4500 სტუდენტი ილიას უნივერსიტეტის რექტორს მიმართავს

სტუდენტური ცხოვრება

ილიას უნივერსიტეტის სტუდენტებმა გოდერძი ბოლქვაძემ და ირაკლი ბობოხიძემ დღეს „რეპორტიორის” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე უნივესიტეტის რექტორს გიგა ზედანიას სპეციალური განცხადებით მიმართეს.

„მოგეხსენებათ, ჩვენი სასწავლო დაწესებულება პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების გარდა, ახორციელებს სხვადასხვა სახის სასწავლო-შემეცნებითი ხასიათის ღონისძიებებს. ჩვენთვის ინტერესის საგანს წარმოადგენს ქრისტიანობის, კერძოდ კი, მართლმადიდებლურ მრწამსთან დაკავშირებული საკითხები.

მოგეხსენებათ, წლების განმავლობაში დეკანოზ თეოდორე გიგნაძეს იწვევენ სხვადასხვა სასწავლო დაწესებულებებში თეოლოგიის სხვადასხვა საკითხებზე ღია ლექციების ჩასატარებლად. ეს ლექციები დიდი პოპულარობით სარგებლობს და მას ასეულობით ახლგაზრდა ესწრება.

მოგმართავთ თხოვნით, თვეში ერთხელ გამოგვიყოთ სააქტო დარბაზი, სადაც შესაძლებელი იქნება მამა თეოდორესთან მსგავსი შეხვედრების ორგანიზება.

აქვე გვინდა აღვნიშნოთ, რომ აღნიშნული შეხვედრები არანაირად არ გულისხმობს რაიმე სახის რელიგიური რიტუალის ან კულტის მსახურებასთან დაკავშირებული ქმედებების განხორციელებას. აღნიშნულ პრობლემასთან დაკავშირებით შეგროვებულია 4500 ხელმოწერა!

მოგმართავთ თხოვნით, პასუხი გვაცნობოთ წერილობითი ფორმით”, – ნათქვამია განცხადებაში.

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები