გაიღიმე!

სტუდენტური ცხოვრება

საქმიან და დაკავებულ თბილისში ყველა გადარბენაზეა. პრინციპში საქმე რომც არ გქონდეს, ტრადიციაა უკვე ეგეთი, მაინც უნდა გეჩქარებოდეს და დაღლილად გამოიყურებოდე. შესაბამისად, ადამიანებს ერთმანეთთან ურთიერთობისთვის და ღიმილისთვის დრო აღარ რჩებათ.

ამ სტანდარტულ ყოფიერებაში განსხვავებულ გარემოს, რა თქმა უნდა, ისევ სტუდენტები ქმნიან. ისინი ფერადები, მრავალფეროვნები და ღიმილიანები არიან. სტუდენტების უდიდეს ნაწილს, როგორც არ უნდა ეჩქარებოდეს, მაინც გამონახავს მინიმუმ ერთ საათს ლექციების და სემინარების შემდეგ უნივერსიტეტის ტერიტორიაზე დასარჩენად, სალაპარაკოდ, გასაღიმებლად. ამჯერად იმის განხილვას შევეცდები, თუ რამდენად მნიშვნელოვანია სტუდენტების აზრით ღიმილი 🙂

Tamuna Tchotashvili

თამუნა ჭოტაშვილი (საქართველოს უნივერსიტეტის მაგისტრატურის პირველი კურსის სტუდენტი):

ჩემი აზრით, ადამიანი რაც უფრო პოზიტიურად იქნება განწყობილი და რაც უფრო მეტ დადებითს გასცემს, მით უფრო ლაღი ცხოვრება ექნება. ვფიქრობ, რომ ასეთ ადამიანს უფრო მარტივად შეუძლია პრობლემების გადალახვა. ზოგადად, დღევანდელ ცხოვრებაში აუცილებელია რაც შეიძლება მეტი ღიმილი გავცეთ, რადგან გლობალიზაციამ მოიტანა სტრესული ცხოვრების რითმი. ღიმილი დაგვეხმარება დაძაბულობის განმუხტვაში. მე მჯერა, რომ ადამიანის დადებითი ენერგეტიკა სხვებზეც პოზიტიურ ზეგავლენას ახდენს“.

ღიმილი, ზოგადად მრავალმხრივ სასარგებლო მოვლენაა – როგორც მომღიმარისთვის, ისე გარშემომყოფებისთვის და ამ მარტივ, მაგრამ გულწრფელ მიმიკას ადამიანების მარტივად და სწრაფად გახარება და გაბედნიერება შეუძლია შეუძლია. ღიმილს შეუძლია ჯაჭვური რეაქციის გამოწვევა ერთმანეთისთვის სრულიად უცნობი ადამიანებისთვისაც კი, როდესაც სხვა იღიმის, შენც გახსენდება მისი მნიშვნელობა და უფრო უკეთ ხდები. თუმცა ჩვენს საზოგადოებაში ღიმილი მაინც ცოტაა და ამის მიზეზი უამრავი რამ შეიძლება იყოს.

Tornike Gogelia

თორნიკე გოგელია (თსუ, ბაკალავრიატის მეოთხე კურსის სტუდენტი):

წარმოიდგინეთ ადამიანი მაგალითად გიორგი. დილას მისმა მაღვიძარამ არ დარეკა, მას კი მაღლივში გამოცდაზე დააგვიანდა, რის გამოც დამკვირვებელმა უსაყვედურა, სახლისკენ გზაში აღმოაჩინა, რომ ფულის წამოღება დაავიწყდა და „მარშუტკის“ მძღოლმა ამის გამო გალანძღა. გიორგი ცუდ ხასიათზე მივიდა სახლში, ბებომ საჭმელი შესთავაზა, რაზეც გაბრაზებულმა უხეშად უპასუხა. წარმოიდგინეთ, დამკვირვებელს გიორგისთვის, რომ გაეღიმა და არ ესაყვედურა „მარშუტკის“ მძღოლსაც, რომ გაეღიმა და ეთქვა არაუშავსო, გიორგი თავის მოხუც ბებიას ასე აღარ უპასუხებდა და ბებოც გახარებული იქნებოდა. ამით იმის თქმა მინდა, რომ როდესაც იღიმები და გასცემ პოზიტივს, არამარტო შენ გრძნობ თავს კარგად, არამედ სხვებსაც ახალისებ. ადამიანი რომელიც ხშირად იღიმის უფრო დიდხანს ცხოვრობს. ბოლოს იმ გოგონების გასაგონად მინდა ვთქვა, ვინც მუდმივად დიეტაზეა, რომ ღიმილი კალორიებს წვავს, ამიტომ მთელი დღე იარეთ გაღიმებულებმა“.

დრო რომ სწრაფად გადის ამაზე ყველა ვთანხმდებით, იმასაც ყველა ვიაზრებთ, რომ საათები და დღეები უაზრობებზე არ უნდა ვფლანგოთ. თუმცა მაინც ძალიან ხშირად ვბრაზობთ უმნიშვნელო დეტალებზე და გავავიწყდება, რამდენად საჭიროა სამყაროში პოზიტიური მუხტისა და ენერგიის გაშვება, რომელიც ბუმერანგივით ისევ ჩვენ გვიბრუნდება და რაც მთავარია, სხვებზეც ვრცელდება.

ღიმილი ამ მუხტთაგან ერთერთია, რომელიც ძალიან მარტივად შეგვიძლია ვაჩუქოთ საკუთარ თავსაც და სხვებსაც, ისე რომ ძალისხმევა თითქმის არ გვჭირდება და მისი გაცემა ნებისმიერი ადამიანის მიმართულებითაა შესაძლებელი და სასურველი. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ადამიანი, რომელიც იღიმის ბევრად უფრო ლამაზად გამოიყურება.

Lika Mumladze

ლიკა მუმლაძე (თსუ, ბაკალავრიატის მეორე კურსის სტუდენტი):

ნებისმიერმა ადამიანმა უნდა გაითვალისწინოს თუ რაოდენ დიდი ადგილი უჭირავს ჩვენ ცხოვრებაში ღიმილს. კარგი განწყობა გადამდები უნდა იყოს და სწრაფად ვრცელდებოდეს, შენი ერთი ღიმილით შეიძლება ვინმეს დღე გაულამაზო, აუცილებელიცაა პოზიტიური ქმედებებით გავაბათილოთ ნეგატიური.

ამ ყველაფრიდან გამომდინარე, დასკვნის გაკეთება არც ისე რთულია, ერთი უმარტივესი ჟესტით შეგვიძლია გავაბედნიეროთ საკუთარი თავიც და გარშემომყოფებიც. ბევრ ადამიანს ღიმილის მნიშვნელობაზე ამ კუთხით ალბათ არც უფიქრია, ზოგისთვის ის მხოლოდ რეფლექსია, რომელიც პერიოდულად წარმოიშვება და რომლის გააზრებულად გამოწვევაც არ არის საჭირო.

თუმცა დამეთანხმებით, რომ ფსიქლოგიას უდიდესი მნიშვნელობა აქვს და თუკი სწორად გავიაზრებთ ღიმილის ყოველდღიურად გაცემისა და მიღების მნიშვნელობას, გარწმუნებთ, თავს გაცილებით უკეთ და მსუბუქად ვიგრძნობთ. გააზრებასაც კი ვერ მოვასწრებთ იმდენად სწრაფად შეიცვლება ჩვენი ყოველდღიურობა უკეთესობისკენ, ბევრად მარტივად შევძლებთ პრობლემების დაძლევას და რაც მთავარია, სახლშიც კარგ ხასიათზე, ნაკლებად დაღლილები დავბრუნდებით. თუკი უმიზეზოდ გაღიმება უბრალოდ არ შეგიძლიათ, გაიხსენეთ თქვენი ცხოვრების რომელიმე სასიამოვნო მომენტი და თქვენი სახის მიმიკა თავისთავად შეიცვლება, ჩვეულებრივ გამომეტყველებას სრულიად ძალდაუტანებლად გაალამაზებს ღიმილი.

გაიღიმე! მიუხედავად ყველაფრისა მზე მაინც ყოველ დილით ამოდის და ახალი დღე იწყება, თენდება! 🙂

 

ავტორი: სალომე მუმლაძე

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები