“კსუ”-ში უნიკალური ინფრასტუქტურაა კონფლიქტების და ძალადობის მსხვერპლის უფლებების დასაცავად”

ინტერვიუ

11 სექტემბერს, მულტიარხული დიპლომატიის ინსტიტუტის ხელმძღვანელის – ირაკლი კაკაბაძის ინიციატივით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფისში შეხვერდა გაიმართა მინისტრის მოადგილის – ლევან იზორიას და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შორის. შეხვედრას დაესწრენ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის წარმომადგენლებიც. მთავარი განსახილველი საკითხი  ძალადობა და მისი პრევენცია გახლდათ. გარდა ძალადობისა, ყურადღება გამახვილებული იყო ასევე საინფორმაციო- ფსიქოლოგიურ საფრთხეებსა და კონფლიქტების პრევენციაზე.

,,სტუდინფოსთვის“ როგორც ცნობილი გახდა, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბაზაზე პროფესორების და სტუდენტების თანამონაწილეობით, ძალადობის პრევენციის მიზნით ტარდება საინტერესო კვლევები.

სწორედ ამ მნიშვნელოვან თემაზე ,,სტუდინფოს“ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ინოვაციებისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ბატონი ალექსანდრე რუსეცკი ესაუბრა.

-შეიძლება ითქვას, რომ 11 სექტემბერი ტერორიზმთან ბრძოლის დღეა და შესაბამისად, ძალადობასთანაც. კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში შექმნილია უნიკალური ინფრასტრუქტურა კონფლიქტების და ძალადობის სხვადასხვა ფორმის კვლევის, ძალადობის მსხვერპლის უფლებების და ინტერესების დაცვის. მნიშვნელოვანია, რომ ამ კვლევებში გამოჩენილ მეცნიერებთან ერთად  მონაწილეობას ღებულობენ ბაკალავრიატის და მაგისტრატურის სტუდენტები.

რა იყო შეხვედრის მთავარი მიზანი?

– შეხვედრის მთავარი მიზანი სახელმწიფო და სამოქალაქო ორგანიზაციებს შორის ურთიერთთანამშრომლობა იყო იმ მიზნით, რომ შემცირდეს ძალადობის ფაქტები, მოხდეს კონფლიქტების პრევენცია და ქვეყნის მდგრადი განვითარება ყველა დონეზე. უნივერსიტეტის მხრიდან ჩვენ მოვიპატიჟეთ ბატონი ლევან იზორია, როგორც საქართველოში ერთ-ერთი საუკეთესო იურისტი და ინოვატორი. იგი ცდილობს დანერგოს საქართველოში ევროპაში აპრობირებული მართვის მეთოდები, რაც ჩვენთვის და ჩვენი სტუდენტებისთვის მეტად მნიშვნელოვანია. ჩვენი მიზანია, სახელმწიფოს ამ პრობლემის გადაჭრაში დახმარება გავუწიოთ. დარწმუნებული ვარ, რომ  პროფესორებისა და სტუდენტებისთვის ეს შეხვედრა ძალიან საინტერესო იქნება.

რასთან დაკავშირებით იყო საუბარი და რა იყო შეხვედრის მთავარი თემა?

-ამ შეხვედრის მთავარი თემა ძალადობა გახლდათ. ოჯახის თემით დაწყებული და ეთნიკური, სოციალური, პოლიტიკური და სხვა ტიპის კონფლიქტებით დამთავრებული. დიახ, ძალადობა მისი პრევენციის მიზნით. განხილული იყო ასევე ისეთი საკითხები, როგორიცაა სუიციდთან ბრძოლის პროგრამა. მოგეხსენებათ, 10 სექტემბერს სუიციდთან ბრძოლის საერთაშორისო დღე იყო. სხვათაშორის, ჩვენს უნივერსიტეტში შემუშავებულია ეროვნული პროგრამის პროექტი. მასში ნათლად წარმოვადგინეთ, თუ რა უნდა გააკეთოს ჩვენმა სახელმწიფომ სუიციდის ფაქტების შესამცირებლად. გვაქვს იმედი, რომ ჯანდაცვის სამინისტროც გამოეხმაურება ჩვენს ინიციატივას.

ჩვენ ასევე გვაქვს ინტერესი, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების კონცეფციაში იყოს გამახვილებული ყურადღება საინფორმაციო-ფსიქოლოგიურ საფრთხეებზე.

მოგეხსენებათ, საინფორმაციო ფსიქოლოგიური საფრთხეები თანამედროვე სამყაროში ერთ-ერთი მნიშვნელოვანია. სამწუხაროდ, მათ ჩვენ დღესდღეობით ვერ ვითვალისწინებთ.

რა არის თქვენს მიერ ჩატარებული კვლევების მთავარი მიზანი?

-ჩვენს მიერ ჩატარებული კვლევები არ არის უბრალოდ კვლევები კვლევებისთვის. კვლევების მიზანია ის, რომ სახელმწიფო სტრუქტურებს სხვადასხვა მიმართულებით მივაწოდოთ რეკომენდაციები. მარტივად რომ ავხსნა და ფაქტებით ვისაუბრო, გეტყვით, რომ სტუდენტთა აქტიურობა იმ საქაღალდეებში და ფაილებში ჩანს, რომლებშიც მათი ნაშრომებია თავმოყრილი. ამით იმის თქმა მინდა, რომ ჩვენს უნივერსიტეტში არა მარტო ლექციები, არამედ სერიოზული კვლევებიც ტარდება და არა მარტო ამ მიმართულებით. მათი ნაშრომები გროვდება და განიხილება. შემდეგ კი მათგან საუკეთესოები სხვადასხვა ჟურნალსა თუ საიტებზე ქვეყნდება ან  საერთაშორისო დონის კონფერენციებზე იგზავნება მოხსენებების სახით.

 

,,სტუდინფო“ დიდ მადლობას უხდის ბატონ ალექსანდრეს საინტერესო ინტერვიუსთვის, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტს კი წარმატებებს უსურვებს.

 

შორენა ღვაჩლიანი

(განათლება-უნივერსიტეტების სიახლეები)

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები