წლებია ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები საგნებსა და ლექტორებს ყოველი სემესტრის დასაწყისში ელექტრონულად ირჩევენ, თუმცა არჩევისას რიგი პრობლემების წინაშე დგებიან, რადგან საგნების არჩევა ერთგვარ მარათონს ჰგავს.
აქ ყველაფერი სისწრაფეზეა დამოკიდებული – ვინ ვის დაასწრებს სასურველი საგნისა და ლექტორის არჩევას, თუმცა ესეც იმ შემთხვევაში, თუ სწავლის საფასურიც დროულად გაქვს გადახდილი და ელექტრონული ბაზაც დროულად გაიხსნა. თუ საგნების არჩევა სტუდენტის ნება-სურვილსა და სისწრაფეზეა მიბმული, საფასურის გადახდას მხოლოდ სურვილი და სიჩქარე ვერ განსაზღვრავს. სტუდენტების თქმით, პთავარი პრობლემა იმაშია, რომ „გადასახადის დაგვიანებით შეტანის შემთხვევაში, სასურველი რექტორისა და საგნის ასარჩევი ელექტრონული ბაზაც გვიან გაგიაქტიურდება და შესაძლოა, ვერც იმ ლექტორთან მოხვდე და ვერც იმ საგანზე, რომელიც ყველაზე მეტად გინდოდა.“
აღნიშნულის გამო თსუ-ში უკმაყოფილებას ბევრი სტუდენტი გამოთქვამს, მათი პოზიციით, ის რომ სასწავლო ბაზის გახსნა სწავლის საფასურის გადახდაზეა დამოკიდებული, სტუდენტებს არათანაბარ პირობებში ამყოფებს. უნივერსიტეტში სწავლის საფასურის გადასახდელად დაწესებული ვადები რამდენიმე დღეს მოიცავს და თანხის თუნდაც ბოლო დღეს გადახდა უნივერსიტეტის შინაგანაწესს არ არღვევს, სამაგიეროდ, სტუდენტების განცხადებით, ირღვევა მათი უფლებები, რადგან ასეთ დროს სურვილისამებრ ვერ ირჩევენ ლექტორებსა და საგნებს, რადგან ყველაფერი დასწრებაზეა.
მარიამ წულაია თსუ-ს მეორე კურსის სტუდენტია. როგორც Aris.ge-განათლებასთან საუბრისას ყვება, სემესტრის დასაწყისში საგნების არჩევასთან დაკავშირებით პრობლემები უკვე ორჯერ შეექმნა.
„შარშან ამ დროს, დაახლოებით ორი დღის დაგვიანებით გადავიხადე სწავლის საფასური და როცა ბაზა გაიხსნა, უკვე დაგვიანებული მქონდა საგნების არჩევა. შესაბამისად სასურველ ლექტორთანაც ვერ მოვხვდი. აი, შემოდგომის სემესტრში კი შიდა მობილობით ვიყავი გადასული და როდესაც უნდა გამოეცხადებინათ თუ როდის იხსნებოდა მობილობით გადასულებისთვის ბაზები, ჩვეულებრივი სტუდენტებისთვის გაცილებით ადრე უკვე გახსნილი იყო და ჩვენ საგნების არჩევა ერთი კვირით დაგვიგვიანდა. აქაც იგივე მოხდა, ავირჩიე ის საგნები და ლექტორები, რომლებიც არ მინდოდა“, – ამბობს მარიამ წულაიამ.
მარიამის თქმით, აღნიშნულის თაობაზე არავისთვის მიუმართავს, რადგან როგორც წესი, დამატებითი ადგილების შესახებ ინფორმაციას უნივერსიტეტი საკუთარ ვებ-გვერდზე ანთავსებს, სადაც სტუდენტები მალევე რეგისტრირდებიან.
„გამოდის, რომ კომპიუტერთან უნდა იყო მიჯაჭვული, თუ გინდა სხვას დაასწრო. მე ვერ ვახერხებდი სულ კომპიუტერთან ჯდომას. თან რამდენი ადგილიც ემატება, მაშინვე ივსება ხოლმე. ჩემ გარდა როგორც ვიცი ბევრს ჰქონია მსგავსი პრობლემა. ერთ-ერთმა საერთოდ ვერ მოასწრო საგნის არჩევა და შემდეგ ადმინისტრაციამ აურჩია. ახლაც 23 თებერვალს იწყება თავიდან ეს პროცესი და თუ ვერ გადავიხდი თანხას დროულად, რა თქმა უნდა, ბაზები არ გაიხსნება და ისევ ამ პრობლემების წინაშე დავდგები“, – განუცხადა Aris.ge – განათლებას მარიამ წულაიამ.
მარიამის მსგავსად საგნების არჩევისას პრობლემა შეექმნა თსუ-ს მეორე კურსის სტუდენტ ბექა ხარატიშვილსაც. როგორც მან Aris.ge – განათლებას უთხრა, გასული წლის შემოდგომის სემესტრში თანხის დროულად გადახდის მიუხედავად, საგნების ასარჩევი სასწავლო ბაზა მაინც დაგვიანებით გაეხსნა. შესაბამისად, იმ ლექტორებთან და საგნებზე, რომელიც მას სურდა, სტუდენტთა ზღვრული რაოდენობა შევსებული იყო და სურვილის საწინააღმდეგოდ, მისთვის არასასურველ ლექტორებთან მოუწია სხვა საგნების სწავლა.
„მეც, ჩემ ჯგუფელებსაც და კურსელებსაც ბევრს გვქონია ეს პრობლემა. შევსებული ყოფილა სხვა ლექტორებთან ადგილები და მიწევდა ისეთი ლექტორის არჩევა, რომელიც მაგალითად, არ მინდოდა. მართალია, არ მიმიმართავს ამის გამო არავისთვის, თუმცა ეს ფაქტი ნამდვილად იყო“, – აღნიშნა ბექა ხარატიშვილმა.
საგნების არჩევისას შეფერხებებზე წუხს თსუ-ს მესამე კურსის სტუდენტი ნინო ალბუთაშვილიც. მან შემოდგომის სემესტრში სავალდებულო 6 საგნიდან მხოლოდ 5 საგნის არჩევა შეძლო, ერთის არჩევა კი მხოლოდ უნივერსიტეტის ადმინისტრაციის დახმარებით მოახერხა.
„წინა სემესტრში 7 საგნის სწავლა მინდოდა. ერთი ჩარჩენილი მქონდა და 6 საგანიც სავალდებულო იყო. თანხა ადრე გადავიხადე, უბრალოდ, ვერ ავირჩიე რაც მინდოდა, ადგილები უკვე შევსებული იყო. ბაზა გამეხსნა თუ არა მაშინვე დავჯექი კომპიუტერთან, მაგრამ სხვას მაინც ვერ დავასწარი. შემდეგ მივმართე ადმინისტრაციას, როგორც ყოველთვის, ხვეწნა გჭირდება და მოგვიანებით მათვე ამირჩიეს დარჩენილი ერთი საგანი. რა თქმა უნდა, ეს დაგვიანებით მოხდა და სასწავლო პროცესიც შემიფერხდა. ამ საგნის გავლა სწავლის დაწყებიდან ერთ კვირაში დავიწყე“, – აღნიშნა ნინო ალბუთაშვილმა.
დამატებითი ინფორმაციის მოპოვების მიზნით, იმის თაობაზე, იზღუდება და ირღვევა თუ არა ზემოაღნიშნულის გამო სტუდენტების უფლებები, Aris.ge-განათლება უნივერსიტეტის ადმინისტრაციას დაუკავშირდა.
უნივერსიტეტში აცხადებენ, რომ აკადემიური რეგისტრაციისას (სასწავლო კურსების არჩევა) სტუდენტის უფლებების შეზღუდვის ან დარღვევის ფაქტი არ ფიქსირდება, რადგან მათი თქმით, თსუ უზრუნველყოფს სტუდენტთა თანაბარ სასტარტო პირობებს და შესაბამისად, რაიმე უპირატესი მდგომარეობის შექმნა სახეზე არ არის;
„აღნიშნული გარემოება შესაძლოა, დადგეს სტუდენტთა მხრიდან სუბიექტური და არა უნივერსიტეტის მხრიდან არსებული მიზეზების გამო. სტუდენტს ახალი სემესტრის დაწყებამდე 2 თებერვლიდან – 1 მარტის ჩათვლით შეუძლია გადაიხადოს სწავლის საფასური, 23 თებერვლიდან -2 მარტის ჩათვლით კი, მხოლოდ ამის შემდეგ შეუძლია გაიაროს აკადემიური რეგისტრაცია (საგნების არჩევა). ანუ ერთი კვირის განმავლობაში ორივე რეგისტრაცია პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს. ეს განპირობებულია სტუდენტების ინტერესებიდან გამომდინარე, რადგან თუ სტუდენტმა ვერ შეძლო 23 თებერვლამდე (პირობითად), სწავლის საფასურის გადახდა, მას არ ერთმევა ადმინისტრაციული რეგისტრაციის და შემდგომ აკადემიური რეგისტრაცის გავლის უფლება. უნივერსიტეტის თვითმიზანი არ არის არაგონივრულად და სტუდენტის ინტერესების საწინააღმდეგოდ დააწესოს ხელოვნური ბარიერი რეგისტრაციების გავლაზე“, – განუცხადეს Aris.ge- განათლებას თსუ-ში.
ადმინისტრაციაში განმარტავენ, რომ ფაკულტეტები მაქსიმალურად მობილიზებულნი არიან აკადემიური რეგისტრაციის პერიოდში და ნებისმიერი სტუდენტის ყოველ მიმართვაზე რეაგირებენ. შედეგად ხშირად ხდება სასწავლო კურსებზე ადგილების დამატება, ახალი ჯგუფების გახსნა, უკვე არჩეული საგნების გადარჩევა და ა.შ.
რამდენიმე დღეში, 23 თებერვალს, სტუდენტებისთვის მეორე სემესტრის აკადემიური რეგისტრაცია იწყება და სტუდენტებშიც კვლავინდებურად არის საგნებისა და ლექტორების არჩევისას „მარათონის“ გამართვის მოლოდინი. ეს იმ ფონზე, რომ უნივერსიტეტი მზაობას გამოთქვამს სტუდენტს აკადემიური რეგისტრაციისას წარმოქმნილი პრობლემები კვლავაც შეუფერხებლად მოუწესრიგოს და აცხადებს, რომ მსგავსი პრობლემები ამ დრომდე ოპერატიურად გვარდებოდა.
სტუდენტების ნაწილი მიიჩნევს, რომ უმჯობესია, თსუ-მ სწავლის საფასურის გადახდისა და აკადემიური რეგისტრაციის ვადები ისე დააწესოს, რომ აკადემიური რეგისტრაციისას „დასწრებაზე“ არ მიდგეს საქმე. სტუდენტების სურვილია, ყველა სტუდენტისთვის სასწავლო ბაზის გახსნა მაშინ დაიწყოს, როცა სწავლის საფასურის გადახდისთვის დაწესებული ვადები ამოიწურება. ასეთ დროს საგნების არჩევა მხოლოდ და მხოლოდ სტუდენტის მონდომებაზე იქნება დამოკიდებული და არა მათ ფინანსურ შესაძლებლობებზე.
ქეთი არის© გიგოლაშვილი