„სტაჟიორი! – XXI საუკუნის მონა“ – საპროტესტო აქცია სტაჟიორების უფლებების დასაცავად

ვიდეო

„სამოქალაქო ჩართულობის ცენტრის“ ინიციატივით უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს შენობასთან აქცია იმართება, სადაც მონაწილეები ქვეყანაში არსებულ შრომით ბაზარზე სტაჟიორების სამუშაო პირობებს აპროტესტებენ.

აქციის ორგანიზატორების თქმით, საქართველოს საჯარო და კერძო სექტორში დასაქმებულ სტაჟიორებს მონური სამუშაო პირობები აქვთ, რადგან მათი შრომა ანაზღაურების გარეშე გამოიყენება და ორგანიზაციები ახალგაზრდების სტაჟიორად აყვანისას არ აწესებენ მაქსიმალურ ვადას, რის შემდეგაც დასაქმებულს უნდა ეთქვას დარჩება თუ არა ანაზღაურებად სამსახურში.

აქციის ორგანიზატორები Studinfo.ge-თან საუბარში ასევე აღნიშნავენ, რომ ქვეყანაში მოქმედი ორგანიზაციების უმეტესობა სტაჟიორის მიერ შესრულებულ სამუშაოს თავის სასარგებლოდ იყენებს და ხშირ სემთხვევაში, სტაჟიორები შტატიანი თანამშრომლების მიერ გასაკეთებელ საქმესაც აკეთებენ.

პარლამენტის შენობასთან შეკრებილები ხელისუფლებას მოუწოდებენ, ყურადღება მიაქციოს აღნიშნულ პრობლემას და საკანონმდებლო დონეზე გადაიხედოს სტაჟიორების სამუშაო პირობები. ისინი ასევე სპეციალური საკანონმდებლო ნორმების შედგენას ითხოვენ, რომლითაც სხვადასხვა უწყებებმა სტაჟიორების აყვანისას უნდა იხელმძღვანელონ.

აქციის მონაწილეები ასევე მოითხოვენ, რომ სტაჟირება შრომით ურთიერთობად განიხილოს და შესაბამისად, სამუშაო გამოცდილებად იქნას მიჩნეული.

აქცია მონობის გაუქმებისათვის დაწესებული საერთაშორისო დღის ფარგლებში იმართება, რომელსაც ყოველი წლის 2 დეკემბერს აღნიშნავენ. თარიღის დაწესება უკავშირდება გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ მიღებულ „ადამიანებით ვაჭრობასთან და მესამე პირების მიერ პროსტიტუციის ექსპლუატაციასთან ბრძოლის კონვენციას“.

აქციის ფარგლებში ორგანიზატორებმა სპეციალური ვიდეორგოლი მოამზადეს:

ავტორი: გიორგი არის© ხურცია

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები