კომპიუტერული ტექნოლოგიები თანამედროვე ბავშვების ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდა. შეიძლება ითქვას, რომ მათ სათამაშო, მისი ტრადიციული გაგებით, თითქმის ჩაანაცვლეს. პედიატრები და ფსიქოლოგები ამ თემასთან დაკავშირებულ უარყოფით მხარეებს გვერდს ვერ უვლიან. ჩნდება მოთხოვნა ისეთ სათამაშოებზე, რომლებიც ბავშვთა ჯანმრთელობისათვის საფრთხეს არ წარმოადგენს, მაგრამხელს უწყობს ლოგიკური აზროვნების ჩამოყალიბებასა და განვითარებას.
Cubi-Bubi -ასე ჰქვია საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის ელექტრო და კომპიუტერული ინჟინერიის ფაკულტეტის ინჟინრის ალექსანდრე ანასოვისა და მესამე კურსის სტუდენტის გორგი დევდარიანის მიერ შექმნილ სათამაშოს. ის მიზნად ისახავს ალგორითმის ცნების (ალგორითმი – ეს არის ლოგიკურ მოქმედებათა მიმდევრობა დასახულიმიზნის მისაღწევად) გააზრებასა და თამაშის პროცესში, ლოგიკური აზროვნების გზით, დასახული მიზნის შესრულებას.
სათამაშო 5-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვებისთვისაა განკუთვნილი. ის საშუალებას აძლევს მოსწავლეებს, განახორციელონ 27-ბრძანებიანი ლოგიკურ მოქმედებათა მიმდევრობა და გამოსცადონ ალგორითმის სისწორე.,,დღეს მსოფლიოში სულ უფრო დიდი ყურადღება ექცევა ისეთი სათამაშოების შექმნას, რომლებიც ორიენტირებულნი არიან ბავშვთა ლოგიკურ აზროვნებაზე. სწორედ ამიტომ, ჩამოვაყალიბეთ გუნდი რომელიც მოემსახურებოდა აღნიშნულ მიზანს და, ამავდროულად,შექმნიდა ახალ და საინტერესო პროდუქტს“-აღნიშნავს გიორგი დევდარიანი.
მოწყობილობა 2 ნაწილისაგან- პულტისა(ფოტო 1) და შემსრულებელი მექანიზმის, მანქანისაგან(ფოტო 2) შედგება. მუშაობის პრინციპი კი ასეთია: მომხმარებლებს საშუალება ეძლევათ, გამოიყენონ მოწყობილობის ძირითადი და ქვეპროგრამისათვის(F1, F2, F3, Function ბლოკები) განკუთვნილი უჯრები, რათა შეადგინონ ალგორითმი. მომხმარებელი27 კუბიკისაგან(ბრძანების მოდულებისაგან- ფოტო 3), რომლებიც სხვადასხვა ოპერაციის შესრულებისთვისაა განკუთვნილი(მაგ. წინ სვლა,მარცხნივ მობრუნება, მარჯვნივ მობრუნება…),ირჩევს რანდენიმეს, გადააქვს ისინი პულტზე და ალაგებს სასურველი მიმდევრობით.ბოლოს აჭერს start-ის ღილაკს. ამის შემდეგპულტი დაიწყებს ბრძანებების თანმიმდევრობითწაკითხვასადაგაგზავნას შემსრულებელ მოწყობილობასთან.
გიორგი დევდარიანის თქმით, Cubi-Bubi ეკოლოგიურად სუფთა, ანტიალერგიული და ბავშვებისათვის უსაფრთხო მასალისაგან დამზადდება.იგეგმება სათამაშოს დახვეწა, მისთვის სპეციალური ტრასებისა და ლაბირინთების შექმნა- ,,ეს არ იქნება ერთჯერადი ხასიათის პროდუქტი. უახლოს მომავალში მოხდება მისი სერიული წარმოება და სხვა მსგავსი ტიპის სათამაშოების შექმნა მრავალფეროვანი ასორტიმენტისათვის.’’შემქმნელები Cubi-Bubi-ს წარმატებულ მომავალს უწინასწარმეტყველებენ.
ანი ბოჭორიშვილი