უნივერსიტეტს არ აქვს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სახე, ის უფრო დიდი ოჯახია. სხვა უნივერსიტეტებისგან განსხვავებით კი პროფესიულ სწავლებას პირველივე კურსიდან ვიწყებთ“ – აღნიშნა მედეამ.
სრულიად განსხვავებულია გარემოა საქართველოს უნივერრსიტეტში. სოციალურ მეცნიერებათა სკოლის მე-3 კურსის სტუდენტი სოფო გელენიძე, სკოლიდანვე, დაინტერესებული იყო ფსიქოლოგიით. ხშირად კითხულობდა ფსიქოლოგიურ სტატიებს, თხზულებებს და სურდა უფრო ღრმად შეესწავლა ეს სფერო. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს უნივერსიტეტში ფსიქოლოგიის სწავლა 3990 ლარი ღირს, არჩევანი მაინც ამ უნივერსიტტზე შეაჩერა: -,,საქართველოს უნივერსიტეტზე არჩევანი გავაკეთე, რადგან ბევრისგან ვიცოდი ამ უნივერსიტეტის სწავლების მაღალი ხარისხის შესახებ. სწავლის დონე ნამდვილად მაღალია, სწავლების სისტემა, ფაქტობრივად, არ გაძლევს მოდუნების საშუალებას. მოწვეულები არიან საუკეთესო პროფესორები, ასევე აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ აქ სწავლას გიფასებენ, მაგალითად: მაღალი ქულების გამო მერიცხება სტიპენდია’’, – ამბობს სოფო.
იგი, ასევე, დადებითად აფასებს უნივერსიტეტში არსებულ კლუბურ სისტემას. რაც გულისხმობს იმას, რომ ნებისმიერ სტუდენტს აქვს შესაძლებლობა ჩაერთოს აქტიურ სტუდენტურ ცხოვრებაში, სხვადახვა ღონისძიებაში, კრეატიული იდეების არსებობის შემთხვევაში კი უნივერსიტეტი ცდილობს დაეხმაროს სტუდენტებს მათ განხორციელებაში.
რაც შეეხება უარყოფით მხარეებს, აქ სოფო საუბრობს საგამოცდო ცხრილის არახელსაყრელ განრიგზე: – ,,იმის გამო, რომ ფსიქოლოგიის ფაკულტეტზე არ არის ბევრი სტუდენტი სხვადასხვა საგნის ჯგუფი ხშირად არ იხსნება. გამოცდების ცხრილს ძალიან ცუდად ადგენენ. შუალედური და ფინალური გამოცდები მიყოლებით, ყოველდღე, გვაქვს, ზოგჯერ დღეში ორი გამოცდაც მქონია’’, – გვითხრა სოფომ.
არ შეგვიძლია ვიმსჯელოთ ამ სტუდენტების ფსიქოლოგიაზე, მათ ქვეცნობიერში მიმდინარე პროცესებზე, თუმცა შეგვიძლია ვთქვათ, რომ მათი გადაწყვეტილება გულიდან, გონებიდან და ,,გარე ძალებიდან’’ იყო ნაკარნახები.
არჩეული უნივერსიტეტები კი გარკვეუკლ საკითხებში აკმაყოფილებს მათ მოთხოვნებს, ზოგიერთი ასპექტი კი მათ უკმაყოფილებას იწვევს. აბიტურიენტებს ჯერ კიდევ აქვთ დრო შეცვალონ საკუთარი არჩევანი ფაკულტებსა და უნივერსიტეტებთან დაკავშირებით. ჩვენ კი დაველოდოთ ეროვნული გამოცდეების შედეგებსა და სატისტიკას იმის შესახებ, თუ რამდენმა სტუდენტმა გადაწყვიტა ფსიქოლოოგიის სფეროში მოღვაწეობა.