ტერორიზმი პანკისის ხეობაში: გამომწვევი მიზეზები (სტუდენტური კონფერენცია)

საინტერესო ფაქტები

“სტუდენტური ამბები” გთავაზობთ სტუდენტური კონფერენციის – “საერთაშორისო ტერორიზმი და საქართველო” მესამე გამარჯვებულ ნაშრომს – “ტერორიზმი პანკისის ხეობაში: გამომწვევი მიზეზები”.

ავტორები: ანა ჩიტალაძე, მარიამ ჯაფარიძე – სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი, საერთაშორისო ურთიერთობები, მე- 4 კურსი.

***

შესავალი

პანკისი ბევრი მკვლევარისა და ექსპერტის თვალთახედვით კავკასიის მინიმოდელს წარმოადგენს მოსახლეობის ეთნიკური, რელიგიური, დემოგრაფიული და ლინგვისტური კომპლექსურობის გათვალისწინებით. პანკისის ხეობა იზოლირებული  მთიან რეგიონია კახეთის მუნიციპალიტეტში. ის ქართულ-ჩეჩნური  საზღვრის სამხრეთ ნაწილში მდებარეობს და მიეკუთვნება ახმეტის რაიონს.

ბოლო წლებში პანკისის ხეობით დაინტერესება გამოიწვია მსოფლიო პოლიტიკაში მიმდინარე სხვადასხვა მნიშვნელოვანმა მოვლენამ, მათ შორის ჩრდილოეთ კავკასიის არასტაბილურობამ, ჩეჩნეთის ორმა ომმა, რადიკალური ისლამის გავრცელებამ რეგიონში ახლო აღმოსავლეთიდან წამოსული ემისარების მიერ. ამ მცირე ხეობას დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ ისლამური ტერორიზმის გლობალურ ქსელში.[1] ის ასევე დაკავშირებულია ნარკოტრეფიკინგთან, ადამიანთა გატაცებებთან და სხვა გლობალურ პრობლემებთან. ბოლო ათწლეულის მანძილზე ის ხშირად გამხდარა პოლიტიკური მანიპულაციების იარაღი ქართულ-რუსულ ურთიერთობებშიც.

აღსანიშნავია, რომ პანკისში ვითარების სტაბილიზაციაში აქტიურად ჩაერთვნენ სხვა არარეგიონული ძალები, ამერიკის შეერთებული შტატების სახით.

დღეს პანკისის რეგიონი ქართულსა და საერთაშორისო მედიაში მჭიდროდ დაკავშირებულია ტერორიზმის სახელთან. ეს თემა განსაკუთრებით აქტუალური კი გახდა ტერორისტული ორგანიზაციის „ერაყისა და სირიის ისლამური სახელმწიფოს“ მოქმედებებში პანკისელი ახალგაზრდების ბრძოლისა და ჩართულობის ზრდის შედეგად. ჟურნალისტების ცნობით სირიაში 50-60 ქისტი ახალგაზრდა იბრძვის მოჯაჰედების სახელით. მათ შორის განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს ეთნიკურად ქართველი, წარმოშობით პანკისის ხეობიდან თარხან ბათირაშვილი, რომელსაც მსოფლიო იცნობს ომარ ალ-შიშანის სახელით, ისლამური სახელმწიფოს ჩრდილოეთ ფრთის მეთაური. 2012 წელს ის გაემგზავრა სირიაში, დასახლდა ქალაქ ჰარიტანში (ალეპოს პროვინცია) და სწრაფად შემოიკრიბა თავის გარშემო რუსულად მოლაპარაკე მებრძოლები ყოფილი სსრკ-დან, კერძოდ ჩრდილოეთ კავკასიიდან.[2] ისლამური სახელმწიფოს სახელგანთქმულ ტერორისტებს შორის სხვა პანკისელებიც ხშირად სახელდებიან. მათ შორის აღსანიშნავია მუსლიმ აბუვ ვალიდ შიშანის სახელით ცნობილი მურად მარგოშვილი.[3]

სირიაში საღვთო ომში ქისტ ქართველთა გარკვეული ნაწილი მონაწილეობა მეტყველებს იმაზე, რომ ქართული სახელმწიფო საერთაშორისო ტერორიზმის მნიშვნელოვანი გამოწვევის წინაშე დგას. ტერორიზმის მზარდი საფრთხე ქართულ მთიანეთსა და ზოგადად ჩრდილოეთ კავკასიაში არა მარტო საქართველოსთვის, არამედ მთლიანად რეგიონის უსაფრთხოებისათვის დიდ პრობლემას წარმოადგენს.  გასაკვირი არ არის, რომ ტერორიზმმა, რომელიც მსოფლიოს უმთავრესი პრობლემა და 21-ე სუკუნის უმნიშვნელოვანესი გამოწვევაა ჩვენი ყურადღება დაიმსახურა. ლოგიკურია, რომ საინტერესოდ მიგვაჩნია გამოვიკვლიოთ საერთაშორისო ტერორიზმი ქართულ კონტექსტში, მოცემული პრობლემის არსი და მისი გამომწვევი ძირითადი მიზეზები.

აღსანიშნავია, რომ განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს მსოფლიო პოლიტიკაში განვითარებული მოვლენებისა და ისტორიული ფაქტორების გადაჯაჭვულობა პანკისის ხეობის ტერორიზმის კერად ჩამოყალიბების პროცესში. ამ მიზნით კი შემოგთავაზებთ შიდა და გარე ფაქტორთა ერთობლიობისა და იდენტობის კრიზისის თავისებურ ზეგავლენას იქ მიმდინარე პროცესების რეგულირებაში.

ისტორიული საფუძვლები

ქართველი ქისტები (საქართველოში ჩეჩნებისა და ინგუშების ადგილობრივი სახელწოდება), რომლებიც წარმოადგენენ ვანიახებს, ძირითადად სახლობენ პანკისის რეგიონში. ოფიციალური ცნობების მიხედვით 12.000 ქისტი ცხოვრობს საქართველოში, მათი ნახევარი კი ზუსტად პანკისშია თავმოყრილი. 1970-იან და 1980-იან წლებში უმძიმესი ეკონომიკური და სოციალური პირობების გამო, ბევრი მათგანი იმიგრაციაში წავიდა რუსეთში, თუმცა ბოლო ათწლეულების მანძილზე ქისტების რიცხვი საქართველოში გაორმაგდა, ჩეჩნეთიდან ლტოლვილების შემოდინების ხარჯზე.[4]

1989 წლის სტატისტიკური მონაცემებით პანკისში ქისტები  მოსახლეობის 43 %-ს წარმოადგენდნენ, ეთნიკური ქართველები-29%-ს, ოსების წილი კი 28%-ს შეადგენდა. თუმცა, ეთნოდემოგრაფიული მდგომარეობა მნიშვნელოვნად შეიცვალა 1990-იანი წლების დასაწყისიდან. ჩეჩნეთის ომების შედეგად ლტოლვილთა ნაკადისა და ოსების ემიგრაციის შედეგად ვაინახები ყველაზე დიდ ეთნიკურ ჯგუფად იქცნენ ხეობაში.

პანკისში თანამედროვე იდენტობის ფორმირების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი განმსაზღვრელი ფაქტორი საზოგადოების კლანებად დაყოფაა. ამგვარად, პანკისის ქისტები დაყოფილია ორ ნაწილად. თითოეული ქისტი საკუთარ თავს ერთ-ერთ სუფიტურ ძმობასთან აიგივებს. [5] მნიშვნელოვანია ბიკულტურული ცნობიერების არსებობა ქისტებს შორის. ერთი მხრივ, ისინი ვაინახური კულტურის წარმომადგენლები არიან საზოგადოებრივი წყობისა და რწმენათა სისტემის თვალსაზრისით, ისევე როგორც სამშობლოს მათეული კონცეფციის მიხედვით. მეორე მხრივ, კი მნიშვნელოვნად განიცდიან ქართული კულტურის ზეგავლენას, რაც გამოხატულია ენასა და ზოგიერთ ადათ-წესში.

პანკისის ხეობაში მიუხედავად მუსულმანთა და ქრისტიანთა ერთობლივი თანაცხოვრების ხანგრძლივი გამოცდილებისა, არასოდეს ყოფილა მათ შორის რელიგიური ნიშნით დაპირისპირების შემთხვევები. რადიკალურმა ფუნდამენტალისტურმა იდეებმა და ტერორისტული საქმიანობის გააქტიურებამ ფეხი მეოცე საუკუნის ბოლოს მოიკიდა, რაც გამოწვეულია სხვადასხვა ფაქტორების გავლენით.

გარე ფაქტორები

პანკისის ხეობაში ტერორიზმის ზრდისა და წახალისების სტიმულად შეიძლება მივიჩნიოთ გარე ძალების გავლენის ზრდა რეგიონში. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი რელიგიური იდენტობის ფორმირებაში მათი აქტიური მონაწილეობაა. ქისტებში რელიგიური იდენტობის გამძაფრება შეიმჩნევა ბოლო წლებში.  ვაჰაბიზმი საკმაოდ მზარდ და მნიშვნელოვან მოვლენად იქცა პანკისელი ახალგაზრდების საზოგადებრივ ცხოვრებაში. თვალსაჩინოა, აშკარა დაძაბულობა ვაჰაბისტებსა და ტრადიციული ისლამის მიმდევრებს შორის.  ვაჰაბისტები წმინდა ისლამის მიმდევრებად მიიჩნევენ საკუთარ თავს, რომელიც გამორიცხავს ტრადიციებითა და ადათ-წესებით „დამახინჯებულ“ ისლამის ფორმას. ისინი სუფიტურ ისლამს, რომელიც ტრადიციულად გავრცელებულია ქართველ ქისტებში, ჭეშმარიტი ისლამის გამრუდებულ მიმდინარეობად აღიქვამენ.[6]

პანკისის ხეობაში ვაჰაბისტები პირველად1997 წლის გაზაფხულზე გამოჩნდნენ. ბევრი ახლად მოქცეული ჩეჩენი ვაჰაბისტი პანკისის რეგიონში ლტოლვილის სტატუსით ჩამოსახლდა და დაიწყო ახალგაზრდა ქისტებს შორის „წმინდა ისლამის“ ქადაგება.[7] ამ მიზნის მისაღწევად ასევე სხვადასხვა არაბული სახელმწიფოსა და თურქეთის მოქალაქეები დასახლდნენ პანკისის ქისტურ სოფლებში და დაიწყეს რადიკალური რელიგიური საქმიანობა. აღსანიშნავია, რომ ისინი დიდწილად ფინანსდებოდნენ სხვადასხვა ისლამური ორგანიზაციების მიერ. [8] „პილიგრიმები“ ახორციელებდნენ სხვადასხვა სოციალურ და ჰუმანიტარულ პროექტებს ხეობაში ჯამაათის სახელით. ისინი ახალგაზრდებს პერმანენტულად უხდიან 100-150 $-ს(რაც რეგიონის ეკონომიკური განუვითარებლობის გათვალისწინებით სოლიდური თანხაა)  და  შეიძლება ითქვას ასე „ყიდულობენ“ მათ მხარდაჭერას.

აღსანიშნავია, რომ პანკისის ხეობაში ფუნქციონირებს 5  მეჩეთი, რომელთაგან ოთხი მხოლოდ  2000-იან წლებში აშენდა საუდის არაბეთის მიერ გაწეული ფინანსური დახმარებით. სწორედ საუდის არაბეთი აფინანსებს ადგილობრივ მედრესეებს და უზრუნველჰყოფს პანკისელი ახალგაზრდების განათლების მიღებას საუდის არაბეთში და არაბულის გაკვეთილებს პანკისის ხეობაში. [9]

პანკისის ხეობასთან დაკავშირებით საერთაშორისო საზოგადოებაში ყველაზე მნიშვნელოვანი გამოხმაურება  უკავშირდება გავრცელებულ ხმებს ალ-ქაიდას წევრების არსებობის შესახებ ამ რეგიონში. არსებობდა სერიოზული საფუძველი, რომ ალ-ქაიდამ, ავღანური ბაზის კრახის შემდეგ, საკუთარი საწვრთნელი ბაზა იმ პერიოდისთვის საქართველოს უკონტროლო ტერიტორიაზე – პანკისში  განათავსა. ამ მოსაზრების პროპაგანდაში განსაკუთრებულ როლს რუსული მედიასაშუალებები ასრულებდა და არც თუ ისე წარუმატებლად.[10] პანკისის რეგიონის რადიკალიზაციას ხელს უწყობდა არა მხოლოდ არაბული ორგანიზაციები, არამედ ძლიერი კავკასიური დიასპორა, რომელიც ახლო აღმოსავლეთში არსებობდა.

აღსანიშნავია, რომ ჩეჩნეთის მეორე ომის შემდეგ  2000-იან წლებში რამდენიმე ათასიან ლტოლვითა ნაკადს პანკისში მოჰყვა დიდი რაოდენობით იარაღის შემოდინებაც.  ამ პროცესებმა გამოიწვია უმართავი მდგომარეობა ხეობაში. ქართულმა ხელისუფლებამ ფაქტობრივად სრულად დაკარგა კონტროლი. გააქტიურდა სხვადასხვა საერთაშორისო დანაშაულებები. სიტუაცია მნიშვნელოვნად შეიცვალა 2003 წელს, როდესაც სააკაშვილის მთავრობამ აშშ-ს მხარდაჭერით განახორციელა ანტი-ტერორისტული ოპერაცია.[11] თუმცა, პარალელურად მაინც ვრცელდებოდა რადიკალური ისლამის იდეები, რაც საბოლოოდ ტერორისტული საქმიანობის ხელშეწყობის მთავარ მამოძრავებელ ძალად იქცა.

აქედან შეგვიძლია დავასკვნათ, რომ გარე ძალების ფინანსური თუ იდეოლოგიური მხარდაჭერის საშუალებით საკმაოდ მარტივდებოდა არათვითრეალიზებული ახალგაზრდა ქისტი მოსახლეობის რადიკალიზაცია.

შიდა ფაქტორები

პანკისის ხეობის საერთაშორისო ტერორისტულ ქსელში გნსაკუთრებული ადგილის დამკვიდრებას მეტ-ნაკლებად ხელი შეუწყო ეკონომიკურმა, პოლიტიკურმა და სოციალურმა პირობებმა, რაც ჩვენს კვლევაში შიდა ფაქტორების როლით არის განსაზღვრული. პირველ რიგში, აღსანიშნავია პანკისის რეგიონის იზოლაცია. ეს ერთი მხრივ გეოგრაფიული დეტერმინიზმით არის განპირობებული და მეორე მხრივ, ქვეყნის არათანამაბრი განვითარების შედეგია. სსრკს პერიოდში არ არსებობდა ერთიანი ქმედითუნარიანი ეკონომიკური სისტემა. პანკისის ხეობის ეკონომიკა ჩრდილოელ კავკასიელი მეზობლების მსგავსად სახელმწიფოს დოტაციაზე ფუნქციონირებდა. სამწუხაროდ, დღემდე არ არის განსაზღვრული ამ ხეობის ადგილი ქართულ ეკონომომიკურ სისტემაში, რადგან ეს უკანასკნელი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესშია.

სწორედ ამ მიზეზით აიხსნება პანკისის ხეობაში დაფიქსირებული უმუშევრობის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი საქართველოს მასშტაბით. ამ რეგიონის მაცხოვრებლები პირად საუბრებში ხშირად უსვამენ ხაზს ეკონომიკური სიდუხჭირის გავლენას ისლამისტური რადიკალური იდეების გავრცელებაში. მაგალითისთვის საკმარისია თარხან ბათირაშვილის (ომარ ალ-შიშანი) მამის ინტერვიუ, რომელიც აცხადებს, რომ საკუთარ შვილს სირიაში საბრძოლველად წასასვლელად სწორედ ეკონომიკურმა პრობლემებმა და უმუშევრობამ უბიძგა.[12]

მარტივ ჭეშმარიტებას წარმოადგენს ის ფაქტი, რომ ეკონომიკური განუვითარებლობა, განსაკუთრებით კი რეგიონის განვითარების ჩამორჩენილობა და ამ ფაქტის გაცნობიერება მოსახლეობის მხრიდან მრავალი სოციალური პრობლემის მიზეზად შეიძლება იქცეს. სოციალური და ეკონომიკური უსამართლობა ტერორიზმის ხელშემწყობი ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია. ამ შემთხვევაში პანკისის რეგიონში ტერორისტული საქმიანობის განვითარებაში უსამართლობის შეგრძნება დიდ როლს არ თამაშობს, თუმცა ეკონომიკური პრობლემები იწვევს ეთნიკური, კულტურული და რელიგიური ნიშნით განსხვავებული მოსახეობის ინტეგრაციის შეფერხებას ქართულ სახელმწიფოში. შეიძლება ითქვას, რომ ქისტები მარგინალიზირებულ ჯგუფს წარმოადგენენ საზოგადოებაში, რომლებიც დანარჩენი მოსახლეობისაგან მნიშვნელოვნად გამოირჩევიან. ამ ფაქტზე კარგად მეტყველებს სხვადასხვა სტატისტიკური მონაცემი, რომელიც სოციალური პრობლემების არსებობას უსვამს ხაზს. პანკისში ფიქსირდება კრიმინალის მაღალი დონე და საზოგადოებრივ და პოლიტიკურ აქტივობებში ჩართულობის ძალიან დაბალი მაჩვენებელი.

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა ქართული განათლების სისტემის წარუმატებლობაა პანკისის ხეობაში. პანკისელი ახალგაზრდები იშვიათად აგრძელებენ სწავლას უმაღლეს სასწავლებლებში და ხშირად უარს ამბობენ სკოლაში სიარულზეც კი.[13] განათლების სისტემის ხარვეზები ხელს უწყობს რადიკალური იდეების გავრცელებას და ნოყიერ ნიადაგს ამზადებს არაბული ქვეყნების მიერ დაფინანსებული ყურანის სწავლებისა და ვაჰაბიზმის გავრცელებისათვის.

იდენტობის კრიზისი

პანკისის ხეობაში ახალგაზრდათა რადიკალიზაციის ერთ-ერთ მთავარ გამომწვევ მიზეზად იდენტობის კრიზისის არსებობა შეიძლება მივიჩნიოთ. პანკისის მულტიეთნიკური, მულტირელიგიური და მულტიდემოგრაფიული ხასიათი და ასევე ისტორიული ფესვები გაურკვევლობის კვალს ტოვებს ახალგაზრდათა თვითიდენტიფიკაციის პროცესში. ეს ფაქტი კი ეხმიანება მათი რადიკალიზაციისთვის არსებულ მარტივ პირობებს. ზოგადად იდენტობა ადამიანის ფსიქოლოგიური და სუბიექტური წარმოდგენაა საკუთარ „მე“-ზე, მის ადგილსა და როლზე საზოგადოებაში. იდენტობის ცნების საშუალებით პიროვნება საკუთარ თავს აიგივებს გარკვეულ ტიპოლოგიურ კატეგორიასთან, როგორიცაა სახელმწიფო, სოციალური სტატუსი, კულტურა, ეროვნება თუ სხვა. ხოლო პიროვნების იდენტობა უკვე მის სოციალური როლის მოძებნასა და თვითრეალიზაციის საშუალებაში გამოიხატება. პრობლემას წარმოადგენს ის ფაქტი, რომ პანკისის ხეობაში მიმდინარე პროცესების ფონზე არსებობს იდენტობის დაკარგვისა თუ შელახვის საფრთხე. იდენტობის კრიზისს ხშირად განაპირობებს სოციოკულტურული გარემოს მკვეთრი შეცვლა და ქართულ საზოგადოებაში ჩართულობის შემცირებისა და დეინტეგრაციის ფაქტები. გარდა სოციოკულტურული გარემოს ცვლილებისა, სსრკ-ს დაშლის შემდეგ მოხდა ქისტების ჩამოშორება ერთიან ენაზე მოსაუბრე ჩრდილო კავკასიელი ხალხებისგან. როცა ქისტების მაიდენტიფიცირებელი როლები შეიცვალა დროსა და სივრცეში, დაიწყო კიდეც ახალგაზრდებისთვის კრიზისი, საკუთარი თავის ხელახლა აღმოჩენისა და თვითდამკვიდრების რთული პრობლემა. გამომდინარე იქიდან რომ ამ პროცესის მასშტაბურობა პანკისში რეალურია, სერიოზულ საფუძველს იძლევა ისლამური რადიკალიზაციის გავრცელებისა და ტერორისტულ ორგანიზაციებში გაწევრიანების თვალსაზრისით.

დასკვნა

საქართველოს სახელის საერთაშორისო ტერორიზმთან დაკავშირება განაპირობა პანკისის ხეობაში განვითარებულმა მოვლენებმა, რაც სსრკ-ს დაშლის შემდეგ იღებს სათავეს. თუმცა მიზეზები უფრო ღრმაა და მრავლისმომცველია, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს. ჩვენი ნაშრომი ცხადჰყოფს, რომ პანკისში ტერორისტული საქმიანობის გააქტიურების მიზეზი  არ არის ეთნოკულტურული და რელიგიური მახასიათებლები. ის მჭიდროდაა დაკავშირებული პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სოციალურ პროცესებთან.

აღსანიშნავია, გარე ფაქტორთა უშუალო ზეგავლენა ქისტი ახალგაზრდების რადიკალიზაციის პროცესში, მათ შორის არატრადიციული ისლამის ვაჰაბიზმის გავრცელება, ჩეჩნეთის ომის შედეგად ლტოლვილთა ჩამოსახლება და მათი საქმიანობა და არაბული ტერორისტული ორგანიზაციების ფინანსური მხარდაჭერა სხვადასხვა რადიკალური ისლამის იდებიის პროექტების განხორციელებისთვის.

გარდა ამისა, არანაკლები მნიშვნელობისაა შიდა ფაქტორთა სპექტრი, რომელიც მოიცავს ეკონომიკურ განუვითარებლობას, სოციალურ პრობლემებს, კერძოდ უმუშევრობის ძალიან მაღალ დონეს, განათლების სისტემის ხარვეზებსა და პანკისელების ქართულ საზოგადოებაში ინტეგრაციის დაბალ ხარისხს.

ამ ყველაფერთან ერთად სერიოზული როლი უნდა მივანიჭოთ ასევე იდენტობის კრიზისს პანკისში, რაც ახალგაზრდათა სოციალური როლის განუსაზღვრელობაში გამოიხატება. ამ ფაქტორთა ერთობლიობა ხელს უწყობს პანკისის ხეობაში რადიკალური იდეების გავრცელებას.

ჩვენი აზრით, ტერორიზმი პანკისის ხეობაში მნიშვნელოვანი გამოწვევაა საქართველოს უსაფრთხოებისათვის და ამ პრობლემის პრევენცია ხელისუფლების ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრეროგატივად უნდა იქცეს.

 

ბიბლიოგრაფია

  1. Sanikidze, G. „Islamic Resurgence in the Modern Caucasian Region: “Global” and “Local” Islam in the Pankisi Gorge”, p. 263 web: https://src-h.slav.hokudai.ac.jp/coe21/publish/no14_ses/10_sanikidze.pdf

 

  1. Akhmeteli N. “The Georgian Roots of ISIS commander Omar Al-Shishani”, 9 July 2014, web: http://www.bbc.com/news/world-europe-28217590

 

  1. Joanna Paraszczuk, „Should Georgia Fear Is Threat to its pankisi Gorge”, 14 October, 2014, web: http://www.rferl.org/content/georgia-isis-islamic-state-pankisi-gorge-russia/26637101.html

 

  1. Christina Maza, “Georgia’s Pankisi Gorge, Home to many of the Chechens fighting in Syria”, July 22, 2014, web: http://balkanist.net/georgia-is-home-to-many-of-the-chechen-fighters-in-syria/

 

  1. Николай Малишевский,” Грузия: добро пожаловать, международный терроризм”10.2014, http://ria.ru/cj_analytics/20140929/1026028488.html

 

  1. ეკა წამალაშვილი, „პანკისის ხეობაში ანტიტერორისტული ოპერაციის ახალი ეტაპი იწყება“, 28.02.2003 http://www.radiotavisupleba.ge/content/article/1526823.html
  2. Metreveli Irakli, “Georgia’s Pankisi Gorge: The making of a Jihadist”, 23.11.2014 http://www.businessinsider.com/afp-georgias-pankisi-gorge-the-making-of-a-jihadist-2014-11

 

  1. Popovaite Inga, “Pankisi youth choose radical Islam over grim Reality”, 21.11.2014 http://dfwatch.net/pankisi-youth-choose-radical-islam-over-grim-reality-94931-32304

[1] Sanikidze, G. „Islamic Resurgence in the Modern Caucasian Region: “Global” and “Local” Islam in the Pankisi Gorge”, p. 263

[2] Akhmeteli N. “The Georgian Roots of ISIS commander Omar Al-Shishani”, 9 July 2014

[3] Joanna Paraszczuk, „Should Georgia Fear Is Threat to its pankisi Gorge”, 14 October, 2014

[4] Sanikidze, G. „Islamic Resurgence in the Modern Caucasian Region: “Global” and “Local” Islam in the Pankisi Gorge”, p. 263

[5] Sanikidze, G. „Islamic Resurgence in the Modern Caucasian Region: “Global” and “Local” Islam in the Pankisi Gorge”, pp. 264-265 web: https://src-h.slav.hokudai.ac.jp/coe21/publish/no14_ses/10_sanikidze.pdf

[6] Sanikidze, G. „Islamic Resurgence in the Modern Caucasian Region: “Global” and “Local” Islam in the Pankisi Gorge”, p. 274

[7]Christina Maza, “Georgia’s Pankisi Gorge, Home to many of the Chechens fighting in Syria”, July 22, 2014

[8] Sanikidze, G. „Islamic Resurgence in the Modern Caucasian Region: “Global” and “Local” Islam in the Pankisi Gorge”, p. 275

[9] იქვე,.. გვ. 277

[10] Николай Малишевский,” Грузия: добро пожаловать, международный терроризм” 01.10.2014,

[11] ეკა წამალაშვილი, „პანკისის ხეობაში ანტიტერორისტული ოპერაციის ახალი ეტაპი იწყება“, 28.02.2003

[12] Metreveli Irakli, “Georgia’s Pankisi Gorge: The making of a Jihadist”, 23.11.2014

[13] Popovaite Inga, “Pankisi youth choose radical Islam over grim Reality”, 21.11.2014

 

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები