სტუდენტი სტუდენტისთვის

ინტერვიუ

სტუდენტურ სამყაროში არსებობს ერთი საყოველთაო კანონი: სტუდენტი სტუდენტის გარეშე არაფერია. მარტივად რომ ვთქვათ, უნივერსიტეტში „თანამებრძოლების“ გარეშე მოღვაწეობა არც მოგეწონება და აზრიც არ აქვს. მოკლედ, ჩემი დღევანდელი სტატია ეხება იმას, თუ რას ნიშნავს სტუდენტებისთვის ყოველდღიურ ცხოვრებაში ერთმანეთის არსებობა და რამდენად დამოკიდებული არიან ისინი ერთმანეთზე.

Dea Sanikidze

დეა სანიკიძე (თსუ, მეოთხე კურსის სტუდენტი): „სტუდენტურ ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი დატვირთვა აქვთ კურსელებს. გარდა იმისა, რომ მათთან ერთად გიწევს სასწავლო-სამეცნიერო ფარგლებში შეხვედრა, კურსელების სახით იძენ მეგობრებს, მომავალ კოლეგებს, რომლებთანაც უფრო მეტი საერთო გაკავშირებს და რომლებიც შესაძლოა შენი ცხოვრების მუდმივ თანამგზავრად იქცეს. არიან ადამიანები, რომელთაც შენს აზრს უზიარებ, მათთანვე ასოცირდება სტუდენტური გართობა, რაც გადამღლელი სასწავლო კვირის შემდეგ აუცილებელი წინაპირობაა ზოგადად ურთიერთობის შესაგრძნობად“.

წარმოიდგინეთ რა რთული და უინტერესო იქნებოდა ყველაფერი, რაც უნივერსიტეტთან ასოცირდება, კურსელებთან (ან მათ ნაწილთან მაინც) რომ არ ვმეგობრობდეთ. ყოველი დღე ბევრად უფრო დამღლელი, უშინაარსო იქნებოდა და რაც მთავარია, სასწავლო პროცესის შემდეგ განტვირთვა ძალიან გაგვიჭირდებოდა. ხშირად უნივერსიტეტში ხომ კურსელების სანახავად უფრო მივდივართ, ვიდრე პროფესიული ცოდნის „ასამაღლებლად“.

დარწმუნებული ვარ ჩემს მსგავსად, თითოეულ თქვენგანსაც ბავშვობიდან ესმოდა სახალისო და სასიამოვნო ისტორიები ლეგენდარული „სტუდენტობის“ შესახებ. ჰოდა, ამ ამბების გავლენიდან გამომდინარე ყველას გვეჩქარებოდა და გვინდოდა მიგვეღწია იმ საოცარი მდგომარეობისკენ, რასაც სტუდენტობა ქვია. იმ მომენტში, რა თქმა უნდა, არ ვფიქრობდით იმაზე, რომ მოგვიწევდა მეცადინეობა, შრომა და გარკვეული პასუხისმგებლობებიც დაგვეკისრებოდა და მივისწრაფოდით მხოლოდ იმისკენ, რომ მშობლების მოყოლილი ამბები ჩვენს ცხოვრებაშიც მომხდარიყო.

Elene Koghuashvili

ელენე კოღუაშვილი (თსუ, მეორე კურსის სტუდენტი): „ჩემი აზრით, სტუდენტურ ცხოვრებაში კურსელებს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვთ. იმას, თუ ვისთან გიწევს ურთიერთობა, ცოდნის მიღება, ემოციების გაზიარება და ა.შ. რაც შეეხება დროის ერთად გატარებას, ესეც უმნიშვნელოვანესია სტუდენტის, როგორც პიროვნების სოციალიზაციის პროცესისთვის და მისი, როგორც ინდივიდის ჩამოყალიბებისთვის. ასევე მნიშვნელოვანია ის, თუ როგორ ატარებენ დროს ერთად სტუდენტები. ჩემი აზრით, ეს არ უნდა იყოს მხოლოდ რეკრეაციული ხასიათის, დატვირთული უნდა იყოს შემეცნებითაც. და ბოლოს, სტუდენტური თანადგომა ჩემთვის ყველაზე მნშვნელოვანი თემაა. სტუდენტურ ერთსულოვნებას ბევრი რამის გაკეთება შეუძლია, უდიდესი ძალაა, მაგრამ ხშირად არ ვიყენებთ. იდეის გარშემო გაერთიანებულ სტუდენტებს სისტემების შეცვლაც კი შეუძლიათ…“

მოკლედ, მოვიდა დრო და ამჟამად ჩვენი ცხოვრების ნაწილადაც იქცა სტუდენტობა. ჰოდა, ჩვენც ზუსტად ჩავწვდით ლეგენდარული სტუდენტობის რეალურ არსს, მას არ ქმნის არც უნივერსიტეტი (ის უბრალოდ გარემოა), არც ფაკულტეტი, არც ლექტორები, არც გამოცდები, მისი მთავარი აზრი კურსელებია, სტუდენტებია, ჩვენ ვართ!!! ვინ ვიქნებოდით ერთმანეთის გარეშე? უშინაარსო კარიერსიტები, რომლებიც ყოველ დღე ერთსა და იმავე გზას გადიან უნივერსიტეტისკენ და უნივერსიტეტიდან და სწავლის გარდა არაფერს გავაკეთებდით.

[textmarker color=”e0f3ff”] იცი ინგლისური? შეარჩიე საჭირო დონის კურსები edu.aris.ge-ზე!  [/textmarker]
თუმცა სტუდენტი სტუდენტისთვის უფრო მეტია ვიდრე, მხოლოდ განტვირთვა და გართობა. ერთად სწავლაც უფრო მარტივი ხდება, მოსაწყენ ლექციაზე ჯდომაც და ყოველდღიურ პრობლემებთან გამკლავებაც. ორმაგი უსარგებლო შრომის ნაცვლად შეგვიძლია ვისარგებლოთ ბარტერული პრინციპით: „შენი კონსპექტი – ჩემი პრეზენტაცია“. პირდაპირ შემიძლია გითხრათ ისიც, რომ გაცვლაზე ხშირად, კურსელებისგან უანგარო დახმარება მიმიღია და უმეტესად ინიციატივაც მათგან წამოსულა.

Amiko Sulaberidze

ამიკო სულაბერიძე (თავისუფალი უნივერსიტეტის მეოთხე კურსის სტუდენტი):აი ახლაც ჩემს კურსელებთან ერთად ვარ და ვერ წარმომიგენია რამე ცხოვრებაში ამაზე მაგარი იყოს, ვიდრე ის, რომ გაყინულ აგარაკზე ვართ აბუზულები ახლა და მჟავე კიტრის მწნილზე, ძეხვის ნაგლეჯზე და გამხმარ პურზე ვსვამთ რომელიღაცის მიერ ჩამოტანილ სოფლის ჭაჭას. რაც არ უნდა მაღალფარდოვნად ვილაპარაკო, მაინც ვერ გადმოვცემ სრულყოფილად იმას, რასაც დარწმუნებული ვარ აბსოლუტურად ყველა სტუდენტი გამოცდის ერთხელ მაინც. გამოცდის პირველ რიგში იმას, რომ ეს ქვეყანა მისნაირებითაა სავსე. გამოცდაზე ღამენათევი და თვალებჩასიებული რომ მიდიხარ და ზუსტად შენნაირებს რომ დაინახავ რაღაცნაირად გრძნობ, რომ დიდი ერთობის ნაწილი ხარ და მაგრად მხნევდები.

პირადად მე ალბათ ასე ვამარცხებ არასრულფასოვნების კომპლექსს. და ბოლოს, სწორედ ახლა მივხვდი რას გულისხმობდა ილია „მგზავრის წერილებში“, როცა ოთხ წელიწადზე საუბრობდა. ახლა, როცა ეს ოთხი წელი უკვე იწურება, ვიცი, რომ დღემდე ჩემი კურსელების თანადგომით მოვედი და რომ ერთმანეთის იმედი არასდროს დაგვეკარგება“.

სტუდენტები ძალაა, თანადგომაა, იდეაა და რაც მთავარია, მთელი თაობაა. სტუდენტები ერთად ვქმნით სიახლეებს და არ იქნება გადაჭარბებული თუ ვიტყვი, რომ ჩვენ ვქმნით ეპოქას, დროს, რომელზეც მერე შეიძლება ილაპარაკონ კიდეც. განათლება, ერთიანობა, ახალგაზრდული ენერგია და შეუპოვრობა სწორედ ის კომბინაციაა, რომელსაც წინ ვერ აღუდგები და რომელსაც შეუძლია შექმნას საუკეთსო დრო, თუ ამას ყველა ერთად მოვინდომებთ.

ავტორი: სალომე მუმლაძე

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები