დრეს-კოდი – საქმიანი კულტურის განუყრელი ნაწილია, თუმცა მის მიმართ მოთხოვნები დროთა განმავლობაში მსუბუქდება. საქმიანი სტილის ერთ-ერთი მოთხოვნაა არასტანდარტული გარეგნობის დეტალების არქონა. დღესდღეობით საკმაოდ გავრცელებულია სვირინგი, პირსინგი და თვითგამოხატვის მსგავსი ფორმები. თუმცა, მრავალი დამსაქმებელი შიშობს სამსახურში აიყვანოს ასეთი არასტანდარტული გარეგნობის ადამიანი, რადგან უფრთხილდებიან კომპანიის რეპუტაციას. მიუხედავად ამისა, ეს უფრო გავრცელებული მოვლენაა, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს. HeadHunter-ის კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 75% ამბობს, რომ ჰქონდა შეხება არატიპური გარეგნობის თანამშრომლებთან.
პირველი შთაბეჭდილება
თუ სამსახურის მაძიებელს სურს წარმატებას მიაღწიოს, პირველ რიგში უნდა ახსოვდეს პირველი შთაბეჭდილების შესახებ, რომელსაც მოახდენს დამსაქმებელზე. აღსანიშნავია, რომ პირველ 7-15 წამში ადამიანს აფასებენ ვიზუალურად და ეფექტი, რომელსაც მოახდენს იგი, ახსოვთ დიდი ხნის განმავლობაში. თუ შეფასება ხდება გასაუბრებაზე, მაშინ პირველი შთაბეჭდილება შესაძლოა საბოლოოც აღმოჩნდეს. მრავალი კომპანია აყენებს მოთხოვნებს არა მხოლოდ პროფესიონალიზმის მხრივ, არამედ გარეგნული იერისაც.
უცნაური კოლეგები
არასტანდარტული გარეგნობის ყველაზე პოპულარული ნიშნები – ორიგინალური ჩაცმულობა, სვირინგი ხელებსა და სხეულის სხვა ნაწილებზე (გარდა სახისა). ოფისის მუშაკთა შორის გავრცელებულია პირსინგი სახესა და სხეულის სხვა ნაწილებზე, აგრეთვე გამორჩეული ვარცხნილობები, დრედები, იროკეზი ან ამოსვირინგებული მოხატულობა თავზე.
ოფისის თანამშრომლებში პოპულარობას იძენს ხელების მთლიანი დაფარვა სვირინგებით (ხელები მთლიანად დაფარულია პროფესიონალური ნახატებით) და მთლიანი სხეულისაც კი (70% დაფარულია სვირინგებით). მამაკაცები ატარებენ საყურეებს (დიდი რგოლი ყურში) და გამორჩეულ ვარცხნილობებს. მანდილოსნები კი იღებავენ თმას ღია ფრად. ზოგიერთ იღბლიანს ჰქონია ბედნიერება შეხვედროდა კოლეგას სალათისფერი დრედებით, გახვრეტილი ენითა და დიდი რაოდენობით პირსინგით სახეზე. მიუხედავად ორიგინალური გარეგნობისადმი ტოლერანტული განწყობისა, ინდივიდუალიზმის ზოგიერთი გამოვლინება შოკში აგდებს ოფისის თანამშრომლებს.
სვირინგის ხასიათი
„პირველ რიგში, ყველაფერი დამოკიდებულია სხეულზე სვირინგის ადგილზე. მრავალ საქმიან ადამიანს აქვს გაკეთებული სვირინგი დიდი ხნით ადრე, სანამ გახდებოდნენ წარმატებულები. თუმცა, ძირითადად სხეულის ისეთ ნაწილებზე, რომელთა დაფარვა შესაძლებელია ტანსაცმლით. დღესდღეობით სვირინგისთვის პოპულარული ადგილებია – ხელები, მაჯები, ფეხები, კოჭები“, – გვიყვება IT-კომპანიის OpenClose-ს მარკეტინგის დირექტორი ფრენკ ბოჩინო.
ამასთან, ყველაფერი დამოკიდებულია ბიზნესზე, რომლითაც დაკავებულია ადამიანი. არსებობს გარკვეული პროფესიები, რომლების წარმომადგენლებზე მიჩვეული ვართ სვირინგების არსებობას. მაგალითად: სპორტსმენები, მხატვრები, მუსიკოსები, ბარმენები და ა.შ.
„დასაქმებისას ბევრი რამ არის დამოკიდებული სვირინგის ხასიათზე. მას აუცილებლად მიაქცევენ ყურადღებას თუ ეს შეურაცხმყოფელი, მიუღებელი სიტყვა ან ნახატია. ამგვარი სვირინგი შეიძლება ბარიერი აღმოჩნდეს დასაქმებისას და ბუნებრივია მიუღებელი იქნება სამსახურში“, – აღნიშნავს ექსპერტი.
„ის ფაქტი, რომ მრავალი ადამიანი ალამაზებს სხეულს სვირინგით, პირსინგითა თუ სხვა უჩვეულო ხერხით, საშუალებას იძლევა ვთქვათ, რომ დამსაქმებლის დამოკიდებულება სამსახურის ამგვარი მაძიებლებისადმი დროთა განმავლობაში შეიცვლება. კომპანიები აღარ ეტყვიან უარს ნიჭიერ სპეციალისტებს მხოლოდ მათი გარეგნობის გამო“, – თვლის ექსპერტი სარა გილი.
ნებისმიერ ბიზნესში არსებობს ჩაცმის დადგენილი სტილი, რომელიც ჩადებულია კომპანიის წესებში და განიხილება ყოველ ახალ თანამშრომელთან გასაუბრებისა და ინსტრუქტაჟის დროს. ამიტომ, იმაში დასარწმუნებლად, რომ თქვენს ახალ კომპანიაში არ შეგიზღუდავენ გარეგნობას მხოლოდ კოსტუმით, თამამად დასვით კითხვა დრეს-კოდის შესახებ უშუალოდ გასაუბრებისას.
წყარო: ubr.ua
ა.ზ.