როგორ გამოვიყენოთ პროდუქტიულად თებერვლის არდადეგები

ინტერვიუ

ბევრი ადამიანისთვის თებერვალი ერთი ჩვეულებრივი თვეა. ზოგისთვის დატვირთული, ზოგისთვის კი ნაკლებად დამღლელი. ჩემთვისაც ასე იყო მანამ, სანამ სტუდენტი გავხდებოდი და ერთთვიან დასვენებას გავუგებდი გემოს.

დიახ, სწორედ იმ დასვენებას, მთელი სემესტრის განმავლობაში მოუთმენლად, რომ ელოდები. შუალედურებიც და ფინალური გამოცდებიც, თითქოს, უფრო სწრაფად გადის, როცა იცი, რომ ამ ყველაფრის შემდეგ ერთი თვის განმავლობაში დაისვენებ და დროს სასიამოვნოდ გაატარებ. მეორე მხრივ საუნივერსიტეტო არდადეგები ძალიან კარგი პერიოდია იმისთვის, რომ დავგეგმოთ მომავალი სემესტრი. მაგალითად, გადავწყვიტოთ რისი გაკეთება გვინდა, ავირჩიოთ სასურველი საგნები და ლექტორები, გავიაროთ მოკლე ტრენინგები და ა.შ. თუმცა, როგორც წესი, სტუდენტები ყველაფერს ბოლო წუთს ვაგვარებთ და წინასწარ დაგეგმვისთვის ვერ ვიცლით. მართალია ერთი თვე არც ისე დიდი დროა, მაგრამ თავისუფლად შეგვიძლია დასვენებასთან ერთად ის პროდუქტიულ საქმიანობასაც დავუთმოთ.

გადავწყვიტე თავად სტუდენტებისთვის მეკითხა აზრი. როგორც აღმოჩნდა ჩემი რესპოდენტები თებერვლის არდადეგებს განსხვავებულად ატარებენ.

ლელა ბერუაშვილი (სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი)

10877743_899562476745239_935799057_n

–ჩემი ერთთვიანი საუნივერსიტეტო არდადეგები სულ გართობასა და დასვენებას ხმარდება მეთქი ვერ ვიტყვი. თუმცა მთელი სემესტრის განმავლობაში ყოველი კვირა იმდენად დატვირთულია, რომ ბოლოს დასვენება ძალიან მჭირდება.

როგორ ფიქრობ, არის თუ არა ეს პერიოდი საუკეთესო დრო იმისთვის, რომ ვეძებოთ სამსახური, გავიაროთ ტრენინგი და ა.შ. ?

– სამსახურის ძებნას ვფიქრობ, კონკრეტული დრო არ სჭირდება. თუმცა, რადგან არდადეგების პერიოდში მეტი თავისუფალი დრო გვაქვს, შეგვიძლია დროის რაღაც ნაწილი სამსახურის ძიებასაც დავუთმოთ. თუნდაც მოვამზადოთ ეფექტური რეზიუმე და გავაგზავნოთ სასურველ ვაკანსიებზე. რაც შეეხება ტრენინგებს, დამოკიდებულია იმაზე თუ რა ხანგძლივობის და როგორი სირთულისაა. ჩემი აზრით, არდადეგების დროს უმჯობესია მოკლე და მარტივი ტრენინგები გავიაროთ. ასე დროსაც გამოვიყენებთ და არც გადავიტვირთებით.

რას ურჩევდი სტუდენტებს, რომლებსაც სურთ, რომ ნაყოფიერად გამოიყენონ თებერვლის არდადეგები?

– ვურჩევდი, რომ ეს პერიოდი გამოიყენონ იმ საქმეების მოსაგვარებლად, რისი დროც სემესტრის განმავლობაში არ რჩებათ. ასევე წაიკითხონ მხატვრული ლიტერატურა. ვფიქრობ, ბევრს შემონახულიც აქვს არდადეგებზე წასაკითხი წიგნები. მაქსიმალურად გამოიყენონ დრო დაუმთავრებელი საქმეებისთვის. ასე უფრო მშვიდად შეხვდებიან მომავალ სემესტრს.

ნინო მაკასარაშვილი (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი)

respodenti%20#2

–თებერვლის არდადეგებს ძირითადად ვიყენებ სახატავად, რომელიმე კარგი წიგნის წასაკითხად და ხანდახან ფოტოგრაფიისთვის, დასვენებით მხოლოდ შაბათ-კვირას ვისვენებ, რადგან სხვა დღეებში ვმუშაობ. თუმცა სამეცადინო რომ არაფერია და არც გამოცდები გაქვს, ეგეც დიდი შეღავათია. ასევე, ვცდილობ რაიმე ახალი ვისწავლო,coursera.org-ზე ვიღებ ხოლმე სხვადასხვა კურსებს. იმდენი საინტერესო რამ არის ბოლომდე ყველგან ჩართული არ ვარ ხოლმე, მაგრამ მაინც კარგია კარგი უნივერსიტეტის კურსების მოსმენა.

როგორ ფიქრობ, რა უნდა გააკეთოს სტუდენტმა იმისთვის, რომ ნაყოფიერად გამოიყენოს ერთთვიანი არდადეგები და ამავდროულად არ გადაიღალოს?

-სტუდენტი როცა ხარ ყოველთვის აქტიურად დასვენება გირჩევნია კარგად გამოძინებას. მთავარია დაგეგმო აქტივობები, ისე რომ ბევრი რამ მოასწრო. მე მიყვარს,როცა ვიცი რომელ დღეს რას ვაპირებ და როცა ყველაფერი კარგად მიდის კმაყოფილების გრძნობა უფრო მაქვს ვიდრე დაღლილობის.
თებერვლის არდადეგების დროს შეიძლება მეტი დრო დაუთმო CV-ს დახვეწას და უფრო ინდივიდუალური და ვაკანსიაზე მორგებული რეზიუმე გააგზავნო და არა სტანდარტული ვერსია. რაც შეეხება ტრენინგებს, ესეც ერთგვარი განტვირთვაა, ახალი ადამიანების გაცნობა და ახალი ინფორმაციის მიღებაც კარგია, განსაკუთრებით თუ ტრენინგი თბილისის გარეთ ტარდება.

[textmarker color=”e0f3ff”] იცი ინგლისური? შეარჩიე საჭირო დონის კურსები edu.aris.ge-ზე!  [/textmarker]

 

რას ურჩევდი სტუდენტებს, რომლებსაც სურთ, რომ ეს დრო მაქსიმალურად პროდუქტიულად გაატარონ ?

-ყველასთვის ინდივიდუალურია, ცხადია. მე ვაპირებ რომ დღეში ერთი კარგი ფილმი ვნახო, მეგობრებთან ერთად გავერთო, ფლორენციელი ჯადოქარი და ლოლიტა მაქვს წასაკითხი, ასევე თხილამურებით სასრიალოდ წავალ შაბათ-კვირას და მაღაზიებშიც შევივლი, ალბათ. ჰო, კიდევ, მართვის მოწმობის აღებას ვაპირებ.

საერთო ჯამში, თებერვლის არდადეგებს ყველა სტუდენტი სხვადასხვანაირად და სურვილისამებრ ატარებს. ზოგი სამუშაოს ეძებს, ზოგი წიგნებს კითხულობს, ზოგი კი ქალაქგარეთ გასვლას ამჯობინებს. მთავარია, რომ დრო სწორად გადავანაწილოთ, დანარჩენი ყველაფრის მოსწრება შეიძლება. სხვა სტუდენტებთან ერთად მეც მოუთმენლად ველოდები ერთთვიან არდადეგებს. ყველას კარგ და ნაყოფიერ დასვენებას ვუსურვებ.

ავტორი: ნინო აბდალაძე

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები