„ლუვრში გვინდა“ – ეს ფრაზა, სურვილი აგვეკვიატა თეატრალურის ხელოვნებათმცოდეებს ბოლნისის სიონის მიმავალ გზაზე. რა თქმა უნდა შეუძლებელი არაფერია, მაგრამ ფაქტიც ერთია, რომ გარდა თეორიული მეცადინეობისა და კულტურულ-ისტორიული ძეგლების საპრეზენტაციო ეკრანზე ხილვისა აუცილებლია მათი „ლაივში“ ნახვა, რათა მომავალი ხელოვნებათმცოდნე, არქიტექტორი, მხატვარი აივსოს ინსპირაციით და ის რაზედაც ბევრს საუბრობენ, განიცადოს სტენდალის, ფლორენციის სინდრომი , რომლისთვისაც დამახასიათებელია გულისცემის აჩქარება, თავბრუსხვევა და ჰალუცინაცია, იშვიათად გულის წასვლაც კი, ეს ხდება იქ, სადაც ხელოვნების ნიმუშების დიდი რაოდენობაა თავმოყრილი. 🙂
ეს სინდრომი ყველაზე მეტად დამახასიათებელია ფლორენციისთვის, კერძოდ უფიცის მუზეუმისთვის. მის კოლექციაშია ჯოტოს, ბოტიჩელის, ლეონარდოს, რაფაელის, ჯორჯონეს, ტიციანისა და სხვათა ნამუშევრები.
თეატრალური უნი ბეთანიაში
სანამ ქართველი სტუდენტები უფიცამდე მივალთ, საინტერესოა, რა ხდება ქართულ რეალობაში, უნივერსიტეტები ზრუნავენ თუ არა სტუდენტების ვიზუალური არეალის გაფართოებაზე.
შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში ხელოვნებათმცოდნეები, როდესაც პროგრამით ქართული ხელოვნების კურსს გადიან უნივერსიტეტის დაფინანსებით ისინი ეცნობიან ქართულ ისტორიულ ძეგლებს.
ექსკურსიის დაგეგმვა დეკანატთან, ჯგუფის სურვილისამებრ ხორციელდება, ასეთივე სიტუაციიაა თსუ-ში, სამხატვრო აკადემიაში, სტუ-ში, სეუსა და საქართველოს უნივერსიტეტში. თუმცა საქართველოს უნივერსიტეტში პროცესში ჩართვა და ორგანიზება უშუალოდ სტუდენტებს შეუძლიათ. მათთვის კეჩხობში ჩატარდა ტრენინგები, რისი ძირითადი თემა იყო სტუდენტების მიერ ექსკურსიების საორგანიზაციო კლუბების ჩამოყალიბება.
სტუდენტები, კერძოდ სახელოვნებო ფაკულტეტის სტუდენტები უნივერსიტეტის მიერ დაგეგმილ ექსკურსიებს დადებითად აფასებენ:
საქართველოს უნი კეჩხობში ტრენინგზე
„ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ტრენინგებს, თეორიულ მეცადინეობებს და უფრო საინტერესოა თუ ის ექსკურსიის სახით ტარდება. მე ვიყავი საქართველოს უნივერსტეტის მიერ დაგეგმილ ტრენინგზე, კეჩხობში, ეს ჩემთვის წინგადადგმული ნაბიჯი იყო, მივიღე ცოდნა იმის შესახებ თუ როგორ ჩამომეყალიბებინა საორგანიზაციო კლუბი, რომლის წევრებთანაც ერთად მომავალში წავსულიყავი კულტურული ძეგლების სანახავად. საბოლოო ჯამში ეს ყველაფერი სტუდენტს ხელს უწყობს ჩამოყალიბდეს პროფესიონალად“ – სალომე ბაქანიძე (საქართველოს უნივერსიტეტი)
„ხელოვნება არის ვიზუალურ ცოდნაზე დამყარებული და გარდა იმისა, რასაც სურათებზე ვნახულობთ, ასევე საჭიროა პროგრამის მიხედვით ვნახოთ ესა თუ ის ძეგლი, რათა უფრო ზუსტად და კონკრეტულად შეგვეძლოს ამ ძეგლების შესახებ საუბარი“ – ქეთი მინდიაშვილი (შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი)
„ჩემს ჯგუფელებსა და მე ძალიან გვსურდა წავსულიყავით და ადგილზე გავცნობოდით ბოლნისის სიონსა და დმანისს. დეკანატს მივმართეთ და მათ დაგვაფინანსეს, ეს ფაქტი რა თქმა უნდა მისასალმებელია“ – თამუნა თუთარაშვილი (თსუ)
…„ლუვრშიც გვინდა“ – გონებაში დღესაც მეორდება ეს სურვილი, რათა ავივსოთ ინსპირაციით, განვიცადოთ სტენდალის სინდრომი და მეტიც, იქნებ ბერნარდო ბერტოლუჩის „მეოცნებენის“ გმირების რეკორდიც მოგვეხსნა და ლუვრის დარბაზები 9 წუთსა და 28 წამზე ნაკლებ დროში შემოგვერბინა 🙂
ავტორი: სალომე ბუკია