23 თებერვლიდან 5 მარტის ჩათვლით, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალური და კულტურის კვლევების ინსტიტუტი ქალაქ ქუთაისში აწყობს ზამთრის სკოლას, რომელიც ეძღვნება თემას: მარქსი და მარქსიზმი.
ზამთრის სკოლაში ლექცია-სემინარებს ჩაატარებენ ევროპის ქვეყნებსა და საქართველოში მოღვაწე პროფესორები და დოცენტები ფილოსოფიისა და სოციალური თეორიის დარგებში: ანდრეას არნდტი (გერმანია), გიომ სიბერტან-ბლანი (საფრანგეთი), ევერტ ვან დერ ცვეერდე (ნიდერლანდების სამეფო), გიორგი მაისურაძე (საქართველო) და ნორმან აჯარი (საფრანგეთი).
ზამთრის სკოლაში ლექცია-სემინარები ჩატარდება გერმანულ, ფრანგულ და ინგლისურ ენებზე თანმიმდევრული ქართული თარგმანის თანხლებით.
კონკურსში მონაწილეობის პირობები:
ზამთრის სკოლის მონაწილეთა შერჩევა მოხდება ესეების კონკურსის საფუძველზე. აღნიშნულ კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ თბილისის უნივერსიტეტებისა და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტის სხვადასხვა საფეხურზე მყოფ სტუდენტებს (ბაკალავრებს, მაგისტრანტებს, დოქტორანტებს). ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს ზამთრის სკოლის ლექციების მოსმენა შეეძლებათ კონკურსის გარეშე.
სტუდენტები, რომლებიც წარმატებით გაივლიან შესარჩევ კონკურსს, მოიპოვებენ სრულ დაფინანსებას ზამთრის სკოლაში მონაწილეობისათვის.
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, გთხოვთ, 10 იანვრის ჩათვლით, ელექტრონულ მისამართზე – [email protected] – გადმოგზავნოთ თქვენი მოკლე ბიოგრაფია (CV), სტუდენტობის დამადასტურებელი ცნობა უნივერსიტეტიდან და ესე თემაზე – რაში შეიძლება მდგომარეობდეს მარქსისა და მარქსიზმის აქტუალობა მსოფლიოში/საქართველოში დღეს?