სტუდენტური კონცერტი ვარდების მოედანზე

ივენთი

15 სექტემბერს ვარდების მოედანზე, ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით, კონცერტი გაიმართა. ღონისძიების ორგანიზატორი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროა. მასში მონაწილეობას სხვადასხვა უნივერსიტეტის ჯგუფები, ანსამბლები, ჯაზ-ბენდები თუ სოლო შემსრულებლები იღებდნენ. მსგავსი ტიპის სტუდენტური ღონისძიებები წინა წლებშიც ჩატარებულა და შესაბამისად, მას სისტემური ხასიათი აქვს, თუმცა როგორც კონცერტის მონაწილენი და ორგანიზატორები აღნიშნავენ, წლევანდელი ღონისძიება ყველაზე მასშტაბური და გრანდიოზულია.

თამარ ალადაშვილი, ,,თსუ გორდელას“ წევრი: – დღევანდელი ღონისძიება სწავლის დაწყებას ეძღვნება, რასაც ყველა სტუდენტს ვულოცავ, განსაკუთრებით კი პირველკურსელებს. დიდ მადლობას ვუხდი ორგანიზატორებს თბილი საღამოსთვის და სტუდენტთა დიდ ნაკადს ველით. მათი მხრიდან პასიურობა არასდროს არ ყოფილა და მითუმეტეს ახლა არ იქნება, რადგან წლევანდელი ღონისძიება ყველაზე მასშტაბურია. კონცერტში ძალიან ბევრი უნივერსიტეტი იღებს მონაწილეობას და თითქმის ყველა მათგანს საკუთარი მონაწილე ჰყავს ღონისძიებაში ჩართული. მახარებს ასევე ის, რომ წლევანდელი კონცერტი უფრო მეტად ხალხურია, რაშიც ,,გორდელას“ ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის. ჩვენ ფოლკლორი უფრო გავათანამედროვეთ და ამით ახალგაზრდების უფრო მეტი დაინტერესება გამოვიწვიეთ. წინა წელს კი ცოტა გულდაწყვეტილი ვიყავი მეც და ჩემი გუნდიც, რადგან ხალხურს მხოლოდ ჩვენ წარმოვადგენდით.

თორნიკე იაქაშვილი, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის სტუდენტი: – მოგეხსენებათ, დღეს სწავლა დაიწყო და სწორედ სწავლას ეძღვნება დღევანდელი ღონისძიებაც. ეს სტუდენტური ფესტივალი ყოველწლიურად ტარდება. მიხარია, რომ ამ ყველაფერს ყოველწლიურად უფრო მასშტაბური სახე ეძლევა და სხვადასხვა უწყების მეტი ყურადღების საგანი ხდება. ზუსტად არვიცი რამდენი უნივერსიტეტია ჩართული დღევანდელ ღონისძიებაში, მაგრამ მიხარია, რომ მონაწილეობას  ბევრი მათგანი იღებს. სტუდენტების აქტიურობას ველი და დარწმუნებული ვარ, რომ ვარდების მოედანი მთლიანად გაივსება.

ნინო ქარდავა, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი: – ჩვენ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ანსამბ ,,მერანს“ წარმოვადგენთ და დღეს აფხაზურ ცეკვას შევასრულებთ. ხშირად გვიწევს ხოლმე მსგავს კონცერტებში მონაწილეობა, მაგრამ მსგავსი მასშტაბის ღონისძიება არ მახსოვს. თითქმის ყველა უნივერსიტეტია ჩართული და უფრო მეტი სიხალისე და ენერგიულობაც იგრძნობა.

ეს ღონისძიება მხოლოდ კონცერტს არ გულისხმობდა. როგორც განათლების მინისტრის მრჩეველმა, ოთარ აბესაძემ ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, კონცერტის მსვლელობისას, სახელმწიფო უწყებებისგან, ასევე წამახალისებელ სურპრიზებსაც ექნებოდა ადგილი.

ოთარ აბესაძე, განათლების მინისტრის მრჩეველი: – მოგვმართეს უნივერსიტეტებმა, რომ სწავლის დაწყებასთან დაკავშირებით, ერთიანი სტუდენტური კონცერტი ჩაგვეტარებინა. შესაბამისად, დღევანდელ საღამოში ძალიან ბევრი უნივერსიტეტი იღებს მონაწილეობას. ღონისძიების ორგანიზატორს – განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, ორგანიზებაში კერძო სექტორიც დაეხმარა.  კონცერტის მსვლელობისას მაღალი შეფასებითი მოსწრების მქონე აბიტურიენტები დაჯილდოვდებიან და ასევე სხვადასხვა სახელმწიფო უწყებისგან წამახალისებელი სურპრიზებიც იქნება. ვფიქრობ, რომ ამ და სხვა მიზეზების გამო, დღევანდელი ღონისძიება ძალიან კარგი და ნაყოფიერი იქნება.

შორენა ღვაჩლიანი

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები