შეზღუდული პირობები VS შეუზღუდავი შესაძლებლობები

სტუდენტური ცხოვრება

ხშირად ამბობენ, რომ არ არსებობს შეზღუდული შესაძლებლობები, მაგრამ არსებობს შეზღუდული პირობები ამ შესაძლებლობათა გამოსავლენად. არაადაპტირებული გარემო განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირთათვის ჯერ კიდევ გადაულახავ ბარიერს წარმოადგენს. პრობლემა მწვავდება ახალგაზრდა ადამიანებთან მიმართებით, რომელთაც სურთ, იყვნენ რეალიზებულნი, მიიღონ განათლება, დასაქმდნენ… მათი მომავალი, ფაქტობრივად, გარემო პირობებზეა დამოკიდებული.

ilia1

ქართული უმაღლესი სასწავლებლები სპეციალური საჭიროებების მქონე ახალგაზრდებს განათლების მისაღებად საჭირო პირობებს არ სთავაზობს ან, ყველაზე კარგ შემთხვევაში, უზღუდავს არჩევანის შესაძლებლობას.

ეს ყველაფერი ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციით დადგენილ ნორმებს, სადაც განსაზღვრულია, რომ ყველა ადამიანს აქვს განათლების მიღების უფლება:

მუხლი 26-,, …ტექნიკური და პროფესიული განათლება უნდა იყოს ხელმისაწვდომი, უმაღლესი განათლება კი – ერთაირად მისაწვდომი ყველასათვის თითოეულის უნარისამბერ.’’

გიორგი გვასალია 20 წლისაა , თანდაყოლილი ცერებრალური დამბლა აქვს და ეტლის გარეშე გადაადგილება არ შეუძლია. სკოლა 2 წლის წინ დაამთავრა, უმაღლეს სასწავლებელში ჩაბარება კი, მიღებული გამოცდილების გამო, დღემდე არ აქვს გადაწყვეტილი. ამბობს, რომ სკოლაში სიარული ძალიან უჭირდა, მისი კლასი მესამე სართულზე იყო და იქამდე ხელით აჰყავდათ. ახლა კი არ სურს, ისევ იგივე გამოსცადოს.

TSU2

ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებული პრობლემების გამო სწავლა ვერ გააგრძელა პროექტ ,,ნიჭიერის’’ მონაწილე თემურ არაბიძემაც.

გამოცდებამდე ცოტა ხნით ადრე ის ავარიაში მოჰყვა, მიღებული ტრავმის გამო კი დამოუკიდებლად ვერ გადაადგილდება. ,, სათანადო პირობები, ფაქტობრივად, ნაწილობრივაა შექმნილი,ან კიდევ თუა შექმნილი, სხვა მიზნით გამოიყენება, მაგალითად, ქუჩებში განთავსებული პანდუსები გამოყენებულია პარკირებისათვის...’’- ამბობს ის.

 

უმაღლეს სასწავლებლებზე დაკვირვებამ ცხადჰყო, რომ სახელმწიფო უნივერსიტეტებში, ამ მხრივ, თითქმის ერთნაირი მდგომარეობაა. შესასვლელთან არ არის პანდუსები, შენობაში კი -სპეციალური ლიფტი.

გამონაკლისს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  პირველი კორპუსი წარმოადგენს, თუმცა ისიც უნდა აღნიშნოს, რომ აქ მხოლოდ რამდენიმე სპეციალობის დაუფლებაა შესაძლებელი.

თსუ-ს პირველი კორპუსი                                                                       თსუ-ს მე-6 კორპუსი

TSU

TSU1
თსუ-ს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებლის თამარ მახარაძის თქმით, უნივერსიტეტის რექტორმა 2015 წელი ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების წლად გამოაცხადა, იგეგმება სასწავლებლის მესამე კორპუსის მოდერნიზაციაც- ,,ეს უკვე აღარაა დამოკიდებული კეთილ ნებაზე, ეს ვალდებულებაა. კონვენცია, რომელსაც ჩვენ მოვაწერეთ ხელი, გვავალდებულებს, რომ გავითვალისწინოთ ის საჭიროებები, რომლებიც აქვთ გადაადგილების პრობლემის მქონე ადამიანებს.’’ მანვე აღნიშნა, რომ შეიქმნა შშმ პირთა საკითხების კვლევის ცენტრი, რომლის პრეზენტაცია 12 დეკემბერს შედგება.

ზოგადად, საზოგადოებისათვის განსაკუთრებული საჭიროებები უშუალოდ გადაადგილების პრობლემას უკავშირდება, არავინ საუბრობს სმენა-თუ მხედველობადაქვეითებულთათვის საჭირო გარემოს შექმნაზე.

რა მდგომარეობაა კერძო სასწავლებლებში?

აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტი გიორგი დევდარიანი ამბობს, რომ უნივერსიტეტში შშმ პირთათვის ადაპტირებული გარემოა შექმნილი, შესასვლელთან პანდუსებია დამონტაჟებული, ხოლო შენობაში- ლიფტი. ამ შემთხვევაშიც, ბუნდოვანი რჩება ის , თუ რამდენად დაცულია სხვა საჭიროებების მქონე პირთა უფლებები.

აგრარული უნივერსიტეტი  (შენობასთან მისასვლელი/შენობის შიგნით):                                                    

agruni2

agruni

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

აღნიშნული პრობლემები იძულებულს ხდის ახალგაზრდებს, უარი თქვან აქტიურ ცხოვრებაზე. არაადაპტირებული გარემო სოციალიზაციის ხელის შემშლელი ფაქტორია და წინაღობა ადამიანებისათვის, რომელთაც სურთ თავიანთი შესაძლებლობების პრაქტიკულად გამოყენება.

სახელმწიფოსათვის პრიორიტრტული უნდა იყოს ახალგაზრდებზე ზრუნვა , მათი განათლებისათვის ხელის შეწყობა, მით უფრო კი მაშინ, როდესაც ეს მისი უშუალო მოვალეობაა.

ავტორი: ანი ბოჭორიშვილი

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები