ილიაუნის ცენტრალური საარჩევნო კომისია განცხადებას ავრცელებს

სტუდენტური ცხოვრება

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ცენტრალური საარჩევნო კომისია სპეციალურ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც ,,სტუდენტური ამბები” უცვლელად გთავაზობთ.

,,უკანასკნელ პერიოდში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის  არჩევნებში მონაწილე ერთ-ერთი მხარის მიერ მასმედიით და სოციალური ქსელების საშუალებით ვრცელდება ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც გაჟღერებულია მოსაზრება, რომ ილიაუნის ადმინისტრაციის მხრიდან ხდება საარჩევნო პროცესებში ჩარევა.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ცენტრალური საარჩევნო კომისია ცალსახად  აცხადებს, რომ მსგავს ფაქტს ადგილი არ ჰქონია და კატეგორიულად გამორიცხავს საარჩევნო ურთიერთობებში ჩართული მხარეების ნებისმიერი სახით ჩარევას ცესკოს საქმიანობაში.

ილიაუნის ცესკო წინასაარჩევნო პერიოდში განუხრელად იცავდა და მომავალშიც დაიცავს საყოველთაოდ აღიარებულ საარჩევნო პრინციპებს და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის მიერ დამტკიცებული არჩევნების დებულების ნორმებს.

ცესკო კონსტრუქციულად თანამშრომლობს რა ყველა მონაწილე მხარესთან, ერთმნიშვნელოვნად აცხადებს, რომ საარჩევნო სუბიექტების მხრიდან ფაქტობრივად დადასტურებულ კანონსაწინააღმდეგო ქმედებებს ადგილი არ ჰქონია და სამომავლოდაც მოუწოდებს მათ, თავი შეიკავონ ისეთი განცხადებებისა და ქმედებებისაგან, რომლებიც დაძაბავს მშვიდ წინასაარჩევნო გარემოს და უარყოფით გავლენას მოახდენს საარჩევნო პროცესებზე.

უნივერსიტეტის ყველა სტუდენტს ვუსურვებთ წარმატებული არჩევანის გაკეთებას 2015 წლის 20 აპრილს!!!,”- აღნიშნულია განცხადებაში. 

[textmarker color=fdf401]გსურს სწავლა საზღვარგარეთ? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე[/textmarker]

 

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები