სტუდენტებისთვის განკუთვნილი დრო რამდენიმე ნაწილად შეგვიძლია დავყოთ:
პირველი – ეს არის დრო, რომელსაც სტუდენტი მთლიანად სწავლას უთმობს. ესწრება ლექციებს, დადის ბიბლიოთეკაში და ემზადება გამოცდებისთვის
მეორე – თავისუფალი დრო, როდესაც მას შეუძლია აკეთოს ის რასაც მოისურვებს და დაისვენოს შეზღუდვის გარეშე.
სწორედ თავისუფალი დროის ეფექტურად გამოყენებაზე ვისაუბრებ და შევეცდები, რამდენიმე რჩევაც მოგცეთ. ალბათ არ არსებობს სტუდენტი, რომელსაც დასვენება არ უყვარს და მოუთმენლად არ ელოდება, როდის მოვა შაბათ-კვირა ან დაიწყება არდადეგები. მიუხედავად ამისა, სტუდენტების უმრავლესობას წინასწარ განსაზღვრული არ აქვს, როგორ გამოიყენებს თავისუფალ დროს. მხოლოდ მცირე ნაწილმა იცის აღნიშნულ პერიოდში რას გააკეთებს: უყურებს ტელევიზორს, მოუსმენს მუსიკას და გაერთობა მეგობრებთან ერთად.
მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტები, თავად ზრუნავენ, რომ სტუდენტებმა დასვენების პერიოდი ეფექტურად გამოიყენონ. სთავაზობენ უნივერსიტეტის სპორტულ კლუბებში (კალათბურთი, ფეხბურთი, ბეისბოლი) გაწევრიანებას, ამით ისინი ხელს უწყობენ სტუდენტთა ჯანსაღი წესით ცხოვრებას. გარდა ამისა მათთვის ეწყობა წვეულებები, კონცერტები და სხვა და სხვა გასართობი ღონისძიებები.
საქართველოში აღნიშნული პრაქტიკა ნელ-ნელა ინერგება და ჯერჯერობით განვითარებული არ არის. თუმცა , სტუდენტს თავადაც შეუძლია დამოიკიდებლად, გამოიყენოს თავისუფალი დრო სასარგებლოდ. პირველ რიგში მან ყველაზე მეტი დრო საკუთარ ჯანმრთელობას უნდა დაუთმოს, ამისთვის საჭიროა დაკავდეს სპორტით, იაროს ფიტნეს კლუბებში. დღეს მათთვის ბევრ ფიტნეს კლუბსა თუ სპორტულ ფედერაციაში გარკვეული შეღავათებია დაწესებული.
გარდა აღნიშნულისა დასვენების საუკეთესო საშუალებაა მეგობრებთან ერთად სეირნობა, ქალაქგარეთ გასვლა, ან მეორე ნახევართან ერთად რომანტიულ ვახშამზე წასვლა. ასევე საკმაოდ პოპულარულია ღამის კლუბებში გართობაც, სადაც შესაძლებელია ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე გაატარო დრო. ეს ყველაფერი სტუდენტს დაეხმარება მძიმე სასწავლო დღის შემდეგ განიტვირთოს და ნეგატიური ენერგია მოიშოროს.
სტუდენტების იმ ნაწილს, რომელსაც ხალხმრავალი ადგილები და ხმაური არ უყვარს , შეუძლია სახლში დაისვენოს. მოიძიოს საჭირო ინფორმაცია ინტერნეტში, უყუროს ფილმებს, მოუსმინოს მუსიკას. ამ კატეგორიის ახალგაზრდებს უყვართ სოციალური ქსელები, განსაკუთრებით „ფეისბუქი“, რომლის მეშვეობითაც აქვთ ურთიერთობა მეგობრებთან. დასვენების ეს საშუალება შედარებით ეკონომიურია, ვიდრე ღამის კლუბში ან ფიტნეს ცენტრებში სიარული, მაგრამ დამეთანხმებით ცოტათი მოსაწყენია.
სამწუხაროდ არსებობს სტუდენტთა ის ნაწილი, რომელიც თავისუფალ დროს დამატებით სამუშაოს შესრულებაში ატარებს , რათა საკუთარი ფინანსური მდგომარეობა გაიუმჯობესოს. დაიმახსოვრეთ, საბოლოოდ ყველაფერი თქვენს სურვილებსა და შესაძლებლობებზეა დამოკიდებული. თუ თქვენ გაქვთ დრო, სურვილი და საშუალება, მაშინ დაისვენეთ იქ სადაც ყველაზე კარგად იგრძნობთ თავს და მოდუნდებით.
ავტორი: გეგა რევაზაშვილი