300 ადგილი სტუდენტურ საცხოვრებელში

განათლება

ავტორი: სალომე საგინაშვილი

[spacer style=”1″ icon=”none”]

განათლების სამინისტროს  სტუდენტური საცხოვრებლის მშენებლობის მოთხოვნით, “საქართველოს სტუდენტთა უფლებების ლიგამ” ჯერ კიდევ 2014 წლის იანვარში მიმართა. „საქართველოს მთავრობამ უნდა შეიმუშაოს სტუდენტური საცხოვრებლის მშენებლობის გეგმა და სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს უნდა მიეცეთ საშუალება, მინიმალური თანხის გადახდის შემთხვევაში ისარგებლონ სტუდენტური საცხოვრებლით, ისე, როგორც ეს საზღვარგარეთ ხდება.

“სტუდენტებს მეტი ხელშეწყობა სჭირდებათ“ – წერდნენ “საქართველოს სტუდენტთა უფლებების ლიგის” წარმომადგენლები. მათი თქმით, საქართველოს ბევრ რეგიონში არ არის უნივერსიტეტი, რის გამოც სტუდენტებს უწევთ ჩასვლა თბილისში, სადაც საცხოვრებლის ძიებაში ღამის გადათენებაც კი უხდებათ. მაშინ განათლების მინისტრმა თამარ სანიკიძემ სტუდენტები ამგვარად დაამშვიდა: – „მოკლევადიან პერსპექტივაში პრობლემის ნაწილობრივ გადაჭრის გზა არსებული საერთო საცხოვრებლების რემონტია“.

სტუდქალაქი, რომლის რემონტსაც განათლების მინისტრი გულისხმობდა, მაღლივშია და სტუდენტები ამ შენობების მხოლოდ 2 პატარა კორპუსს იკავებენ. დანარჩენი, გაცილებით დიდი მოცულობის კორპუსებში კი, დევნილები, არც თუ სახარბიელო პირობებში, ცხოვრობენ. სანამ ამ შენობების გარემონტებაზე მიდგება საქმე, ჯერ დევნილების გამოსახლება და სხვა ადგილას ჩასახლებაა საჭირო, რაც, ამ ეტაპზე, არარეალური პერსპექტივაა. იმ სტუდენტთა რაოდენობა, რომლებიც მაღლივის სტუდქალაქში ცხოვრობენ 400-მდეა და საცხოვრებლით მხოლოდ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს ემსახურება.

მაღლივის სტუდქალაქის ერთ-ერთი შენობა, რომელშიც დევნილებს უკავიათ, ასე გამოიყურება:

სტუდქალაქი 1

თამარ სანიკიძის კომენტარიდან, ზუსტად ერთი წლის შემდეგ, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი ამაშუკელმა, თბილისის მერდავით ნარმანიასთან, საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელ დირექტორ ილია დარჩიაშვილთან  და პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური კომიტეტის თავმჯდომარე  ზურაბ ტყემალაძესთან  ერთად თბილისში, ლისის ტბის ფერდობზე  320 ადგილიანი თანამედროვე სტუდენტური საერთო საცხოვრებლის მშენებლობას ჩაუყარა საფუძველი. თბილისის მერის თქმით, ევროპის ქალაქების მსგავსად, ახალი სტუდენტური ქალაქი თანამედროვე სტანდარტებით აღიჭურვება, რაც მნიშვნელოვნად წაადგება ქალაქს და იმ სტუდენტებს, რომლებსაც არ აქვთ საკუთარი საცხოვრებელი ფართი. სტუდქალაქი, საბოლოო ჯამში 320 ადგილიანი იქნება და  სამუშაოები  სახელმწიფო ბიუჯეტიდან  დაფინანსდება. მშენებლობის მთლიანი დანახარჯი 5.250.777  ლარი იქნება.

1419924614_unnamedაღსანიშნავია, რომ პროექტის ფარგლებში ასევე გაკეთდება კაფეტერია, საკონფერენციო ოთახი, სამედიცინო პუნქტი, ბიბლიოთეკა, კომპიუტერების ოთახი, სამრეცხაო და სხვა დამხმარე სახის ინფრასტრუქტურა, რომელიც სტუდენტებს მაქსიმალურად კომფორტულ გარემოს შეუქმნის.   შენობის გარეთ მოეწყობა:  შიდა გზები და ბილიკები, ღია ტიპის სპორტული მოედანი, ტრენაჟორები და გარე განათება. მოხდება ტერიტორიის კეთილმოწყობა და გამწვანება. საცხოვრებელ კორპუსში სასტუმროს ტიპის ბინები იქნება. მათ შორის, რამდენიმე ბინა, განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირებს დაეთმობა. მშენებლობის დასრულების შემდეგ  აშენებული კომპლექსი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გადაეცემა.

[textmarker color=”e0f3ff”] იცი ინგლისური? შეარჩიე საჭირო დონის კურსები edu.aris.ge-ზე! [/textmarker].

ამ დროისთვის დასრულებულია საძირკველში რკინა-ბეტონის სამუშაოები. კომპლექსი ექსპლუატაციაში, სავარაუდოდ, 2016 გაზაფხულზე შევა. სტუდენტური საცხოვრებლის იდეა არ გამაოპარვიათ და აქტიურად განიხილეს თბილისის ფორუმზე, ეს უკანასკნელი კი, ჩვენს ქვეყანაში, ყველაზე დიდი პორტალია. გთავაზობთ საინტერესო კომენტარებს:

Mr_Li: კაია მაგრამ 300 ცოტა….

elRellano:  ეს კაია… მაგრამ რამდენი სტუდენტი გვყავს? რამდენი სტუდენტი გვყავს რეგიონებიდან? რამდენი სტუდენტი უცხოეთიდან? 300 მარტო სოციალურად დაუცველებს ეყოფათ…… ღაც წინა წლებთან შედარებით უკეთესია მაგრამ მაინც ძალიან, ძალიან, ძალიან ცოტააა.

ქაფქიანა:  300? 300 სტუდენტი ორი, ჰაჰა, სამი ჯგუფი იყოს. რა 300, ვის რაში ეყოფა ეგ?

Nasus: ისევ ინდუსებს და არაბებს ჩაასახლებენ იქ, რეგიონებიდან ჩამოსულ ხალხს მიხედეთ, ამ არაბებსა და ინდოელებს ისედაც აქვთ იმის მაყუთი რომ ბინები დაიქირაონ

შაქროII: არის სტუდქალაქი ბაგებში 3 პატარა და 3 დიდი კორპუსი (2 ბლოკიანი)… ერთერტი საუკეთესო სტუდქალაქი იყო 90-იან, შუა წლებამდე. 90-იანებში კი სტუდენტები მაღლა სართულებზე პარკეტს ყრიდნენ და კარფარნჯარას ხსნიდნენ და ქვემო სართულებზე წვავდნენ. ომის შემდეგ ძირითადად ლტოლვილები ცხოვრობენ… დღეს იქ სტუდ. რაოდენობა მინიმალურია… ძირითადად ლტოლვილები და “ზაიჩიკები” ცხოვრობენ. ოჯახისთვის ეს კორპუსები გამოუსადეგარია. სტუდენტებისთვის საუკეთესო… ასე რომ ამ ხალხს მიხედეთ და ეს კორპუსები გაარემონტეთ… მით უმეტეს სწორედ ასე იყო ჩაფიქრებული მაღლივის ტერიტორია და სტუდქალაქი უნდ იყოს/ყოფილიყო 1 კამპუსი. ტერიტორიაზე არის სადადილო, სპორტ მოედანი, ფეხით გადადიხარ თსუ-ში… მოკლედ იდეალურია სტუდქალაქისათვის პ.ს. და რომელ სტუდენტებს მოემსახურება ეს ახალი სტუდქალაქი? თან 300… მოკლედ უაზრო დ ფულის მახე პროექტია.

Tenochtitlan: ამ პროექტზე 6 მილიონი უნდა დაიხარჯოსო გამოაცხადეს. სრულიად არაპაგმატული, წყალში ფულის გადასაყრელა გამოზნული პროექტია, რომელიც აშენებაში დახარჯული ფულის გარდა შემდეგაც მოითხოვს კაპიტალდაბანდებას. მაგას სჯობია ეს ექვსი მილიონი განათლებაში სხვა ხარჯებს მოახმარონ,. კარგი სასწავლო ინფრასტრუქტურის შექმნაში დაეხმარონ უნივერსიტეტებს

Saturn: მე მხარს ვუჭერ. 300 ცოტააო აქ წერენ, კი ბატონო ცოტაა. მეორე წელს კიდევ 300 დაემატება, შემდეგ კიდევ 300 და ასე. ახლა საქართველო მასაჩუსეთსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის კამპუსს რომ ვერ ააშენებს, ცხადია.

“საქართველოს მთავრობის მიზანია პროექტის განხორციელებამ ხელი შეუწყოს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე და საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტბში სოციალურად დაუცველი სტუდენტების სასწავლო საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესებას”, – ვკითხულობთ, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს განცხადებაში. საინტერესოა, რამდენად შეძლებს სახელმწიფო, ამ შედეგის მიღწევას, 320-ადგილიანი სტუდენტური საცხოვრებლის აშენებით?!.

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები