განათლების საერთაშორისო ცენტრმა სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების დაფინანსებაზე კონკურსი გამოაცხადა

გაცვლითი პროგრამები

განათლების საერთაშორისო ცენტრი, საზღვარგარეთ სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე სწავლის გაგრძელების მსურველთათვის, მომდევნო სასტიპენდიო კონკურსს აცხადებს.

განათლების საერთაშორისო ცენტრმა დღეს პროგრამების ღია კარის დღე გამართა. დაინტერესებულ პირებს კონკურსის პირობები მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ ნინო კობახიძემ და განათლების საერთაშორისო ცენტრის ხელმძღვანელმა ნინო ჭელიძემ გააცნეს.

აპლიკანტების საბუთების მიღება 3 ნოემბერს დაიწყო და 19 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება. პროგრამების აპლიკანტები სამსაფეხურიან შესარჩევ კონკურს გაივლიან განათლების საერთაშორისო ცენტრის კომისიასთან, რომლის შემადგენლობაში სამთავრობო და განათლების სფეროში მოღვაწე არასამათავრობო/საერთაშორისო უწყებების წარმომადგენლები იმყოფებიან.

საერთაშორისო სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამის ერთ-ერთი კრიტერიუმი, რომლითაც კომისია კონკურსანტების შეფასებისას იხელმძღვანელებს, სტუდენტის აკადემიური და პროფესიული მიმართულებაა. სახელმწიფო განვითარების პრიორიტეტებიდან გამომდინარე, განათლების ცენტრი უპირატესობას მიანიჭებს აგრარული, ზუსტი და საბუნებისმეტყველო, ტექნიკური, სოციალური მეცნიერებების მიმართულების მქონე სტუდენტთა დაფინანსებას.

რაც შეეხება საჯარო დაწესებულებაში დასაქმებულ პირთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების პროგრამას, კომისია კონკურსანტების განვლილ სამუშაო გამოცდილებას და შერჩეული საკვალიფიკაციო პროგრამის მიზანშეწოლილობას გაითვალისწინებს.

განათლების საერთაშორისო ცენტრი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ინციატივით დაფუძნდა და მაღალკვალიფიციური კადრების მომზადებას ემსახურება. ცენტრის მიზანია, საქართველოს მოქალაქეებმა საუკეთესო საერთაშორისო განათლება მიიღონ, კვალიფიკაცია აიმაღლონ და საჯარო სამსახურში დასაქმდნენ.

პირველი კონკურსი განათლების საერთაშორისო ცენტრმა 2014 წლის მაისში გამოაცხადა. კონკურსის გამარჯვებული 77 სტუდენტი, სახელმწიფო დაფინანსებით, უკვე სწავლობს მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში.

დაფინანსების შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ ცხელ ხაზზე – 240 02 02
განათლების საერთაშორისო ცენტრი დაფინანსების მოპოვების მსურველებისთვის გამართავს საინფორმაციო შეხვედრებს.
დასწრების მსურველებმა სასურველი შეხვედრის თარიღი, სახელი, გვარი, პირადი ნომერი და ტელეფონის ნომერი უნდა მიწეროს ცენტრს მეილზე – [email protected]

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები