ქუთაისის უნივერსიტეტი, ერთ-ერთია იმ უმაღლეს სასწავლო დაწესებულებათა სიაში, სადაც სტუდენტს შესაძლებლობა აქვს, განათლების მიღებას მრავალფეროვანი სტუდენტური ცხოვრებაც შეუთავსოს. ამაზე უნივერსიტეტის მთლიანი გუნდი ზრუნავს, ერთ-ერთია დიანა ჯღარკავა. იგი ეკონომიკის ფაკულტეტის მე-3 კურსის სტუდენტია და უკვე მეორე წელია სტუდენტურ თვითმმართველობასაც ხელმძღვანელობს. ამბობს, რომ უნივერსიტეტში სასიამოვნოდ დამღლელი სტუდენტური ცხოვრებაა. უნივერსიტეტს თავისი მხიარულთა და საზრიანთა კლუბი და თეატრალური დასი ჰყავს. ხშირად იმართება ინტელექტუალური თამაში „რა? სად? როდის?“, სპორტული შეჯიბრებები მინი ფეხბურთში, კალათბურთსა და ფრენბურთში, ჩემპიონატები ნარდსა და ჭადრაკში. სტუდენტები აქტიურად არიან ჩართული უნივერსიტეტის სახელით გამართულ საქველმოქმედო აქცია-ღონისძიებებში. ყველაზე მხიარული ტრადიცია კი საახალწლო კარნავალია. ქუთაისის უნივერსიტეტის სტუდენტური ცხოვრების დეტალებზე დიანა ჯღარკავა “სტუდენტურ ამბებს” ესაუბრა:
– დიანა, რატომ გიყვარს ქუთაისის უნივერსიტეტი? რა არის იქ ისეთი, რაც არ არის სხვაგან?
– რატომ უნდა გიყვარდეს ქუთაისის უნივერსიტეტი?! მიზეზი ძალიან ბევრია. ის გთავაზობს მოწესრიგებულ სასწავლო გარემოს, გამოირჩევა თანამედროვე ინფრასტრუქტურითა და აღჭურვილია სტუდენტებისთვის საჭირო ყველა კომპონენტით. იქნება ეს საკონფერენციო და სააქტო დარბაზი თუ ბიბლიოთეკა, კაფეტერია, სამედიცინო განყოფილება და მოწესრიგებული სველი წერტილები. გარდა ამისა, აქ არის საოცრად მეგობრული გარემო, რა თქმა უნდა თავისი ჩარჩოების გათვალისწინებით. ერთი სიტყვით: „ეს არის ერთი დიდი ოჯახი“.
– რატომ გადაწყვიტე ქუთაისის უნივერსიტეტში ჩაბარება? და რას ურჩევ აბიტურიენტებს, ვისაც ჯერ არ აქვთ გადაწყვეტილება მიღებული?
– როცა გადაწყვეტილების მიღების ეტაპამდე მივედი, თუ სად უნდა გამეგრძელებინა სწავლა და ასევე, სტუდენტური ცხოვრება, ბევრი არ მიფიქრია, არჩევანი თავიდანვე ქუთაისის უნივერსიტეტზე შევაჩერე. აქ შეგიძლია თავის რეალიზება, აქ ყოველთვის მზად არიან დაუზარელად დაგეხმარონ, სწორედ ამ მიზეზებისა და ჰარმონიული გარემოს გამო გადავწყვიტე აქ ჩაბარება და აბიტურიენტებსაც ამას ვურჩევდი. თუკი მათ სურთ სიღრმისეული ცოდნის მიღება, უნდათ რომ იყვნენ პროგრესულები და თამამად შეხვდნენ თანამედროვე გამოწვევებს, მაშინ სწორედ ქუთაისის უნივერსიტეტი აძლევს მათ ამ ყველაფრის შესაძლებლობას. ეს არის უნივერსიტეტი, რომელიც მორგებულია თითოეულ სტუდენტზე. გარდა ამისა, ჩვენ გვაქვს შიდა საგრანტო კონკურსი ანუ ტესტირება ზოგად უნარებში უნივერსიტეტის შიდა გრანტის მოსაპოვებლად. რაც კიდევ ერთი მიზეზია თუ რატომ ქუთაისის უნივერსიტეტი.
– როგორია სტუდენტური ცხოვრება ქუთაისის უნივერსიტეტში და რა დოზით არის ამაში ჩართული თვითმმართველობა?
– ეს არის მეორე სიცოცხლე ჩვენთან :D, აქ არ არის რუტინული გარემო, აქ ყოველთვის ყველა სიახლის ძიებაშია. რექტორატი, სტუდენტური კულტურული და სპორტული ცენტრი, სტუდენტთა სამეცნიერო საზოგადოება და რა თქმა უნდა თვითმმართველობა ყოველთვის ცდილობს თითოეულ სტუდენტს კომფორტული გარემო შეუქმნან და მათთვის დამახასიათებელი ენთუზიაზმი არასდროს გაანელონ. რაც შეეხება ღონისძიებებს, დიდი მრავალფეროვნება გვაქვს. კულტურული და სპორტული ღონისძიებებით, საქველმოქმედო აქციებით, კონფერენციებით და ა.შ. თვითმმართველობა ამ ყველაფერს მთელი წლის განმავლობაში გეგმავს და მართავს. გარდა ამისა, გადაღებული გვაქვს რამდენიმე მოკლემეტრაჟიანი ფილმი ჩვენივე სტუდენტების მონაწილეობით. ვმართავთ პოეზიის საღამოებს. მინდა სიამაყით აღვნიშნო ჩვენი თეატრალური დასის წარმატებები. ისინი უკვე მეორე წელია მონაწილეობენ „მოსწავლეთა და სტუდენტთა სამოყვარულო თეატრების ფესტივალში“ (IFSSAT) და დამსახურებულად ვიღებთ ჟიურის სიმპატიის ტიტულს. ასევე, აქტიურად ვიღებთ მონაწილეობას სტუდენტურ დღეებში, შარშან მოვიპოვეთ ჟიურის სიმპატია მუსიკალურ ბენდში. დიდი ხანია გვყავს მხიარულთა და საზრიანთა კლუბი და ორი წელია გვანებივრებენ წარმატებით.
– როგორია უნივერსიტეტში სპორტული ცხოვრება?
– ჩვენთან სპორტული ცხოვრება ძალიან აქტიურია. ხშირად ვმართავთ შიდა საუნივერსიტეტო შეჯიბრებებს. გასულ წელს მონაწილეობა მივიღეთ ახალციხეში გამართულ ფეხბურთის ჩემპიონატში და მეორე ადგილიც დავიკავეთ. მინდა გამოვყო რაგბის გუნდი, რომელიც შარშან ჩამოყალიბდა და პირველივე გასვლა ჩვენივე გამარჯვებით დაასრულა.
– რა ადგილი უჭირავს ქველმოქმედებას სტუდენტურ ცხოვრებაში?
– ეს სწორედ ის სფეროა, რომელიც ჩვენს უნივერსიტეტს ძალიან უყვარს. ყოველი წლის 19 დეკემბერს-ნიკოლოზობას ვსტუმრობთ მოხუცთა თავშესაფარს, მათთვის მიგვაქვს ტკბილეული, სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნივთი და გასართობი პროგრამა, რომ შეძლებისდაგვარად, მხიარული და სიყვარულით სავსე გარემო. ბოლო ორი წელია ვსტუმრობთ შშმ ბავშვთა დღის ცენტრ „ჯადოსნურ სამყაროს“. გასულ წელს ვესტუმრეთ თერჯოლაში მცხოვრებ „იმედის გმირ“ თამარ გავაშელიშვილს და მატერიალურად დავეხმარეთ. ახალი წლის დადგომის შემდეგ, სოფელ გუმათში, უსახლკარო ჯენია ჯიშკარიანს ვსტუმრობდით, რომელიც პატარა ვაგონში ცხოვრობს. სტუდენტებმა ის სურსათით, ტკბილეულით და აუცილებელი საყოფაცხოვრებო ნივთებით მიამარაგეს, უნივერსიტეტის რექტორმა კი ფულადიდახმარება გაუწია.
– გვითხარი, ჰყავს ქუთაისის უნივერსიტეტს სწავლითა და მიღწევებით გამორჩეულისტუდენტები?
– რა თქმა უნდა. მიმდინარე წელს ჩვენი 5 სტუდენტი სწავლას აგრძლებს საზღვარგარეთ, რუმინეთში, ლიტვასა და ჩეხეთში. მათ წარმატებით გაიარეს 2014 წლის ერაზმუს მუნდუსის გაცვლითი პროგრამების შესარჩევი კონკურსები და საზღვარგარეთ სწავლის გასაგრძელებლად 100%-იანი დაფინანსება მოიპოვეს.
– და ბოლოს, მოგვიყევი შენზე, როგორც თვითმმართველობის პრეზიდენტზე, როგორი იყო ამ საპასუხისმგებლო საქმიანობის დასაწყისი?
– სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტი 2013 წლის გაზაფხულზე გავხდი, ჩემ საქმიანობას კი ამავე წლის შემოდგომაზე შევუდექი. ვერ ვიტყვი, რომ დასაწყისი მარტივი იყო, ვინაიდან რთულია ყველაფრის ერთიანად ათვისება, მაგრამ ამაში ჩემი ერთგული გუნდის წევრები დამეხმარნენ. შემდეგ კი, როცა გავერკვიე ყველაფერი გამარტივდა დასაქმიანობასაც სასიამოვნო ელფერი მიეცა. თვითმმართველობა არასდროს აძლევს თავს მოდუნების უფლებას და მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ქუთაისის უნივერსიტეტში სტუდენტური ცხოვრება მუდამ აქტიური და სასიამოვნოდ დამღლელი იყოს.
ქეთი არის© გიგოლაშვილი