გამოფენა „გზაჯვარედინზე“ ეროვნულ გალერეაში და სტუდენტების შეფასებები

ხელოვნება

ეროვნულ მუზეუმში ლევან ჭოღოშვილისა და დარეჯან ბერეკაშვილის ერთობლივი გამოფენა სახელწოდებით – „გზაჯვარედინზე გაიმართა.
გამოფენაზე წარმოდგენილი იყო ლევან ჭოღოშვილის ფერწერული ტილოები ორი სერიით, „ვენერა და მარქსი“ და „განადგურებული არისტოკრატია“. ასევე, ემიგრანტ დარეჯან ბერეკაშვილის სკულპტურული ნამუშევრები.

სურათები საბჭოთა პერიოდში, კომუნისტურ იდეოლოგიასთან დაპირისპირებით შეიქმნა. ნამუშევრებში მხატვარი იყენებს ძველ ფოტოებს, როგორც მეხსიერებას და დოკუმენტს, ხოლო გამოსახულება სხვა რეალობაში გადაჰყავს.

ქანდაკებების შექმნა დარეჯან ბერეკაშვილმა 20 წლის წინ, საბჭოთა იმპერიის დაშლის შემდეგ დაიწყო. მიუხედავად იმისა რომ, მოქანდაკე ქართველი, პირველი თაობის ემიგრანტების შთამომავალია და საფრანგეთში ცხოვრობს, მის ნამუშევრებში ქართული გავლენა იგრძნობა. შემოქმედებაში მრავლადაა მოცეკვავეები, მწყემსები და ქეიფის თემა.

გამოფენას ესწრებოდნენ სტუდენტები, რომლებმაც თავიანთი შთაბეჭდილებები studinfo.ge-ს გაუზიარეს.

თამთა ფირცხალაიშვილი, ირაკლი აბაშიძე: „ჩვენთვის საინტერესო გამოფენა იყო იმ მხრივ, რომ სურათებზე აღწერილია 1970-1980-იანი წლების ისტორია და ამ ნამუშევრებმა იმ ეპოქაზე უფრო მეტად შეგვიქმნა წარმოდგენა. მხატვარმა, ლევან ჭოღოშვილმა, ძველ ქართულ ოჯახებში შეგვახედა, მაგალითად, გაგვაცნო ციციშვილები“ (ავტ. ერთ-ერთ სურათზე ციციშვილები არიან გამოსახულნი)

ირაკლი სალია: „ჭოღოშვილის ნამუშევრები ადრეც მაქვს ნანახი სხვა გამოფენაზე და იქიდანვე მომწონს. დღევანდელი გამოფენა განსაკუთრებულია იმით რომ მისი ნამუშევრები მრავლადაა წარმოდგენილი. ამიტომ უფრო კმაყოფილი ვარ, ვიდრე წინათ, მეტიც, დღეს ჭოღოშვილის სურათებმა გონებაში მხატვარი კარლო კაჭარავაც გამახსენა და უფრო მეტად დამაფიქრა საბჭოთა კავშირში შექმნილ ნამდვილ ხელოვნებაზე“

თამარ შუკაკიძე: „მინდა ვისაუბრო დარეჯან ბერეკაშვილის სკულპტურებზე, მათში იგრძნობოდა ინდივიდუალიზმი და ეპოქის დრამატიზმი. მთლიანობაში გამოფენამ ჩემზე ემოციურად იმოქმედა. ჭოღოშვილის ფერწერულ ტილოებზე ფერები, ფორმები ყოველგვარ ჩარჩოს არღვევს, ეს არ არის კლასიკური მხატვრობა, არც ზედაპირზეა წარმოჩენილი იდეა, პირიქით სათქმელის გაგება და გაცნობიერება ღრმა ანალიზს საჭიროებს“

სტუდენტებო, გამოფენის ნახვა 28 ოქტომბრამდე, დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში შეგიძლიათ, რომელიც რუსთაველის N11-ში მდებარეობს. გამოფენის დათვალიერება სტუდენტებისთვის სიმბოლურად, 1 ლარი ღირს.

ავტორი: სალომე ბუკია

 

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები