მოყოლებული საჯარო სკოლებიდან, სადაც ექიმი ნებისმიერი პროფესიის ადამიანი შეიძლება ყოფილიყო, ციტრამონს კი აბი გლუკოზას ფუნქცია ჰქონდა შეთავსებული, ახალგაზრდების ჯანმრთელობაზე ზრუნვის ტენდენცია უმაღლეს სასწავლებლებშიც უცვლელი რჩება.
,,მოწამლული ხუთშაბათი’’ -ასე ვუწოდე მეოთხე სემესტრის ბოლო დღეს თსუ-ში. მაშინ კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ერთი დიდი მოჯადოებული წრეა, რომელსაც ბოლო არ უჩანს.
ზოგადად, სულ პატარა პრობლემის მოსაგვარებლად, ერთი ინსტანციიდან მეორეში, შემდეგ მესამეში და ბოლოს ისევ პირველში მისვლამ არაერთხელ მომიწია. სწორედ ამ ტრაექტორიით დავიწყე მოძრაობა (მოწამლულობისა და მისით გამოწვეული მაღალი სიცხის გამო) დამლაგებლების ოთახიდან კანცელარიამდე სამედიცინო პუნქტის ძიების პროცესში ივნისის ცხელ ხუთშაბათს.
,,ექთანი?- არა შვილო, მე დამლაგებელი ვარ. ექთანს აქ რა უნდა… სამწუხაროდ, თერმომეტრი და წნევის აპარატი დღეს თან არ მაქვს. აბა კანცელარიაში იკითხეთ’’– ასეთი იყო მეექვსე კორპუსის დამლაგებლის პასუხი ჩემს კითხვაზე- ,,უკაცრავად, ექთანი თქვენ ხართ?’’
სამედცინო პუნქტებთან დაკავშირებული პრობლემატიკა თსუ-ში არსებულ სხვა პრობლემათაგან იმით განსხვავდება, რომ ჯერ კიდევ არაა გაცვეთილი. არსებული ტენდენციიდან გამომდინარე კი, შეიძლება ვიფიქროთ, რომ სწორედ ამისთვისაა განწირული.
კავკასიის მასშტაბით უძველესსა და ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ უმაღლეს სასწავლებელს 11 სასწავლო კორპუსი აქვს. სამედიცინო პუნქტი კი მხოლოდ 2 მათგანში– ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე მეორე კორპუსსა და მაღლივ კოპრუსშია განთავსებული, რომელიც უნივერსიტეტის ქუჩაზე მდებარეობს.
როგორ უნდა მოიქცნენ ახალგაზრდები გადაუდებელი სამედიცინო დახმარების საჭიროების შემთხვევაში?– უნივერსიტეტში ამ კითხვას ლაკონიური და ორიგინალური პასუხი მოუძებნეს- ,,სასწრაფო დახმარება უნდა გამოიძახონ’’( სასწავლებლის ოჯახის ექიმი ბაბული ბოსტოღანაშვილი).
ნამდვილად სადავოა, რამდენად ეთიკური და მისაღებია ეს პასუხი, როდესაც უმაღლესი სასწავლო დაწესებულებებისათვის ავტორიზაციის მინიჭების კრიტერიუმებს შორის სტუდენტთა და აკადემიური პერსონალის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვა ერთ-ერთი მთავარია(მუხლი 10 ,,უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მატერიალური რესურსი’’- ,,დაწესებულებაში დაცულია პერსონალისა და პროფესიულ სტუდენტთა უსაფრთხოება და ჯანმრთელობა’’). საინტერესოა, როგორ გაიარა სასწავლებელმა ავტორიზაცია.
[textmarker color=”e0f3ff”] ✔ იცი ინგლისური? შეარჩიე საჭირო დონის კურსები edu.aris.ge-ზე! [/textmarker]
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ნანა მამაგულიშვილი ამბობს, რომ თსუ-ს ყოველთვის ჰქონდა სამედიცინო პუნქტი. ,,გარდა ამისა, უსაფრთხოების სამსახურის წევრებს გავლილი აქვთ პირველადი დახმარების კურსები საგანგებო სიტუაციების სამსახურის წარმომადგენლებთან და ევალებათ დროული რეაგირება მსგავს სიტუაციებში. მაგ., სასწრაფო დახმარების გამოძახება.’’ -აღნიშნავს ის.
არსებული მდგომარეობის გამოსწორების შესახებ კონკრეტული პასუხი არ აქვთ უნივერსიტეტის ადმინისტრაციაში. სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებელი თამარ მახარაძე აღნიშნავს, რომ სასწავლებელში არსებული სამედიცინო პუნქტების განლაგებისა პრობლემის აღმოსაფხვრელად შემუშავებული ღონისძიებების შესახებ ინფორმაციას არ ფლობს.
ნანა მამაგულიშვილის ინფორმაციით კი, მიმდინაეობს ამ კუთხით მუშაობა და მომავალი წლიდან არსებული მდგომარეობა გაუმჯობესდება, მაგრამ ეს ხომ საკმაოდ ცნობილი, დრომოჭმული სიტყვებია, რომელთა არსი თითქმის ყოველთვის ბუნდოვანი რჩება.
ალბათ, არსებული რეალობაც ფუფუნებად უნდა მივიჩნოთ. წინათ ბავშვებს ესეც არ ჰქონდათ, ჩვენ კი საწუწუნო რა გვაქვს. თუმცა მთავრი დაგვავიწყდა- საუბარია ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტზე, რომელიც საკუთარი სახელითა და პრესტიჟით ჩვენს ქვეყანაში (და არამარტო აქ) პირველობას არავის უთმობს.
ავტორი: ანი ბოჭორიშვილი