ბუფეტები ქართულ უნივერსიტეტებში – რამდენად სტუდენტური ფასებია ჩვენთან?!

ინტერვიუ

ე.წ „ფანჯარა“ ლექციებს შორის. ეს ის დროა, რომელსაც ჯგუფელებთან ჭორაობასა და გასტრონომიული მოთხოვნილებების დაკმაყოფილებაში ფლანგავ. 🙂 ერთდროულად ჭამა და ჭორაობა ხომ სრული განცხრომაა, თანაც მთელი ერთი საათით.
ერთი საათი კაფეში დასაჯდომად არ მყოფნის, შეკვეთას დააგვიანდება.. ფული მაქვს ცოტა.

გამოსავალი საუნივერსიტეტო ბუფეტია, თავისი ხმაურით, გადაძახილებით – „ფულს ვერ დამიმატებ კოკა-კოლაც მინდა“.. აქ, გარემო ერთი შეხედვით, ჩაშლილ ლექციას ჰგავს, მაგრამ თავისი ხიბლი აქვს. 🙂 აქ ყალიბდება ნამდვილი ურთიერთობები, აქ ცვლიან სტუდენტები წვალებით გადაღებულ ქსეროქსებს. 🙂

ბუფეტი ნამდვილად არის კაფის ალტერნატივა, მაგრამ რამდენად სტუდენტურია ჩვენი უნივერსიტეტების ბუფეტებში მენიუს ფასები?! „სტუდენტური ამბები“ სწორედ ამ საკითხით დაინტერესდა. მთელი წლის განმავლობაში „სტუდინფო“ სხვადასხვა უნივერსიტეტის ბუფეტს ესტუმრება და იქაურ ფასებსა და საკვების ხარისხზე სტუდენტებთან ერთად მოგიყვებათ.

მაშ ასე, ჩვენი პირველი კვლევის შედეგი ასეთია:

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი:

es111-shorena

რომ გითხრათ, სამედიცინო უნივერსიტეტის ბუფეტში შესვლისას, გემრიელი სურნელით გულის წასვლამდე მივედითქო, მოგატყუებთ 😉 გული მართლა არ წამსვლია, მაგრამ ერთი გარემოების გამო ისეთი ელდა მეცა, სკამზე დიდი სიამოვნებით მივესვენებოდი (რომ ყოფილიყო 😉 ) ჩემი ელდა დაღლილობას დავაბრალე და დახლისკენ გავემართე, იქნებ რამე შევუკვეთოთქო, მაგრამ სად მეჭამა?! მივიხედ-მოვიხედე და უსკამობასთან ერთად სადარდებლად მაგიდის დეფიციტიც დამემატა. 😀 ,,i am a table არა, მაგრამ i am ჩემი თავის table“. ახლა სულ დახლთან ხომ არ ვიდგებოდი, ჰოდა გავდივარ… გავდივარ, მაგრამ მაინც ვერ გავდივარ… რაღა ახლა მოუწიათ ამ ჩემი ცოდვით სავსეებს დიდი დასვენება! 🙂 იმაზეც კი დავფიქრდი, მაინც საიდან გაიგეს ჩემი აქ მოსვლამეთქი. ჰოდა მშიერი კუჭით შევუდექი ჩემი საქმის შესრულებას.

კალამი და ფურცელი, ამათი ჯანი, ჩემი ჯინი და წავიდა: ლობიანი – 1 ლარი; ფენოვანი ხაჭაპური – 2 ლარი; იმერული ხაჭაპური – 2 ლარი და 50 თეთრი; პიცა – 2 ლარი; ყავა – 1 ლარი; ჩაი – 1 ლარი. კოკა-კოლა- 1 ლარი და 20 თეთრი, სნიკერსი – 1 ლარი და 50 თეთრი.

ამათგან ყველაზე მხნედ იმერული ხაჭაპური გამოიყურებოდა. ფასსაც ამართლებდა, ერთი ხაჭაპური რომ დაგანაყრებს 2,50-იც უნდა გაიმეტო. 🙂
რადგან ამ „შედევრის“ დაგემოვნება ვერ შევძელი სტუდენტებს მივაშურე:

დათო მარგიშვილი – მხოლოდ ეს ერთი ბუფეტი გვაქვს და ალბათ, შეამჩნიეთ, რომ ფართი ძალიან პატარაა. მე, როგორც ერთ პიროვნებას მაკმაყოფილებს, მაგრამ იმდენი ბავშვი სწავლობს ამ უნივერსიტეტში, ხალხმრავლობაა, სანამ ჩვენი რიგი მოვა დიდი დასვენებაც მთავრდება. ამ დროს, ყველას აქ შემოსვლა და ჭამა უნდა, მაგრამ ნორმალურად ვერ დაჯდები, არც მაგიდები გვყოფნის და არც სკამები. საკვებს რაც შეეხება, მრავალფეროვანი საერთოდ არ არის და ძირითადად, მარტო ცომეული და ტკბილეულია. ამ ტკბილეულით ცოტა მრავალფეროვნებაც ივსება, მაგრამ მაღაზიებისგან განსხვავებული ფასები აქვს. მაგალითად, სნიკერსი 40 თეთრით უფრო ძვირი ღირს. ხაჭაპურს 2 ლარად ვყიდულობ, მაგრამ არ მეძვირება, დიდია და კარგადაც მანაყრებს. სისუფთავეზეც მინდა ვთქვა, რომ ამ მხრივ ეს ბუფეტი დიდად ვერ დაიკვეხნის. ახლა რომ შემოვედი, მაგიდის ალაგება და გადაწმენდა მე თვითონ მომიწია. სულ ორი მომსახურე პერსონალია და როცა ბევრი ხალხია, ამ ორიდან მხოლოდ ერთი მუშაობს. ალბათ, ამ დროს მეორე აცხობს, მეტი ახსნა მართლა ვერ მოვუძებნე. 🙂 ერთი პრობლემაცაა, მწეველებთან დაკავშირებით. აქ მოწევა არავის შეუძლია და ყველას საპირფარეშოში უწევს წასვლა.

ნათია ღუღუნიშვილი – მრავალფეროვანი საჭმელი არ არის, უფრო მშრალი საკვები და ტკბილეულია. ფასებსაც არაუშავს, 1 ცალი ლობიანი 1 ლარი, ფენოვანი ხაჭაპური კი 2 ლარი ღირს, ყავასაც რომ მიაყოლებ, დაახლოებით, 3 ლარად გამოხვალ. აქ ფასებზე მეტად ფართის პრობლემაა. წარმოიდგინეთ, სამედიცინო უნივერსიტეტის ყველა კორპუსს ეს ერთი კვების ობიექტი მარტო აქვს და ყველა სტუდენტს აქ უწევს ჭამა. ძალიან სივიწროვეა და აქ დაჯდომა გამართლების ამბავია. მე პირადად, რამეს რომ ვყიდულობ, ყოველთვის გარეთ მიწევს ჭამა. დიდ დასვენებაზე აქ საერთოდ ვერ შემოხვალ.
მოკლედ, სტუდენტების დარდით ავსილი წამოვედი :). აქეთ ფართის პრობლემა..იქით მცხობელის და მომსახურე პერსონალის..

აგრარული უნივერსიტეტი:

es0000-shorena
სამედიცინოს მერე წავედი, არა, უფრო ზუსტად წავლასლასდი აგრარულში. კი, ნამდვილად ასე იყო. ამ სიტყვის დაწერისას ისე დამაცემინა, როგორც აგრარულში ბუფეტთან მიახლოებისას. მაშინ ვიფიქრე, ხომ არ გავცივდიმეთქი, მაგრამ ასე ნამდვილად არ იყო, გაციება ყნოსვას ახშობს, მე კი ისე გემრიელად ვსუნთქავდი, ჩემი სვანეთის გზებზე მეგონა თავი. 🙂 დაღლილს არ ჩამთვლიმოსთქო და წავედი იქით, სადაც საჭმლის სურნელი თურმე, ძალაგამოცლილსაც თავისით მიგარბენინებს. 😀 ,,გამჟღავნდა ცნობისწადილიც“:
იმერული ხაჭაპური – 2 ლარი, ლობიანი – 1,50. ნახევარფენოვანი – 2 ლარი, 1ც. კატლეტი, ყავა – 70 თ, კოკა-კოლა – 1,20; პატარა სნიკერსი – 1 ლარი და 20 თეთრი.

სამედიცინოს ფასებთან სხვაობა დიდი არ არის, მაგრამ სამაგიეროდ, პირობები მაქვს ევროპულითქო (გავიფიქრე).
სტუდენტებიც ბევრად მომღიმარი და კმაყოფილები მელაპარაკებიან.. (დაღლამაც გადამიარა :)).

თამთა ჩადუნელი – სისუფთავე და ეკოლოგიურად სუფთა გარემოა. კარგად დანაყრებისთვის ყველანაირი პირობა გვაქვს შექმნილი, ფასები და ფართი ნორმალურია. საკვებს რაც შეეხება, არის როგორც მშრალი, ასევე წვნიანი კერძებიც, ერთს რასაც დავამატებდი, ეს ტკბილეულია. აქ სხვადასხვა კვების ობიექტია გაერთიანებული და ძვირი არცერთში არ არის. ყველაფერი სტუდენტებთანაა შეთანხმებული: ახალი პროდუქტების ფასების შესახებ ელექტრონულ მისამართზე მოგვდის შეტყობინება და თუ სტუდენტთა უმრავლესობა დაეთანხმა შესაბამის ფასს, მაშინ შემოიტანენ, თუ არადა არა. აქ რომ შემოვდივარ, სამ ლარამდე ფულს ვხარჯავ. დღეს, მაგალითად 2 და 80 დავხარჯე.

ანი კერესელიძე – აქ ყველა კვების ობიექტში განსხვავებული ფასებია, მაგრამ ძვირი არცერთში არ არის და რაც მთავარია, ყველგან გემრიელი და ხარისხიანი საკვებია. ლექციები დილის ათი საათიდან რვა საათამდე მიგრძელდება და აქ შემოსვლაც ხშირად მიწევს. კარგია, რომ გემრიელი საკვებია, გაფუჭებული და უგემური არასდროს მიჭამია.
პირველი ექსპერიმენტი დასრულებულია და ამ სიტყვებსაც უკვე სახლში მისული კარგად დანაყრებული ვწერ, 🙂 რომელი ბუფეტი შეედრება დედიკოს გაკეთებულ გემრიელობებს.

ახლა კი სერიოზულად: 🙂 ცხადია, მხოლოდ ამ ორი უნივერსიტეტის მაგალითი არ არის საკმარისი მთლიანი სურათის ნათლად წარმოსაჩენად. სწორედ ამიტომ, როგორც უკვე გითხარით, ,,სტუდენტური ამბები“ სხვადასხვა უნივერსიტეტის კვების ობიექტებში არსებულ ვითარებას ერთგვარი სერიის სახით შემოგთავაზებთ.
გამახარეთ და მირჩიეთ ვისი სტუმარი ვიყო შემდეგ ექსპერიმენტზე. თქვენი მოსაზრებებიც გამიზიარეთ. მე კი გპირდებით, რჩევით თუ მის გარეშე, ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენ თქვენთანაც მოვალთ. 😉 🙂

შორენა ღვაჩლიანი

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები