გოგოები VS ბიჭები

სტუდZona

,,გოგოების ცხოვრებისეული მიზანი, უმეტესწილად, კარიერა და ხელფასია“… ,,დაშტამპული,  ერთნაირად მოაზროვნე, ერთმანეთის მიმბაძველი, უსწავლელი ახალგაზრდა ,,ჯენლტმენობა“… ,,ვითომ თანამედროვე რიტმს აყოლილი ბიჭების გამკვირვებია“… ,,ჯერ თავს პატიოსნებაზე დებენ და ღმერთმა იცის, რა აქვთ გაკეთებული“… ,, ყველა გოგოს რომ თითქმის ერთი და იგივე ხმა აქვს ,,დაყენებული“, ,,მაგრად ვღადაობ“…

მე კი მინდა ვთქვა, რომ ამ სტატიას შეიძლება აბსოლუტურად დამსახურებულად ეწოდოს ,,ფრთიან გამონათქვამთა მარგალიტები“, მაგრამ წაკითხვისას თქვენ არც ფრთები დაგჭირდებათ და არც მარგალიტები. ფრთები იმიტომ არა, რომ სავსებით შესაძლებელია უფრთოდაც კი წამოფრინდეთ სკამებიდან, ხოლო მარგალიტები იმიტომ არა, რომ მეეჭვება ვინმეს შემკობის სურვილი გაგიჩნდეთ (მარგალიტებით 😉 ).  ორი სქესის ძალიან დაპირისპირებულო წარმომადგენლებო, ,,რა გითხრათ, რით გაგახაროთ“?! მე მხოლოდ მხნეობას, მოთმინებას, სულის სიმაგრეს და დაბალ ტონალობას გისურვებთ. ის უკვე ვიცი, რომ მოსაკლავი მე ვარ მხოლოდ. 😀

მარიამ ანჯაფარიძე:ბოლო დროს ვაკვირდები, რომ ბიჭები ქალებივით ენის ტლიკინს მიეჩვივნენ და ჯელტმენობის ნასახიც კი არ აქვს. დამოუკიდებლობას საერთოდ არ ცდილობენ და შეგნებულ ასაკშიც კი დედიკოებსა და მამიკოებზე არიან დამოკიდებულნი. მათი ერთფეროვანი ცხოვრება მხოლოდ ქალების შებმით შემოიფარგლება და სხვაზე საერთოდ არაფერზე ფიქრობენ, არადა მართლა ბევრ რამეზე აქვთ დასაფიქრებელი. მომწონს ბუნებრივად თავდაჯერებული და განათლებული ბიჭები და არა ისეთები, მამიკოების ნაჩუქარი ,,X5“-ებით  რომ დადიან. მაღიზიანებენ, ,,დაყენებული“  ქალაქური კილოთი რომ ტიპობენ და ,,შემომხედე, რა ძაან მაგარი როჟა ვარ“  გამომეტყველებით რომ დადიან. მოკლეთ, ძალიან დასახვეწები არიან. დიდი უმრავლესობა,  საზოგადოებაში თავის გამოჩენის მიზნით, უფრო სუსტს ჩაგრავს, რომ უფრო ძლიერი თვითონ გამოჩნდეს, არადა, ნეტა ხედავდნენ, ამ დროს როგორ საზიზღრად მეჩვენებიან.

გალაქტიონ ესაკია:დღევანდელი ქართველი გოგონები ზედმეტად გულუბრყვილოები და ადვილად მიმნდომები არიან. მათი განათლების დონე დაბალია და ათასში ერთი თუ მოიძებნება, ვინც მართლა კითხულობს.  ცხოვრებისეული მიზანი კი, უმეტესწილად, კარიერა და ხელფასია. ნაკლებად ფიქრობენ ცხოვრების უფრო მნიშვნელოვან ღირებულებებზე და რაც ყველაზე ცუდია, ხშირ შემთხვევაში, არ იციან რა უნდათ.

ქეთი დინოშვილი: – მათზე არც ისე კარგი წარმოდგენა მაქვს. ძირითადი ნაწილი სწავლობს იმიტომ, რომ ასე უნდოდათ მათ მშობლებს. უნივერსიტეტი მათთვის ყოველდღიური თავშეყრის ადგილი და გასართობია. ხშირ შემთხვევაში, არ იციან რატომ სწავლობენ იმ პროფესიაზე, რასაც ეუფლებიან ისევე, როგორც გოგოებმა. ჯენლტმენობასა და ზრდილობაზე ხომ საუბარი ზედმეტია, რა თქმა უნდა, თუ იშვიათ გამონაკლისებს არ ჩავთვლით, რომლებმაც სიტყვა კაცის მნიშვნელობა იციან. მაგათი კაცობის განმსაზღვრელი ერთ-ერთი კრიტერიუმი კარში გოგოსთვის შესწრებაა. დაშტამპული,  ერთნაირად მოაზროვნე, ერთმანეთის მიმბაძველი, უსწავლელი ახალგაზრდა ,,ჯენლტმენობაა“.

ნათია იმნაიშვილი: – დღევანდელი ბიჭების გარკვეული რაოდენობა, თითქოს თანამედროვე რიტმს ყვება, მაგრამ მაინც არაფერი გამოსდით. მათში ისევ ის ტრადიციები და ,,ქართველური“ შეხედულებებია. ღმერთმა დამიფაროს, ქართულ ტრადიციებს შეურაცხყოფა მივაყენო, პირიქით, ძალიან ბევრი რამ მომწონს მათში, მაგრამ, უბრალოდ,  ვითომ თანამედროვე რიტმს აყოლილი ბიჭების გამკვირვებია. სიტყვით თუ რამეს უარყოფენ, შემდეგ ქმედებით სულ საპირისპიროს აკეთებენ. ადრე ვბრაზდებოდი და ახლა უკვე მეცინება,  ვითომ ,,კაი ბიჭები“ წითელს რომ არ იცვამენ იმიტომ, რომ ,,ქურდულში ეგ არ მოსულა“. ვერ გავუგე მართლა. სიტუაციას როგორც აწყობს, ისე იქცევიან და არა ისე, როგორც ნამდვილად სურთ. პირველ რიგში, ის უნდა იცოდნენ, რომ ქალის მიმართ ხმის ამაღლება და ხელის აწევა ვაჟკაცობა არ არის.

არენ პონო: – დღეს სანდო გოგოს ნახვა ძალიან იშვიათია. თუ ნახავ, ძალიან კონსერვატიულები არიან.  ყველას არ ვგულისხმობ, მაგრამ  ჯერ თავს პატიოსნებაზე დებენ და ღმერთმა იცის, რა აქვთ გაკეთებული. ისეთ გოგოებსაც ვიცნობ, ჯერ რომ გათხოვდებიან და მერე,,აიწყვეტენ“. უფრო სადა გოგოებს ვანიჭებ უპირატესობას, მაკიაჟს რომ არ იკეთებენ, ან თუ იკეთებენ, ძალიან მსუბუქად. არ მიყვარს გადაპრანჭულები რომ დადიან.

ქეთი ბიწაძე: – მომწონს, რომ დღევანდელი ბიჭები ქუჩაში დგომას არ ცდილობენ და თავიანთი საქმეებით არიან დაკავებულები, მაგრამ უსაქმური ,,ბირჟავიკებიც“ არსებობენ.  ძალიან მაღიზიანებს მათი ცინიზმი გარშემომყოფების მიმართ, მაგრამ ეს მარტო ბიჭებს არ ეხება. ჩვენს დროში, ცოტამ თუ იცის სიტყვა ,,კაცის“ მნიშვნელობა და ასეთებს ძალიან ვაფასებ. მნიშვნელობა არ აქვს ის 15 წლის იქნება, 20-ის თუ 40-ის.

ფრიდონ ტყემალაძე: – დღეს გოგოები ერთმანეთისგან განსხვავებულად ყოფნას ცდილობენ, მაგრამ ნაკლებად გამოსდით. თითქმის ყველა ერთია, იშვია გამონაკლისების გარდა. თავიანთი უფლებების ნებაყოფლობითი შეზღუდვა ყველაზე მეტად მაცოფებს. ჩემდა გასაკვირად, გოგოების აბსოლუტური უმრავლესობისთვის არაფერია კაცების ,,ქალებში“ სიარული, მაგრამ თუ იგივე თვითონ გააკეთა, უკვე მსუბუქი ყოფაქცევის აღმოჩნდება. ბევრ რამეს შევცვლიდი ქართულ “ქალურ” მენტალიტეტში, მაგრამ ყველაზე მეტად ის მაცოფებს, რომ ისინი საკუთარი უფლებების შეზღუდვას თანხმდებიან მარტო იმიტომ, რომ ქალებად დაიბადნენ. ეს მხოლოდ ჩვენთან და აზიის ქვეყნებში თუ ხდება და მართლა საშინელებაა.

გიგა მჭედლიძე: – მე რასაც ვატყობ და ვხედავ ისაა, რომ სწავლის მხრივ ძალიან მობილიზებულები არიან და ეს ძალიან მომწონს, მაგრამ ნაკლოვანებებიც აქვთ. ვერ ვიტან,  უგემოვნოდ ჩაცმულ და ზომაზე მეტად ტონალურწასმულ გოგოებს. ყველას რომ თითქმის ერთი და იგივე ხმა აქვს ,,დაყენებული“, ,,მაგრად ვღადაობ“.

ცოტნე თოლორდავა: –ყველა გოგოს ერთ ტაფაში მართლა ვერ შევწვავ, რადგან მათში სხვადასხვა კატეგორიას გამოვყოფდი. ზოგიერთი ძალიან ერუდირებულია, მაგრამ  ზოგი ძალიან ლამაზი და უჭკუო.  მინდა ვუთხრა, რომ თავს იმაზე მეტად ნუ იფასებენ, ვიდრე არიან. ვხედავ, რომ დღეს გოგოები ძალიან დიდ ყურადღებას აქცევენ მაღალ მატერიალურ ფასეულობებს და საერთოდ არ ფიქრობენ სულიერ საზრდოზე.  არ კითხულობენ და ცოდნას არ იძენენ. ყველას არ ვგულისხმობ და მათ გარკვეულ ნაწილზე ვსაუბრობ, მაგრამ ცოტა უფრო მეტი დრო რომ დაუთმონ სწავლას, კარგი იქნება.

ანა გვილავა: – ყურადღების ცენტრში ყოფნა უყვართ ან რაღაც ქცევებით ყურადღების მიქცევა. იყვნენ ისინი, ვინც ნამდვილად არიან, ბუნებრივები და არა ხელოვნურები. მაღიზიანებს, მათი ბილწსიტყვაობა ყოველი მეორე სიტყვის შემდეგ და ხელოვნური იმიჯი. ჩემში ასეთები ირონიული ღიმილის მეტს არაფერს იწვევენ. ეს შენიშვნები ყველას არ ეხება, პირიქით, ძალიან მიზანდასახულები და განათლებულებიც არიან, მაგრამ, სამწუხაროდ, ცოტანი.

თორნიკე ზეიკიძე: –დღევანდელ გოგოებს მხოლოდ გაპრანჭვა აინტერესებთ და მეტი არაფერი. მათი სალაპარაკო თემა მხოლოდ საპირისპირო სქესის წარმომადგენლები არიან. შაჰ-აბასს აქვს ნათქვამი ასეთი სიტყვები, ქართველი კაცი მაშინ გადაჯიშდება, როცა ქალი გაერყვნება და ვაზი გაუხმებაო. სამწუხაროა, მაგრამ რეალობა, რომ ამ ყველაფრის წინაპირობა უკვე არსებობს.

შორენა ღვაჩლიანი

(ფოტო – UGFC – UG Friends Club)

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები