ავტორი: ანი ბოჭორიშვილი
[spacer style=”1″ icon=”none”]
,,1+4’’- ასე უწოდებენ ქართული ენის შემსწავლელ პროგრამას, რომელიც ეთნიკური უმცირესობებისათვის უმაღლესი განათლების მიღების ხელშეწყობის მიზნით ამოქმედდა. პროგრამაში მოსახვედრად და დაფინასნების მისაღებად უნარების სომხურ ან აზერბაიჯანულენოვანი ტესტის ჩაბარებაა საჭირო. ჩარიცხვის შემდეგ სტუდენტი ერთი წელი ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლობს, რაც ენის ცოდნის გაღრმავებაში ეხმარება. შემდეკ კი სწვავლას ბაკალავრიატის პირველ საფეხურზე აგრძელებს. დადებითთან ერთად, ხშირად, ამ პროგრამის უარყოფით მხარეებსაც განიხილავენ და არსებულ ხარვეზებზე საუბრობენ.
[spacer style=”1″ icon=”none”]
ყოველწლიურად ,,1+4’’ პროგრამის ფარგლებში 100 სომხურენოვანი და 100 აზერბაიჯანულენოვანი სტუდენტი ფინანსდება. კანონით განსაზღვრულია ოსურ და აფხაზურენოვანი ტესტების ჩაბარებაც, თუმცა დღემდე ამ პროგრამით აფხაზურენოვანი ტესტი მხოლოდ ორმა აბიტურიენტმა ჩააბარა, ოსურენოვანი ტესტი კი ჯერაც არ შემუშავებულა. ,,განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის მიერ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისათვის განსაზღვრული სტუდენტთა რაოდენობის ფარგლებში, ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მხოლოდ ზოგადი უნარების აზერბაიჯანულენოვანი და სომხურენოვანი ტესტის შედეგების საფუძველზე სტუდენტთა ჩარიცხვისათვის აცხადებს ადგილებს ერთიანი ეროვნული გამოცდებით მისაღებ სტუდენტთა საერთო რიცხვის 5-5%-ის ოდენობით, ხოლო ოსურენოვანი და აფხაზურენოვანი სტუდენტებისთვის – 1-1%-ის ოდენობით (კანონი უმაღლესი განათლების შესახებ; მუხლი 52.51)”.
განათლების სამინისტროს უმაღლესი განათლების განვითარების სამმართველოს უფროსის ნუგზარ ჩიტაიას თქმით, ამას თავისი მიზეზი ჰქონდა. გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა ტესტის შექმნაზე უარი თქვა, რადგან ოსური ენა ამის შესაძლებლობას არ იძლეოდა. ოსურ ენაზე არ არსებობს სამეცნიერო ლიტერატურა, მათემატიკური ტერმინები, ამიტომ ტესტი ვერ ითარგმნა. რადგან კანონში არსებობდა ჩანაწერი, რომ გამოცდა ოსურ ენაზეც უნდა ჩატარებულიყო, საკითხი ნაწილობრივ გადაწყდა. ,,ტესტი ორ ნაწილად გაიყო. პირველი ნაწილი, სადაც ენობრივი მახასიათებლებია ოსურ ენაზე იქნება, მათემატიკური ნაწილი კი – რუსულ ენაზე. მისი გამოყენება მომავალ წელს იგეგმება’’, – განაცხადა “ლიბერალთან” საუბრისას ნუგზარ ჩიტაიამ.
გარდა იმისა, რომ ოსურენოვანი ტესტი ჯერ არ შემუშავებულა, სტუდენტები პროგრამის ხანგრძლივობაზეც ამახვილებენ ყურადღებას.
ნუნე ჩოგანდარიანი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის მესამე კურსის სტუდენტია. ქალაქ ნინოწმინდის N1 სომხური სკოლა დაამთავრა. სასწავლებელში კი ,,1+4’’ პროგრამის გავლის შემდეგ მოხვდა. ამბობს, რომ სკოლაში ქართულს ცუდად ასწავლიდნენ, ქართული ენის შემსწავლელი პროგრამა კი სირთულეების დაძლევაში მეტ-ნაკლებად დაეხმარა. ნუნე ფიქრობს, რომ ერთი წელი საკმარისი არ არის ენის საფუძვლიანად შესასწავლად: – ,,მიუხედავად ყველაფრისა, პროგრამით მაინც კმაყოფილი ვარ. თუმცა ვფიქრობ, რომ კარგად სწავლისათვის არ არის საკმარისი. თავდაპირველად სასწავლო მასალის დაზეპირება მიწევდა, რაც ძალიან მიჭირდა. ჩემი აზრით,ის ფაქტი, რომ სკოლის პერიოდში ქართველბთან ურთიერთობა არ გვიწევდა, ერთგვარი ხელისშემშლელი ფაქტორია ენის საფუძვლიანად შესწავლის კუთხით’’.
აღსანიშნავია, რომ სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლების პროგრამების უმრავლესობა იდენტურია და, ფაქტობრივად, ერთიან ხედვას და კონცეფციას ემყარება. კერძოდ, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ახალციხის სასწავლო ინსტიტუტის, ახალქალაქის კოლეჯის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, სამედიცინო უნივერსიტეტის, გორის, თელავის, ქუთაისის და ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტების პროგრამები მსგავსია. შედარებით განსნხვავებულია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა. თსუ-ისგან განსხვავებით, აქ ჯგუფები არ არის დაყოფილი, სომეხი და აზერბაიჯანელი სტუდენტები ერთად სწავლობენ. პროგრამულ დონეზე განსხვავება თვალსაჩინოა ხდება ქვემოთ მოცემულ ცხრილებზეც.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ნინა მარიკიანი წელს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს ამთავრებს. ნუნეს მსგავსად, ისიც ნინოწმინდის N1 სომხურ სკოლაში სწავლობდა. ამბობს, რომ აღნიშნული პროგრამა ძალიან დაეხმარა ქართული ენის შესწავლაში, რადგან სკოლაში ქართული ენის შესწავლისათვის მხოლოდ 3 საათი იყო გამოყოფილი და არც შესაბამისი სახელმძღვანელოები ჰქონდათ. ,,ვთვლი, რომ ვარ საქართველოს აქტიური მოქალაქე’’, – აღნიშნავს ნინა. მისი თქმით, ამაში დიდი წვლილი უნივერსიტეტის ლექტორებს მიუძღვით. ,,თავიდან სწავლა მიჭირდა, თუმცა მყავდა პროფესიონალი ლექტორები, რომლებიც ყველანაირად მეხმარებოდნენ. იყვნენ ისეთებიც, ვინც ლექცის შემდეგ სპეციალურად ჩემთვის რჩებოდა უნვერსიტეტში და კიდევ ერთხელ მიხსნიდა იმას, რასაც ვერ ვიგებდი’’. ნინა იმასაც აღნიშნავს, რომ ქართველ სტუდენტებთან ძალიან კარგი ურთიეთობა აქვს და მათთან ერთად სწავლა მისთვის, არა თუ, ხელის შემშლელი, არამედ – დადებითი ფაქტორია.
სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, 2010 წელს ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე 124-მა სომხურენოვანმა და 175-მა აზერბაიჯანულენოვანმა აბიტურიენტმა ჩააბარა, 2014 წელის მონაცემების მიხედვით კი, მათი რიცხვი 217 სომხურენოვან და 456 აზერბაიჯანულენოვან აბიტურიენტამდე გაიზარდა („კვოტირების სისტემის კვლევა საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში“ (2013 წ.)).
ამ საკითხთან მიმართებით, პრoბლემატურია ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ ტერიტორიებში არსებული მდგომარეობა. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის სამინისტროს შემწყნარებლობისა და სამოქალაქო ინტეგრაციის 2009-2014 წლებში სამოქმედო გეგმის შეფასების დოკუმენტის მიხედვით, ქვემო ქართლსა და სამცხე-ჯავახეთში სკოლამდელი განათლებით 10-15% სარგებლობს. ხოლო 2011 წელს გამოსაშვებ გამოცდებში 39% მოსწავლე ჩაიჭრა, 2009-11 წლებში კი სულ 13 მასწვალებელმა გაიარა სერტიფიცირება.
ქართული ენის დაბალ დონეზე ცოდნის განმაპირობებელ მიზეზად ისიც შეგვძლია მივიჩნიოთ, რომ, ამავე კვლევის თანახმად, სამცხე-ჯავახეთსა და ქვემო ქართლში მცხოვრები აზერბაიჯანელების 89% უყურებს აზერბაიჯანულ ტელევიზიებს, ხოლო სომხების 81% უყურებს სომხურ ტელევიზიებს. მეორე ადგილას მათთვის რუსულენოვანი ტელევიზიებია, მხოლოდ მესამე ადგილს იკავებს საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი და სხვა ქართულენოვანი ტელევიზიები.
[textmarker color=”e0f3ff”] ✔ იცი ინგლისური? შეარჩიე საჭირო დონის კურსები edu.aris.ge-ზე! [/textmarker].
ქართული ენის შემსწავლელ პროგრამასთან დაკავშიებით, გასათვალისწინებელია ის ფაქტორიც, რომ განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ სახელმწიფოს მიერ გამოცხადებულ 17 პრიორიტეტულ მიმართულებაზე, რომელზეც სახელმწიფო დაფინანსება ვრცელდება და რომელზეც სწავლა ,,უფასოა”, სახელმწიფო დაფინანსება არ ვრცელება საშეღავათო პოლიტიკის შედეგად ჩარიცხულ სტუდენტებზე. ,,სასურველია, სახელმწიფო დაფინანსება გავრცელდეს კვოტირების სისტემის შედეგად ჩარიცხულ სტუდენტებზე იმ კვოტების პროპორციულად, რაც დადგენილია კანონმდებლობით (დაფინანსებული საერთო ადგილების 5% სომხურენოვანთათვის, 5% – აზერბაიჯანულენოვანთათვის, 1% – აფხაზურენოვანთათვის და 1% – ოსურენოვანთათვის). ეს პოლიტიკა მნიშვნელოვანი იქნება ოსურენოვანი და აფხაზურენოვანი აბიტურიენტების მოზიდვის კუთხით და, ზოგადად, ამ მიმართულებით აფხაზებთან და ოსებთან ურთიერთობების გაჯანსაღებისთვის’’- აღნიშნულია ზემოთ ხსნებული კვლევის რეკომენდაციებში.
განათლების სპეციალისტმა შალვა ტაბატაძემ გამოითხოვა მონაცემები, რომლის მიხედვითაც, 2010 წელს ჩარიცხული 300 სტუდენტიდან, მხოლოდ 20% არის დამამთავრებელ კურსზე. ამ მონაცემების შესახებ ინფორმაციას არ ფლობს განათლების სამინისტროს უმაღლესი განათლების განვითარების სამმართველოს უფროსი ნუგზარ ჩიტაია: „რეალურად საბაბიც არ გვაქვს, თუ რატომ უნდა გამოვითხოვოთ ეს ინფორმაცია… ქართულენოვან სტუდენტებშიც კი 15% ყოველთვის არის სხვადასხვა მიზეზის გამო განთესვა. სტუდენტთა 100% ვერ ამთავრებს’’, – ამბობს ნუგზარ ჩიტაია “ლიბერალთან” საუბრისას.
ქალაქ მარნეულის N2 საჯარო სკოლის საინფორმაციო მენეჯერის ზაზა სუყაშვილის ინფორმაციით, შარშან ეროვნულ გამოცდებზე მარნეულის მე-2 საჯარო სკოლიდან 43 აბიტურიენტი იყო რეგისტრირებული. ამ სტდენტებიდან 22 მოხვდა 1+4 პროგრამაზე, 8 აბიტურიენტმა კი ჩვეულებრივად (რუსულ ენაზე) ჩააბარა ეროვნული გამოცდები და გახდა სტუდენტი. წელს ეროვნულ გამოცდებზე 39 აბიტურიენტია რეგისტრირებული აქედან 25 აბიტურიენტს 1+4 პროგრამაზე სურს მოხვედრა.
პროგრამის ამოქმედებიდან უკვე მეხუთე წელი სრულდება. ნუგზარ ჩიტაიას თქმით, მისი არსებობა განათლების ხელმისაწვდომობის კუთხით წინ გადადგმული ნაბიჯია და პროგრამა უფრო წარმატებული აღმოჩნდა, ვიდრე საწყის ეტაპზე იყო ჩაფიქრებული.
უმაღლეს სასწავლებლებში კვოტირების სისტემის კვლევაში გადმოცემულია ძირითადი რეკომენდაციები, რომელთა შესრულებაც, ავტორების აზრით, აუცილებელია პროგრამის მუშაობის ხარისხის გასაუმჯობესებლად. გთავაზობთ რამდენიმე მათგანს:
- უმნიშვნელოვანესია განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ შეიმუშაოს პოლიტიკა ქართული ენის ფლობის შეფასების სისტემისა და ინსტრუმენტის შექმნის თაობაზე;
- კვლევამ გამოკვეთა, რომ სტუდენტები, რომლებიც საერთოდ ვერ ფლობენ სახელმწიფო ენას სწავლის დასაწყისში, ვერ ძლევენ პროგრამას და პრობლემები ექმნებათ საბაკალავრო პროგრამაზე სწავლისას, რადგან საკომუნიკაციო უნარებიც კი არ აქვთ საკმარისად განვითარებული ერთწლიანი პროგრამის გავლის შემდეგ და სერიოზული პრობლემები აქვთ აკადემიური ენობრივი კომპეტენციების თვალსაზრისით. შესაბამისად, მიზანშეწონილი იქნება ქართული ენის კომპეტენციების მინიმალური ზღვრის დაწესება უმაღლეს სასწავლებელში ჩაბარების მსურველთათვის. მხოლოდ აღნიშნული მინიმალური ზღვრის გადალახვის შემთხვევაში იქნება შესაძლებელი მათი ერთწლიან პროგრამაზე ჩარიცხვა;
- ენის ფლობის დონის შეფასებისა და შესაბამისი ინტრუმენტის შემუშავების კვალდაკვალ დადგინდეს სამართლებრივი მექანიზმები იმ სტუდენტებისთვის, რომლებიც აკმაყოფილებენ ენის ფლობის დონით განსაზღვრულ კომპეტენციას; მიეცეთ უფლება: ნებისმიერ დროს გამოცდის ჩაბარების შემთხვევაში გააგრძელონ სწავლა საბაკალავრო პროგრამაზე (რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი არ დაკარგავენ ზედმეტ წელს და არ დაიხარჯება დამატებითი ერთი წლის ფინანსები ამ ტიპის სტუდენტთა ერთწლიან პროგრამაზე სწავლებისთვის).