ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ყველაზე მაღალ რეიტინგული პირველკურსელი 2 კვირაში 18 წლის გახდება. ელენე გაბელაია თბილისში, სოლოლაკში გაიზარდა და ვ. კომაროვის ფიზიკა-მათემატიკის სკოლა ოქროს მედალზე დაამთავრა.
სწორედ დღეს, ახალი სასწავლო წლის საზეიმო გახსნაზე ელენე დაჯილდოვდა, როგორც თსუ-ს ყველაზე მაღალქულიანი პირველკურსელი. კომპანია ”მაგთიკომმა” მას 100 ლარის ოდენობით ერთლიანი სტიპენდია დაუნიშნა. უნივერსიტეტმა კი სამახსოვროდ ”ტაბლეტი” გადასცა.
დაჯილდოების ცერემონიალის შემდეგ Aris.ge-განათლებამ ელენესთან მცირე ინტერვიუ ჩაწერა.
- ყველა საგანში რეპეტიტორთან არ მოვმზადებულვარ. მათემატიკაში არ ვემზადებოდი. ქართულში კი მოვემზადე.
- შენი ქულების შესახებ რას გვეტყვი ელენე?
- ქართულში 80-ქულიდან 78 ავიღე, ზოგად უნარებში 80-დან- 75; ინგლისურში 100 ქულიდან 98, ხოლო მათემატიკაში 59-დან 53. სკალირების, ქულების გათანაბრების შემდეგ კიდევ მომემატა.
- შედეგით კმაყოფილი იქნები
- სიმართლე გითხრათ ბოლომდე კმაყოფილი არ ვარ. ზოგიერთ საგანში მეტი ქულის აღებაც შემეძლო.
- რომელ ფაკულტეტზე ჩაირიცხე, მომავალ პროფესიაზე რას გვეტყვი?
- ზუსტ და საბუნებისმეტყველო ფაკულტეტზე ჩავირიცხე. მათემატიკის სპეციალობით.
- 100 %-იანი გრანტით?
- ჩემი ქულები 100%-იან გრანტზე გადის. თუმცა ჩემი სპეციალობა სახელმწიფოს მიერ პრიორიტეტად არის დასახელებული და ისედაც უფასოა.
- საგამოცდო პერიოდს როგორ გაიხსენებ, რამდენად დატვირთული იყო?
- სიმართლე გითხრათ, დიდად თავი არ მომიკლავს. თუმცა სასურველ შედეგს მივაღწიე.
- გამოცდებზე რას იტყვი, რამდენად რთული იყო?
- საშუალო სირთული იყო. ტესტები არც ძალიან რთული და არც ძალიან მარტივი იყო.
- დღეს სტიპენდია დაგენიშნა, რას ითვალისწინებს კომპანია ,,მაგთის” საჩუქარი
- დიახ, კომპანია ”მაგთიკომი” ერთი წლის მანძილზე ასი ლარის ოდენობის სტიპენდიას გადმომცემს. მეორე სემესტრიდან კი უნივერსიტეტის სტიპენდიაზეც შეიძლება ფიქრი.
ბაკალავრიატის დასრულების შემდეგ ელენე სწავლის მაგისტრატურაში გაგრძელებას გეგმავს. სამომავლოდ კი უცხოეთში წასვლას აპირებს. ჯერ სასწავლებელი შერჩეული არ აქვს. თუმცა იცის, რომ კვალიფიკაციას ევროპაში აიმაღლებს და იმაშიც დარწმუნებულია, რომ უკან, სამშობლოში აუცილებლად დაბრუნდება.
ეკა არის© წივწივაძე