,,ვინმეს ნათქვამს ისე გადმოიღებენ, მნიშვნელობაც არ იციან“

სტუდZona

ერთადერთი ადამიანი, რომელიც შეიძლება გახდეთ, არის ის ადამიანი, რომელიც მტკიცედ გადაგიწყვეტიათ, რომ იყოთ.” – რალფ უალდო ემერსონი. ეს ,,ერთადერთი ადამიანი“ შეიძლება სხვადასხვა ადამიანის დადებითი მხარეებისგან ჩამოყალიბდეს, რაც მარტივი პროცესი ნამდვილად არ არის და ხელოვნური იმიჯის შექმნის დიდი შანსია. ეს კი შესაძლოა, საკუთარი ,,მე”-ს დაკარგვის ფასადაც კი დაგვიჯდეს მაშინ, როცა ,,ყველაფერი ღირებული ამ სამყაროში მხოლოდ საკუთარი მე-ს ლერწზე დაიმყნობა“.  ახალგაზრდა თაობაში ბევრია ადამიანი, რომელიც სხვებს არა გააზრებულად, არამედ შეუგნებლად ბაძავს.  რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი? მსგავსი ქმედებით და მორგებული ხელოვნური იმიჯით, ცდილობენ თუ არა საკუთარი ნაკლოვანებების დაფარვას?  სადამდე შეიძლება მივიდეს ამ ხელოვნურობით ადამიანი? საინტერესო იქნება თქვენი მოსაზრებები ამ საკითხთან დაკავშირებით და გთხოვთ გაგვიზიაროთ. 

სოფიკო ჭანტურია: – დღევანდელ ახალგაზრდებში ძალიან ბევრია ერთმანეთისგან განსხვავებული და ბევრია ისეთი, თავისი საკუთარი ბუნებრივი იმიჯი ხელოვნურით რადიკალურად რომ აქვთ შეცვლილი. ამის მიზეზი რა არის ვერ გეტყვით, რადგან ყველა ადამიანი ინდივიდუალურია, მაგრამ  შემიძლია გითხრათ, რომ ძალიან არ მომწონს. ვფიქრობ, ზედმეტობა არ არის საჭირო და რაც ხარ, ბოლომდე ის უნდა იყო. თუმცა ყველა ადამიანი თავისუფალია, ვერც ვერავის ვერაფერს დაუშლი და თუ ვინმეს ეს ხელოვნური იმიჯი მოსწონს, ჰქონდეს. მთავარია, ვისიმე ქცევით არავის არაფერი ევნოს. ჩემს ირგვლივ მეგობრები თუ სანაცნობო წრე ძალიან ბუნებრივები არიან. არაბუნებრივებთან ურთიერთობა ძალიან მიჭირს და ჩემთანაც არ არიან. ვთვლი, რომ, როცა ბუნებრივი ხარ, არ შეიძლება შეიზღუდო,  მაგრამ როცა ხელოვნურ იმიჯს ატარებ, მაშინ უკვე თამაში გიწევს და გამუდმებით  რაღაც კრიტერიუმების ქვეშ ექცევი, ამით კი ძალიან იზღუდები.

თეონა ნოზაძე: – ხელოვნური იმიჯი ახალგაზრდებში ძალიან დიდი დოზით შეიმჩნევა და როგორც ვიზუალურად, ასევე გონებრივადაც გამოიხატება. ყველას უნდა ერთმანეთს გავდეს და ინდივიდუალობას ძალიან ბევრი ახლოსაც არ იკარებს. ბევრს მეტყველების მანერაც ერთნაირი აქვს რაღაც ამოჩემებული სიტყვებით. ყურს მოკრავენ ვინმე პოპულარული, ცნობილი სახის მიერ ნათქვამს და ისე გადმოიღებენ, მნიშვნელობაც კი არ იციან, შემდეგ კი უადგილოდ იყენებენ საუბარში. გაუნათლებლობის ბრალია ეს ყველაფერი, მაგრამ ყველაფერში განათლების სამინისტრო არ უნდა დავადანაშაულოთ, საჭიროა საკუთარ თავებში უფრო მეტად ჩავიხედოთ.

[textmarker color=”e0f3ff”] იცი ინგლისური? შეარჩიე საჭირო დონის კურსები edu.aris.ge-ზე!  [/textmarker]

გიორგი ქაროსანიძე: – ხელოვნურობა ძალიან დიდ პრობლემად მიმაჩნია. ამ დროს, ახალგაზრდებს თავიანთი რეალური პიროვნების აღიარება და ისეთად მიღება უჭირთ, როგორებიც სინამდვილეში არიან. როგორც ვამჩნევ, ,,დასავლეთიდან ჩამოსული ხალხი“ რაღაც დოგმების ქვეშ აქცევს საკუთარ თავს და ხელოვნურები არიან. ცდილობენ ვიღაცაზე ჩაცმულობით, კილოთი, გემოვნებით, საუბრის მანერით მიბაძვას, ვიღაც ,,კაი ტიპებს“ ბაძავენ. ეს ყველაფერი კი ხელოვნურობას იწვევს. ეს საკითხი ახალგაზრდებში ძალიან პრობლემატურია, მაგრამ პრობლემად რომ არ მივიჩნევთ, ალბათ, ამიტომ არის ასე ღრმად ფესვგამდგარიც. ხელოვნურობის ყველაზე დიდი პრობლემა ის არის, რომ ვიღაც სხვას ემსგავსები და ამით შენს საკუთარ პიროვნებას გაურბი. ამ დროს კი, საკუთარი თავის ისეთად უნდა მიიღო, როგორიც ხარ. ეს ყველაფერი ახალგაზრდების კომპლექსებზე მიუთითებს. ჩვენთან თვითონ სოციალური გარემოა ძალიან არეული და ყველაფერი ამის ბრალია. უნდა დასხდნენ, დაფიქრდნენ და თვითონ რაც მოსწონთ, ის უნდა გააკეთონ და ის უნდა ჩაიცვან. რაღაც დოგმების და კომპლექსების გამო არც არაფერი უნდა დათმონ და არც რამე უნდა მიიღონ. არ უნდა გააკეთონ  ის, რაც თავიანთ გემოვნებაში არ ჯდება. ამასთან, რა თქმა უნდა, ზნეობაც უნდა გაითვალისწინონ და თავიანთი ,,მე“-ს საწინააღმდეგო არაფერი გააკეთონ.

სალომე შალიკაშვილი: – ბევრი  ახალგაზრდა ხელოვნურ იმიჯს იქმნის. ეს არის ინტელექტუალის მორგებული იმიჯი, ძალიან თანამედროვეს იმიჯი და ა.შ. თვითონ ხელოვნური იმიჯი, არასრულფასოვნების კომპლექსზე მიუთითებს. ეს კი უწიგნურობისგან და ზოგადად, გაუნათლებლობისგან იღებს სათავეს.  კიდევ კარგი მასიური არ არის, თორემ რა გვეშველებოდა, მაგრამ ახალგაზრდობის ძალიან დიდი ნაწილი ხელოვნურია. საკუთარი თავის უკეთ წარმოსაჩენად, სულაც არ არის საჭირო ხელოვნური იმიჯის შექმნა, პირიქით, ყველამ თავის საკუთარ არჩევანს უნდა სცეს პატივი და  საკუთარი გადაწყვეტილებები დააფასოს. 

შორენა ღვაჩლიანი

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები