ფინალური გამოცდები=გათენებული ღამეები

სტუდენტური ცხოვრება

ალბათ, ყველა სტუდენტი დამეთანხმება, რომ გამოცდების კვირა ყველაზე საშინელი პერიოდია მთელი წლის განმავლობაში. და მითუმეტეს, თუკი ეს გამოცდები ფინალურია. შუალედურ გამოცდებზე, ჯანდაბას, ზღვარი არ არის, რამდენიც გინდა, აიღე… მართალია, რაც უფრო მაღალ ქულას აიღებ, მით უკეთესი, მაგრამ ზღვარი რომ არ გაქვს გადასალახი, შედარებით მშვიდად გადიხარ გამოცდაზე.

ალბათ, ყველა სტუდენტისთვის საყვარელი და ამავე დროს საზიზღარი რიცხვია 51. რომელსაც, ჩემი ბევრი ნაცნობი სტუდენტი, „ჯადოსნურს“ ეძახის. აი, სიზმარშიც კი რომ ეს რიცხვი გელანდება და საოცნებოდ გაქვს. ფინალურებზე ზოგი ამ 51 ქულისთვის იბრძვის, ზოგსაც სტიპენდიაზე აქვს პრეტენზია და სულაც არ ანაღვლებს ეს თქვენი 51 ქულა…

ყველაზე ცუდი და მოუხერხებელი კი ის არის, რომ ფინალური გამოცდები ახალი წლის შემდეგაა. ჰოდა, ყველა ჩვენგანს ხომ უნდა ახალი წლის დღეებში გართობა და დალევა? რა თქმა უნდა, გვინდა, აბა, გამოცდების გამო მხიარულებას ხომ არ დავიკლებთ?!

სწორედ ამის გამოა, როდესაც სტუდენტს ეკითხები, თუ როდის აპირებს გამოცდისთვის მომზადებას, უმეტესობა გპასუხობს: „გამოცდის წინა ღამე რისთვის არსებობს?“ ალბათ ბევრმა ამოიცნო საკუთარი თავი…

რაც არ უნდა დარწმუნებული იყო შენს ცოდნაში(მითუმეტეს თუ ასე არაა), გამოცდის წინა ღამეს მაინც წიგნებთან თუ ქსეროქსებთან ერთად ათენებ. თან ხვდები, რომ თავში არაფერი შედის, მაგრამ ჯიუტად მაინც აგრძელებ კითხვას. უნივერსიტეტში მისული კი როდესაც შენნაირ თვალებდასიებულ კურსელებს დაინახავ, სიხარულით აანალიზებ, რომ მარტო არ ხარ და გუშინ მარტო შენ არ ათენებდი ღამეს წიგნებთან ერთად.

რას ვიზამთ, ასეთი ყოფილა სტუდენტის ბედი… არადა, ალბათ მშობლები ყველას გვიყვებოდნენ თავიანთი სტუდენტობის ამბებს, რა მაგარ დროს ატარებდნენ და რა საოცარი პერიოდი გველის წინ. რატომ არასდროს ახსენებდნენ გამოცდებს?
ყველაფერს დადებითად უნდა შევხედოთ… რა შეიძლება იყოს გამოცდებში დადებითი? ჯერ ერთი, საკუთარ თავს ვცდით, თანაც ექსტრემალურ სიტუაციებში გადაწყვეტილების მიღებას ვეჩვევით…

მაგალითად, მე მყავდა მეზობელი, რომელიც ახალი წლის დღეებშიც კი არ უშვებდა წიგნებს ხელიდან. განა იმიტომ, რომ საგნის ჩარჩენის საშიშროება ჰქონდა?! უბრალოდ, ამბობდა, რომ სწავლა სიამოვნებდა და მაშინ, როცა სხვები ქეიფობდნენ, ეს განათლებას იღებდა… გაგეცინათ ალბათ, მეც მეცინებოდა მაშინ, ახლა კი განსაკუთრებით, როცა სტუდენტი ვარ. სულ რომ არაფერი, წიგნთან მთელი დღეები ვერ ვიჯდები, მირჩევნია ისევ „წინა ღამის“ ტაქტიკით ვისარგებლო…
ვნახოთ, როგორ ემზადებიან სტუდენტები ფინალური გამოცდებისათვის…

ბარბარე სალაღაია(ილიაუნი)– იმის გათვალისწინებით, რომ პირველკურსელი ვარ და ფინალურ გამოცდებზე პირველად გავდივარ, განსხვავებულად ვნერვიულობ. თუმცა, ჩემს უნივერსიტეტში გამოცდები საკმაოდ ადვილი დასაწერია, მაგრამ თუ საერთოდ არაფერი იცი, რა თქმა უნდა, ვერაფერსაც ვერ დაწერ შენით. რაც შეეხება გათენებულ ღამეებს და დასიებულ თვალებს, თუკი ყველაფერს თავის დროზე ვისწავლით, ღამეების გათენება და შიშისგან ფრჩხილების კვნეტაც აღარ დაგვჭირდება.

სალომე სალაღაია(საქართველოს უნივერსიტეტი)– ჩემს უნივერსიტეტში ბევრი სხვა სასწავლებლებისგან განსხვავებით მაღალი დონის სწავლაა და შესაბამისად, მკაცრია გამოცდები. შუალედურ გამოცდებთან შედარებით საკმაოდ რთულია ფინალურები, რადგან ჩვენ მინიმუმ 60 პროცენტი უნდა ავიღოთ, საგანი ჩაბარებულად რომ ჩაგვეთვალოს. ჩემი აზრით, ეს საკმაოდ რთულია და კარგი იქნება თუ 50 პროცენტამდე დაწევენ ზღვარს. გამოცდების მსვლელობა საკმაოდ დაძაბულია ჩვენთვის, რადგან ვცდილობთ დროში მაქსიმალურად ჩავეტიოთ, ასევე ვიდეოკამერებით გვაკონტროლებენ და დამკვირვებლები „გვაშინებენ“.

თამთა კოჩაძე(ილიაუნი)– 15იანვრის მერე ფინალური გამოცდები მეწყება. შიშით არ მეშინია, დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფერს კარგად დავწერ, რადგან ჩემი უნივერსიტეტი საფუძვლიან განათლებას იძლევა. ღამეების გათენებას კი ვერ ავცდები. ჩემი აზრით, სულ სხვა მუღამი აქვს, როდესაც ღამეს სწავლაში ათენებ და შემდეგ ეს გიფასდება.
ცხოვრების ყველა პერიოდს თავისი ხიბლი აქვს, სტუდენტობას კი განსაკუთრებით. მიუხედავად იმისა, რომ ახალი წელი კარს მოგვადგა, ჩვენ კი ფინალური გამოცდები და გათენებული ღამეები წინ გველის, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ბოლოს, როცა ჩავლილ წელს გადავხედავთ, უნდა გაგვეღიმოს. ჩარჩენილი საგანი, მითუმეტეს კი მისთვის ფულის გადახდა, ნამდვილად არაა სასიამოვნო და ყველას გისურვებთ მინიმუმ 51 ქულას!..

ავტორი: თამარ თურქია

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები