Aris.ge-განათლება დაინტერესდა, სწავლის დასრულების შემდეგ, რამდენ ხანში გადაეცემათ სტუდენტებს ნანატრი დოკუმენტი, რამდენად შეესაბამება მათი სტანდარტი საერთაშორისო მოთხოვნებს და საჭიროა თუ არა დიპლომის ასაღებად დამატებით თანხის გადახდა. ამ კითხვებით საგანამანთლებლო პორტალმა 20 სახელმწიფო და კერძო უნივერსიტეტს მიმართა.
დიპლომი – სამოქალაქო განათლების ლექსიკონში ამ სიტყვას შემდეგი შინაარსის ახსნა ახლავს: ”უმაღლესი სასწავლებლის დამთავრების ან სამეცნიერო ხარისხის, წოდების მინიჭების დამადასტურებელი მოწმობა. დადგენილი ნიმუშის მიხედვით შედგენილი ოფიციალური დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს სათანადო სპეციალობაში კვალიფიკაციის მინიჭებას. დიპლომი გაიცემა იმ უმაღლესი სასწავლებლის მიერ, რომელიც დაამთავრა სტუდენტმა”.
უფრო მარტივ, სტუდენტების ენაზე რომ ვთქვათ, ეს არის დოკუმენტი, რომელსაც ველით უმაღლესში სწავლის პერიოდის მანძილზე და ვფიქრობთ, რომ ჩვენი სამომავლო დასაქმების ერთგვარი გარანტიაა.
მაშ ასე, რა ღირს დიპლომი საქართველოში?
როგორც გამოკითხვის პროცესში გაირკვა, ყველაზე ძვირი – კავკასიის უნივერსიტეტის დიპლომია. იმისთვის, რომ სტუდენტმა სწავლის დასრულების დამადასტურებელი საბუთი გაიტანოს, მას დამატებით 120 ლარის გადახდა ევალება. Aris.ge-განათლება დაინტერესდა, რით არის განპირობებული თანხის ეს ოდენობა და სასწავლებელს შესაბამისი კითხვებით მიმართა.
მართალია, უნივერსიტეტმა ოფიციალური პასუხისგან თავი შეიკავა, თუმცა ადმინისტრაციის წარმომადგენლები პირად საუბრებში ამბობენ, რომ დიპლომი ”ძალიან მაღალი ხარისხისაა, ქართულ და ინგლურ ენოვანია, ჩასმულია უმაღლესი ხარისხის ყდაში და ამას გარდა, კურსდამთავრებულს კედელზე დასაკიდი დიპლომი გადაეცემათ, ისეთი, როგორც საზღვარგარეთ არის მიღებული”. („120 ლარი რა ამბავია, ოქროში ხომ არ ზისო“ – ასეთი კითხვა დაგვისვა თემაზე მუშაობისას ერთ-ერთმა რესპოდენტმა – ე. წ. )
კავკასიის უნივერსიტეტის გარდა, დიპლომი ფასიანია შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტშიც. თუმცა ფასი კავკასიის უნივერსიტეტის ფასის მხოლოდ მეოთხედია და 25-30 ლარს შეადგენს. როგორც Aris.ge-განათლებას IBSU-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა ზვიად ფიფიამ განუცხადა, უახლოეს მომავალში ამ გადასახადის გაუქმება იგეგმება. მისივე თქმით, IBSU-ს დიპლომიც ორ ენოვანია და სპეციალურ ყდაშია ჩასმული. მის დასამზადებლად კი რამდენიმე თვეა საჭირო.
დიპლომის ფასი სწავლის გადასახადში არ შედის არც გურამ თავართქილაძის სახელობის უნივერსიტეტში. ”დიპლომების ფასს ის სტამბა განსაზღვრავს, რომელიც ჩვენი დაკვეთით ამ დოკუმენტს ამზადებს. სტამბა კი, თავის მხრივ, ფასს იმის მიხედვით ადგენს, თუ რა რაოდენობის შეკვეთას ვაძლევთ ჩვენ. საშუალოდ, 20 ლარი ჯდება. დიპლომი ორ ენოვანია და რბილ ყდაშია ჩასმული,”-განგვიმარტა თავართქილაძის უნივერსიტეტის დიპლომების რეგისტრატორმა ქეთევან დევდარიანმა.
GAU-ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი, ჩვენ მიერ გამოკითხული ერთადერთი სასწავლებელი აღმოჩნდა, რომელიც კურსდამთავრებულებს დიპლომებს სწავლის დასრულებისთანავე, ”გამოსაშვებ” ღონისძიებაზე გადასცემს. დიპლომის ასაღებად GAU-ს სტუდენტებს დამატებითი თანხის გადახდა არ უწევთ. სასწავლებლის პრეზიდენტის თანაშემწის მაია სვანიძის ინფორმაციით, დიპლომი ორ ენოვანია და სპეციალურ, უმაღლესი ხარისხის ყდაშია ჩასმული.
თსუ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასრულების დამადასტურებელი დოკუმენტის აღება თსუ-ს სტუდენტს უფასოდ შეუძლია. უნივერსიტეტის დიპლომი ორ ენოვანია. ამასთან, მოჰყვება დანართი, სადაც მთლიანად არის ასახული სტუდენტის აკადემიური მოსწრება. დიპლომის მსგავსად დანართით ორ ენოვანია და სპეციალურ ყდაშია ჩასმული.
თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტის – სტუდენტებისთვის დიპლომების დასამზადებელი თანხა თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების ბიუჯეტიდან იფარება. სტუდენტი კი ორ ენოვან, ყდაში ჩასმულ დიპლომს უფასოდ იღებს. ”ჩვენი დიპლომები ძალიან ლამაზია და უმაღლესი ხარისხია,”- ამბობენ ადმინისტრაციაში.
სამედიცინო უნივერსიტეტი – დიპლომს სრულიად უფასოდ იღებენ მომავალი ექიმებიც. სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სწავლის დამადასტურებელი დოკუმენტი ორ ენოვანია და შესაბამის ყდაშია ჩასული.
GIPA – საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის დიპლომის თანხას სასწავლებელი იხდის. დირექტორის თანაშემწის ინფორმაციით, დიპლომიც და დანართიც ორენოვანია. არის A4 ზომის და ყველა დამცავი მექანიზმი მოჰყვება. რაც შეეხება შეფუთვას, დიპლომი A4-ის ფაილშია ჩასმული. 🙂
სტუ – ტექნიკური უნივერსიტეტის დიპლომებზე Aris.ge-განათლებას დიპლომების განყოფილების უფროსი ესაუბრა. ლია სხილაძის ინფორმაციით, დიპლომებს ფაკულტეტების დეკანატები ამზადებენ. ”ჩვენს დიპლომს თითქმის ოცგვერდიანი დანართი მოჰყვება. დანართში აბსოლუტურად სრული მონაცემებია სტუდენტის აკადემიურ მოსწრებაზე. ნათარგმნია ინგლისურ ენაზეც. შესაბამისად ეს ორ-სამ დღეში ვერ მომზადდება. ამისთვის რამდენიმე თვეა საჭირო. მაგალითად, 2014 წლის კურსდამთავრებულებისთვის დიპლომების გაცემას ოქტობრიდან დავიწყებთ. ყველა დიპლომი ჩასმულია სპეციალურ ყდაში. რომელიც არის დარბილებული ტყავისა და მუყაოს შემცველი. ახლავს გერბი და ყველა ის სპეციალური ნიშანი რასაც სტანდარტი ითხოვს“.
ილიას უნივერსიტეტი – აქ დიპლომი ორ ენოვანი და უფასოა. თუმცა, სპეციალურ ყდაში ჩასმული არ არის. როგორც სასწავლებელში განგვიმარტეს, ყდა უნივერსიტეტში არ იყიდება და მისი შეძენა მსურველს წიგნის მაღაზიებში შეუძლია.
უფასო და ორ ენოვანია დიპლომები სდასუში, რობაქიძის, საქართველოს, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტებში. ყველა მათგანის დამზადებას რამდენიმე თვე სჭირდება.
აღსანიშნავია, რომ ყველა სასწავლებელში, ფასიანია თუ არა დიპლომი, ერთი სავალდებულო მოთხოვნა არსებობს: დიპლომის გასატანად სავალდებულოა, სტუდენტს სრულად ჰქონდეს დაფარული ფინანსური დავალიანება, ყველა გამოცდა კი ჩაბარებული.
თუ თქვენს სასწავლებელში განსხვავებული სიტუაციაა და ის ჩვენს გამოკითხვაში ვერ მოხვდა, არ დაიზაროთ და მოგვწერეთ. ხომ არ ცდება თქვენი დიპლომის ფასი გონივრულ გადასახადს?
ეკა არის© წივწივაძე