წიგნები სტუდენტის თაროდან

ინტერვიუ

ყოველი წიგნი თვალწინ გვიშლის ახალ სამყაროს“ – ჯორდანო ბრუნო

წიგნი ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. ის წლების განმავლობაში დაგროვებულ ცოდნას, გამოცდილებასა და საინტერესო ისტორიებს ინახავს. მას მართლაც შეუძლია, რომ ადამიანი სულ სხვა სამყაროში ამოგზაუროს. როგორც გურამ დოჩანაშვილი ამბობს თავის მოთხრობაში „კაცი, რომელსაც ძლიერ უყვარდა ლიტერატურა“: – „სად არ ვყოფილვარ, მისალოცებო, რა არ მომივლია, გაღუნული დანით – მაჩეტეთი ეკლიანი ბუჩქები – კაატინგა მიკაფია, ოკეანეში თეთრ მტრედებს დავდევდი, მგონი მიყვარდა, მთათა მწვერვალზეც მიოცნებია და ამისთვის ოო როგორ ვუწამებივარ, კატას ცხრა სიცოცხლე აქვს, მე კი, ვისაც ასე მიყვარს ყოველივე ეს, ჰეე რამდენი, რამდენნაირი სიცოცხლე მინახავს“.

სტუდენტური ცხოვრებაც წარმოუდგენელია წიგნების გარეშე, იქნება ეს სქელყდიანი რთული სიტყვებით დატვირთული ტომეული, თუ ე.წ „ძილის წინ საკითხავი წიგნი“. საინტერესოა, თუ რა კრიტერიუმებით არჩევენ სტუდენტები მხატვრულ ლიტერატურას და როგორ უთავსებენ კითხვას დატვირთულ გრაფიკს. ამისთვის რამდენიმე სტუდენტს გავესაუბრე.

respodenti - 1

ლელა ბერუაშვილი (სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის სტუდენტი)

ძალიან მიყვარს ჯეკ ლონდონის „მარტინ იდენი“ და საერთოდ, ისეთი წიგნები მომწონს, რომლებიც მთელ ცხოვრებას გადაგიშლის და წინ დაგიდებს.

-როდესაც წიგნს ყიდულობ, რას ანიჭებ ყველაზე მეტ მნიშვნელობას? (შინაარსს, ავტორს, რამდენად პოპულარულია თუ სხვ.)?

ჩემთვის მიუღებელი ის მიდგომა, რომ წიგნი მხოლოდ პოპულარობის გამო შევიძინო. ვფიქრობ, ამის გამო ბევრი წიგნი უბრალოდ იკარგება და ყურადღების მიღმა რჩება. ამიტომ, ვცდილობ, რომ შინაარსისა და ავტორის გათვალისწინებით ავირჩიო ჩემთვის სასურველი წიგნი. თუ ავტორი კარგია, წესით, წიგნიც საინტერესოა ხოლმე.

-ხშირად გამიგია სტუდენტებისგან, რომ იმდენად ბევრი სალექციო/სასემინარო მასალის კითხვა უწევთ, რომ მხატვრული ლიტერატურისთვის უბრალოდ დრო არ რჩებათ. შენ თუ გაქვს ეს პრობლემა?

ბუნებრივია,როდესაც ხდები სტუდენტი და გიწევს ერთი კონკრეტული პროფესიის შესწავლა, ცდილობ,მაქსიმალურად ჩაერთო სწავლის პროცესში და მხატვრულ ლიტერატურას პროფესიასთან დაკავშირებული დამატებითი ლიტერატურა ამჯობინო. თუმცა, ჩემი აზრით, სტუდენტი მხატვრული ლიტერატურისგანაც დიდ ცოდნას იღებს, რაც, ზოგადად, ცხოვრებაში გამოადგება. ასევე არსებობს არდადეგებიც, რაც კარგი საშუალებაა წიგნების წაკითხვისთვის. ვფიქრობ, რომ მთავარი მაინც დროის სწორად გადანაწილებაა, როგორც გართობისთვის ისე სწავლისა და წიგნების კითხვისთვის.

respodenti - 2

ნათია ბრეგვაძე (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტი)

ძალიან მიჭირს ერთი საყვარელი წიგნის დასახელება. გამოვყოფ: ,,სამოსელი პირველი“, ,,მარტოობის ასი წელი“, ,,სიამაყე და ცრურწმენა“, ,,აივენჰო“, ,,მარტინ იდენი“, ,,1984“ და სხვ. თითოეული წიგნი სხვადასხვა მიზეზის გამო მომწონს. ზოგ ნაწარმოებში საკუთარ თავს ვაიგივებ რომელიმე პერსონაჟთან, ზოგით რაღაც ახალს ვიგებ და ვსწავლობ. ადგილს რაც შეეხება, ყველაზე მეტად მაინც სახლში კითხვა მსიამოვნებს, ჩაის ან ყავის სმასთან ერთად. ბუხარი რომ მქონდეს მის წინ სარწეველა სკამს დავდგამდი და ისე წავიკითხავდი.

-სტუდენტის დატვირთული გრაფიკიდან გამომდინარე დრო თუ გრჩება მხატვრული ლიტერატურისთვის?

დროის გამოყოფა განსაკუთრებით გამოცდების პერიდში მიჭირს. რა თქმა უნდა, ზაფხული და არდადეგები საუკეთესო დროა ამისთვის, თუმცა სწავლის პერიოდშიც ვცდილობ როგორმე მოვახერხო ჩემთვის სასურველი წიგნების კითხა სასწავლო მასალის პარალელურად. თუნდაც ტრანსპორტში.

ყველა სტუდენტს ვურჩევ, რომ არ ჩამოუყალიბდეთ ისეთი დამოკიდებულება ამა თუ იმ წიგნის მიმართ, რომ რაც მოდაშია ესეიგი აუცილებლად კარგია. მხოლოდ იმიტომ რომ ვიღაც ფიქრობს ასე, ან პირიქით არ თქვან უარი იმ წიგნებზე, რომლებიც მათთვის ახლობელია, მხოლოდ იმიტომ, რომ სხვას არ მოსწონს ისინი. ლიტერატურული გემოვნება, ისევე როგორც ნებისმიერი სხვა სახის გემოვნება ინდივიდუალურია, და ყველა ადამიანმა თვითონ უნდა გადაწყვიტოს რისი წაკითხვა უნდა და როდის.

respodenti - 3

ხატია ჭანიშვილი (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ-პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი)

გამორჩეულად საყვარელი წიგნი არ მაქვს, სხვათაშორის არც მწერალი, არისრამდენიმე, რომელიც განსაკუთრებით მომწონს. მილან კუნდერას ნებისმიერი რომანი შეიძლება ჩავთვალოთ ჩემს საყვარელ წიგნად, ასევე კნუტ ჰამსუნის და კიდევ რამდენიმე ავტორისა… რაც შეეხება ჟანრებს, მირჩევნია ვთქვა, რომელი არ მომწონს, ესაა დეტექტივი და ფენტეზი, თუ ვინმემ არ მირჩია მსგავსი წიგნების წაკითხვა და თუ არ მითხრა, რომ მართლაც კარგია, ჩემი ინიციატივით ნაკლებად ვკითხულობ. წიგნის ყიდვისას ძირითადად მაინც ავტორს და შინაარს ვაქცევ ყურადღებას, არ მიყვარს ბესტსელერი წიგნების წაკითხვა, რადგან ყოველთვის იმხელა მოლოდინი მაქვს, რომ მერე აღარ მიმართლდება და ვრჩები თითქოს იმედგაცრუებული.
დროის უქონლობის პრობლემა თავს იჩენს ხოლმე გამოცდების პერიოდში, თორემ სხვა დროს ნამდვილად არა, მითუმეტეს თუ წიგნი საინტერესოა, ღამით წაიკითხავ და დაამთავრებ. მოკლედ თუ გინდა, დროს ყველაფრისთვის გამონახავ.

-და ბოლოს, რომელი წიგნის ან წიგნების წაკითხვას ურჩევდი სტუდენტებს?

არ ვიცი რამდენად კომპეტენტური ვარ, რომ ვინმეს რაიმე ვურჩიო, მაგრამ რადგან მე ძალიან მომწონს, ვფიქრობ სხვებსაც მოეწონებათ: მილან კუნდერას „ყოფიერების აუტანელი სიმსუბუქე“, აგრეთვე კუნდერას „ შეუცნობელი“, კნუტ ჰამსუნის „მისტერიები“, ჰარუკი მურაკამის „კაფკა პლაჟზე“. ეს ის წიგნებია, რომლებმაც გარკვეულწილად დიდი შთაბეჭდილება მოახდინეს ჩემზე. არ ვიცი, სხვებს რამდენად მოსწონს, თუმცა ეს, ალბათ, მაინც გემოვნების ამბავია.

ავტორი: ნინო აბდალაძე

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები