სად იმოსებიან სტუდენტები?

მოდა

ახალგაზრდებისთვის და მითუმეტეს, სტუდენტებისთვის, სამოსი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და აქტუალური თემაა. ყველას უნდა კარგად გამოიყურებოდეს და როგორც მისთვის, ასევე სხვებისთვისაც რამე მოსაწონი ეცვას. სხვადასხვა უნივერსიტეტის ,,შეკრების ადგილებში” ერთ-ერთი პოპულარული თემა სწორედ ჩასაცმელია. იქ განიხილება მოდა, მოდის კრიტიკოსები, ვინ როგორ გამოიყურებოდა სხვადასხვა ღონისძიებაზე ან თუნდაც უნივერსიტეტში. მოკლეთ, ეს საკითხი ,,ერთობ სერიოზული” განხილვის საგანია (არამარტო გოგონებში 😉 ) და ამავე დროს სახალისოც. ამ სახალისოს უკან, ან გვერდით კი ერთი სერიოზული საკითხიც დგას, რაც ფინანსებს და ფინანსურ მდგომარეობას ეხება. დიახ, იმ ფინანსებს, რომელიც ჩვენს საფულეშია და ხშირ შემთხვევაში, შეიძლება დიდად არც გვაწონებდეს თავს. აი, სწორედ აქ ვარდება მათი ხალისი და სიცილი სასოწარკვეთილებაში და ეს თემაც ,,იხურება”, ადგილს კი უთმობს სხვას, რომელიც მათ მოწყენილ სახეებს გაამართლებს.

ნანი სულეიმანაშვილი (გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი): – ერთი კონკრეტული ადგილი არ მაქვს ამოჩემებული. გააჩნია ფინანსებს – ხან სად ვყიდულობ და ხან სად. ყველაზე ხშირად ,,თბილისი მოლს” ვსტუმრობ. სეზონზე, ალბათ, სამჯერ მივდივარ რაიმეს შესაძენად და ნორმალური შენაძენი რომ გავაკეთო, ხელში 300-400 ლარი მაინც უნდა მქონდეს. ,,თბილისი მოლში” რომ წახვიდე, 100 ლარად მარტო ერთ რამეს თუ იყიდი.

ვანო აბაშვილი (თსუ): – ტანსაცმლისთვის ყველაზე ხშირად ,,თბილისი ცენტრალში” დავდივარ. ეს დაახლოებით სამ თვეში ერთხელ ხდება და 200-300 ლარის ფარგლებში გამოვდივარ. ამ თანხაში ორი მაისური, პერანგი და ნორმალური შარვალი გამომდის. ბაზრობებზე სიარულს და იქ ნერვების მოშლას, მაღაზიებში წყნარად სიარული მირჩევნია, თან ფასებშიც მინიმალური განსხვავებაა.

გვანცა ბუთხუზი (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი): – მარჯანიშვილზე ვცხოვრობ და ძირითადად, იქვე მდებარე მაღაზიებში შევდივარ. ზოგადად, არც იმაზე მაქვს პრობლემა, რომ ან ბაზრობაზე გავაკეთო შენაძენი ან თუნდაც მეორადებში. მოკლეთ, რაც მომეწონება, იმას ვყიდულობ. ერთი ამოჩემებული მაღაზია ან ადგილი არ მაქვს. ალბათ, თვეში ერთხელ მივდივარ რამის საყიდლად და ამ დროს ყველაზე ცოტა 50 ლარი მაქვს ხელში. ამ ფასად ორი ზედა გამომდის, ჩანთაზე და ფეხსაცმელზე კი შეიძლება 50 ლარიც არ მეყოს. დიდი თანხა ერთ სეზონზე ერთხელ მაქვს და უფრო სერიოზულ შენაძენსაც მაშინ ვაკეთებ. უფრო იაფ მაღაზიებს ვსტუმრობ, ამიტომ ვერ ვიტყვი, რომ მე სადაც დავდივარ იქ, შეუსაბამო, ან ზედმეტად აწეული ფასებია.

თამუნა დალაქიშვილი (თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი): – გარდერობს მეტ-ნაკლებად ყოველკვირეულად ვანახლებ, მაგრამ დაბალი ფასების ფარგლებში. იქიდან გამომდინარე, რომ არ ვმუშაობ და ამიტომ ჩემს ფინანსურ მდგომარეობას მე არ განვკარგავ, ხშირად რაიმეს ყიდვა მიჭირს. სეზონზე, დაახლოებით, 500 ლარის ფარგლებში ვხარჯავ. გლდანი-ნაძალადევის ტერიტორიაზე ვცხოვრობ და იქვე სავაჭრო ცენტრ ,,ევრაზიაში” დავდივარ. მაგალითად, უნივერსიტეტისთვის თეთრი ხალათი გუშინ ,,პასაჟში” ვიყიდე. ბაზრობებზეც მინახავს კარგი და გამორჩეული, მაგრამ მაინც მაღაზიებს ვანიჭებ უპირატესობას.

გიორგი ცინარიძე (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი): – ძირითადად, ქარვასლაში დავდივარ და ფასებიც აბსოლუტურად მისაღებია ჩემთვის. ალბათ, ერთ წასვლაზე მინიმუმ 200 ლარი უნდა მქონდეს, ეს ორ-სამ თვეში ერთხელ ხდება. ბაზრობაზე თითქმის არ დავდივარ.

ბექა შაინიძე (შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი): – თვეში ორჯერ ,,თბილისი მოლს” ვსტუმრობ. ვერ ვიტყვი, რომ ფინანსურად ძლიერად ვარ. ხშირად ვერ ვაკეთებ სერიოზულ შენაძენს, მაგრამ ცოტ-ცოტას და პატარ-პატარას ხშირად ვყიდულობ. ბაზრობებზე სიარული არ მიყვარს.

ლერა კუჭუაშვილი (საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი): – ყველაზე ხშირად ,,თბილისი მოლში” დავდივარ. მომწონს ეს მაღაზია, ჩემთვის დიდი არჩევანია, მითუმეტეს ჩანთების. სიძვირე არის, მაგრამ მაინც ვახერხებ რომ ჩემს ფარგლებში ჩავეტიო. იქიდან გამომდინარე, რომ ვმუშაობ და სტიპენდიასაც ვიღებ, თავს უფლებას ვაძლევ, რომ ყოველთვე ვიარო აქ. ალბათ, ყოველ მოსვლაზე 100 ლარს ვტოვებ, ხოლო სერიოზულ შენაძენს – ალბათ, 200-300 ლარის ფარგლებში, უფრო სეზონურად ვაკეთებ. ცოტა ძვირი ფასებია ბაზრობებთან შედარებით, მაგრამ იქ რიგში დგომას და დისკომფორტს, ისევ ძვირად ვიყიდო მირჩევნია. 

ალბათ, დამეთანხმებით, რომ ეს თემა სახალისოცაა, მაგრამ ამავე დროს ძალიან მნიშვნელოვანიც, რადგან წინ მისი აღმატებულება ფინანსებია! 😉

საინტერესოა, თავად შენ სად და რა ფასის ფარგლებში იმოსები?! კარგი იქნება, თუ საკუთარ თავს ამ კუთხით შენც გაგვაცნობ.

შორენა ღვაჩლიანი

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები