3 ნოემბერს, 12:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის შენობაში (გუდიაშვილის 7) გაიმართება განათლების საერთაშორისო ცენტრის სასტიპენდიო კონკურსის ღია კარის დღე.
პრემიერ-მინისტრის ინიციატივით დაფუძნებული განათლების საერთაშორისო ცენტრი სასტიპენდიო კონკურსს იმ სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისათვის აცხადებს, რომელთაც საზღვარგარეთ სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე სწავლის დაფინანსება სურთ.
ღია კარის დღეზე სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ დეტალურად გაეცნონ კონკურსში მონაწილეობის პირობებს, კონკურსანტთა შეფასების კრიტერიუმებს და კონსულტაციები გიარონ უშუალოდ განათლების საერთაშორისო ცენტრის წარმომადგენლებთან.
აპლიკანტების საბუთების მიღება 3 ნოემბერს დაიწყება და 19 დეკემბრამდე გაგრძელდება.
განათლების საერთაშორისო ცენტრი 2014 წელს დაფუძნდა და მიზნად ისახავს სახელმწიფო განვითარების პრიორიტეტების გათვალისწინებით საერთაშორისო კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტების მომზადებას.
განათლების ცენტრის ერთერთი მთავრი პროგრამაა სასტიპენდიო კონკურსი საზღვარგარეთ სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე სწავლის გაგრძელების სმსურველთათვის. განათლების საერთაშორისო ცენტრის კონკურსის წარმატებით გავლის შემთხვევაში, სტუდენტები მოიპოვებენ სახელმწიფო სტიპენდიას, რომელიც ფარავს როგორც სწავლის, ისე ცხოვრების ხარჯებს (ან რომელიმე მათგანს).
განათლების საერთაშორისო ცენტრმა 2014 წლის მაისში პირველად გამოაცხადა სასტიპენდიო კონკურსი სტუდენტებისთვის. კონკურსში გამარჯვებული 77 სტუდენტი უკვე გაემგზავრა სასწავლებლად მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში უნივერსიტეტებში (გამარჯვებული სტუდენტების სია შეგიძლიათ იხილოთ აქ.)
განათლების ცენტრის შესახებ დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ცენტრის საიტზე: www.iec.gov.ge