აი, რა არის ქუჩის კულტურა…

ივენთი

გუშინ მეტრო რუსთაველთან ქუჩის კულტურის (,,urban street life”) მიმდევრები შეიკრიბნენ. შეკრების მთავარი მიზანი ქუჩის კულტურის პროპაგანდა იყო. მოგეხსენებათ, ჯანსაღი გართობა – ცეკვა და სიმღერა თავდაპირველად სცენისგან გარეთ, ქუჩაში ჩამოყალიბდა და ამ ღონისძიების მთავარი სათქმელიც სწორედ ეს იყო. გუშინდელი სანახაობა კარგი ნიმუში იყო იმისა, რომ ქუჩის კულტურა ან საერთოდ არ გვესმის ან, სამწუხაროდ, სულ სხვა რამეს ვგულისხმობთ მასში. იქ შეკრებილთაგან ბევრისთვის ეს ახალი და უცხო, მაგრამ ჯანსაღი ,,ხილი“ აღმოჩნდა, ზოგისთვის კი უბრალოდ დროის ფუჭად დაკარგვის შესანიშნავი საშუალება. ჩემი პირადი მოსაზრებით კი, ეს იყო სწორად ცხოვრების საუკეთესო პროპაგანდა.

ბი ბოი (ორგანიზატორი): – დღევანდელი ღონისძიების ჩასატარებლად, ბევრი სხვადასხვა ცეკვის მიმდევარი ვართ გაერთიანებული. ჩვენ გვინდა, რომ დღევანდელი ღონისძიებით ხალხს ვუთხრათ, რომ ქუჩის კულტურა ნამდვილად არაა გარეთ დგომა საქმეების გასარჩევად, ლუდის სმა და მერე ერთმანეთში ჩხუბი, დაჭრა და ასე შემდეგ. ამ ყველაფრის უარყოფას ემსახურება დღევანდელი საღამო. ქუჩის კულტურა დაკნინებულია, თორემ ჩვენთვის უკვე დავიწყებულ ისტორიას თუ გადავხედავთ, დავინახავთ რომ ცეკვა და გართობაა ჯანსაღი ქუჩის კულტურა და არა ათასი სისაძაგლე. გვინდა, რომ ხალხმა დახატოს, იმღეროს და იცეკვოს. ჩვენი მიზანიც ესაა. გვინდა, რომ ქუჩის კულტურა სულ სხვა კუთხით შემოვატრიალოთ და სხვა კუთხით დავანახოთ საზოგადოებას, რომ ხალხი, პირველ რიგში, ნიჭით იყოს დაინტერესებული და არა ჩხუბით.

ნიკი სლოუ (ორგანიზატორი): – ჩვენ ამ ღონისძიებით, გვინდა რომ ისტორია გავახსენოთ ყველას. ეს ყველაფერი ხალხისთვის კეთდება, რომ კომპლექსები მოეხსნას ყველას და არავის გაუკვირდეს ქუჩაში ცეკვა. პირველად რომ არა ქუჩა და ქუჩის კულტურა, არც ცეკვა იქნებოდა და არც მუსიკა. ჩვენთან, ზოგადად, არ არის ქუჩის კულტურა, საიდანაც სულ პირველად დაიწყო მუსიკაც და ცეკვაც. არიან შემსრულებლები, რომლებიც სცენაზე დგანან და არ იციან ისტორია, თუ საიდან წამოვიდა ჯანსაღი გართობა. მიუხედავად იმისა, რომ დღეს ჩემი ჯგუფის ბევრი მონაწილე გამოვა და თავის ნომერს შეასრულებს, საკუთარი თავის წარმოჩენა ყველა ხელოვანს თუ უბრალო მსურველს შეეძლება. ყველას აქვს უფლება ჩვენს გვერდით დადგეს, თუ მათ ამის სურვილი ექნებათ. ყველას ვაძლევთ შანსს, რომ მოვიდეს და გააკეთოს ის, რაც შეუძლია. მგონია, რომ დღეს ჩვენი წარმოდგენით ხალხი ძალიან დაინტერესდება. დღევანდელ ღონისძიებაში სხვადასხვა სტილის ცეკვა შედის. რეჟისორებიც კი მონაწილეობენ, რომ შემდეგ ღონისძიების რაღაც ელემენტები ფილმებში გამოიყენონ. მე როკშემსრულებელი ვარ და ვფიქრობ, რომ ძალიან ბევრი ნიჭიერი ხელოვანი გვყავს ქვეყანაში. რატომ უნდა ჩამოვშორდეთ სხვა ქვეყნებს და რატომ უნდა ვიყოთ სხვებზე ნაკლები?! ჩვენც თავისუფლად შეგვიძლია იმის გაკეთება, რასაც სხვები აკეთებენ.

მარიამ შიოშვილი (მაყურებელი): – საინტერესოა აქ რაც ხდება. როგორც ვიცი, ქუჩის მუსიკის პროპაგანდას ეხება. მე დიდად არ მხიბლავს ასეთი სანახაობები, მაგრამ ბევრი ახალგაზრდაა შეკრებილი და ბევრს აინტერესებს. ზოგისთვის ეს გართობაა, ზოგისთვის კი ჯანსაღი ცხოვრების წესი. ჩემთვის კი, ჯანსაღი ცხოვრების პროპაგანდა უფროა ვიდრე გართობა. კარგი იქნება, თუ პერიოდულად გაგრძელდება. გავიგე, რომ წინა დღეს თავისუფლების მეტროსთანაც გაუმართავთ მსგავსი სანახაობა. თავიანთი დადებითი ემოციები და მუხტი მაქსიმალურად აქვთ გამოხატული. მე ბევრი ნიჭიერი ქუჩის მუსიკოსი და მოცეკვავე ვიცი, რომლებიც ძალიან ცნობილები და პოპულარულები გამხდარან. კარგი იქნება, თუ ამათაც გაიცნობენ.

გიორგი ჯანიაშვილი(მაყურებელი): – დღევანდელი ღონისძიება უსაქმურობასთან დაკავშირებით ტარდება. უბრალოდ ერთობიან, ხალხს ხანდახან გართობაც სჭირდება. ამბობენ, რომ ესაა ჯანსაღი ცხოვრების წესის დასანერგად და თითქოს ამით ეწინააღმდეგებიან ძალადობას, მკვლელობას, მაგრამ, ჩემი აზრით, ასეთი მიდგომა მაინც არაფერს შეცვლის. ადამიანს თუ უნდა დაჭრას ვინმე, ის აუცილებლად დაჭრის. ეს ღონისძიება ამ მხრივ რაიმეს მომტანი არაა. ჯანსაღ ცხოვრებაში მე სხვა რამეს ვგულისხმობ. მაგალითად, ჯანსაღი   ცხოვრებაა მუშაობა, სწავლა და ასე შემდეგ. დღევანდელ ღონისძიებას უბრალოდ დროის გატარებად შევაფასებდი.

გიორგი გლავაძე(მაყურებელი): – დღევანდელი ღონისძიება ქუჩის კულტურის წასახალისებლად ტარდება. მეც მოცეკვავე ვარ და იმისთვის ვარ მოსული, რომ მუსიკისა და ცეკვისგან სიამოვნება მივიღო. ყველა მონაწილეს ვგულშემატკივრობ. მინდა, რომ ხშირად ტარდებოდეს მსგავსი ღონისძიებები. ახალგაზრდები ამით სხვადასხვა ცეკვის სტილს და სიყვარულს შეისწავლიან. ყველაფერი, რაც ჯანსაღია, კარგია.

თემო (მაყურებელი, მონაწილე): – მე როგორც ვიცი, ესაა ქუჩის კულტურის გაცნობა და პროპაგანდა ხალხში.ბევრია მოსული. მგონია, რომ უფრო იმიტომ მოვიდნენ, რომ ახალია და აინტერესებთ, ვიდრე იცოდნენ და გამიზნულად მოსულიყვნენ. მიხარია, რომ ცუდი ამინდის მიუხედავად ბევრი შეიკრიბა. ერთი ცეკვა მეც შევასრულე, თუმცა მონაწილე არ ვარ. უბრალოდ მიყვარს ასეთი გართობა და ქუჩის კულტურის მიმდევარი ვარ.

შორენა ღვაჩლიანი

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები