12 სექტემბერს, ილია ჭავჭავაძის მკვლელობის დღესთან დაკავშირებით, საყოველთაო მსვლელობა მოეწყო. ღონისძიება, რომლის ავტორიც ახალგაზრდული შემოქმედებითი გაერთიანების ,,ეროვნული იმპერატივის“ წარმომადგენელი და რეჟისორი გიორგი სავანელია, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ეგიდით ჩატარდა. პარტნიორ ორგანიზაციებს კი საქართველოს საპატრიარქო, ილია ჭავჭავაძის სახელობის მუზეუმები და მთაწმინდის პანთეონი წარმოადგენდნენ.
ამ დღის მთავარი მიზანი, ილიას ღვაწლის დაფასება და საზოგადოებაში მისი ღირებულებების უკვდავყოფა იყო. ღონისძიება საგურამოში, ილიას სახლ-მუზეუმში გაიხსნა. წიწამურში კი, ილიას მემორიალის გვირგვინით შემკობას მონაწილეებთან ერთად, უწმინდესი და უნეტარესიც დაესწრო. ამის შემდეგ მსვლელობამ თბილისში გადმოინაცვა და ილია ჭავჭავაძის მემორიალურ მუზეუმში მინი თეატრალური კომპოზიციით გაგრძელდა, რომელშიც საქართველოს დამსახურებული მსახიობები იღებდნენ მონაწილეობას. ამის შემდეგ პროცესია სიონის ეკლესიისკენ დაიძრა, სადაც მისი სულის მოსახსენიებელი პარაკლისი აღევლინა და მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონისკენ გაემართა. მთაწმინდის პანთეონში ილიას საფლავთან ახალგაზრდა ხელოვანებმა ო. ჭილაძის ,,რკინის თეატრიდან“ მხატვრული კომპოზიცია წარმოადგინეს. მგალობელთა გუნდმა კი საფინალო სიმღერა შეასრულა.
აღსანიშნავია, რომ ამ ღონისძიებაში სტუდენტები აქტიურად იყვნენ ჩართულნი და მსვლელობის მონაწილეთა უმრავლესობას სწორედ ისინი წარმოადგენდნენ. წინ მიმავალ ახალგაზრდებს, რომლებსაც ილიას ფრაზებით ,,შემკული“ მაისურები ეცვათ და ხელში დროშები ან მისი დიდი სურათი ეკავათ, უკან სტუდენტთა დიდი რაოდენობა მიყვებოდა. მათი დადებითი მუხტი და ემოციურობა სხვებისთვისაც აბსოლუტურად გადამდები აღმოჩნდა და მსვლელობას, რომელსაც მონაწილეები თავიდანვე არ აკლდა, ქუჩიდან ქუჩამდე მათი რიცხვი უფრო და უფრო იზრდებოდა. უფროსი თაობა ცრემლიანი თვალებით ახალგაზრდებს თბილისის ვიწრო ქუჩებში სევდიანად და იმედისმომცემად აცილებდა. ამ დღის ემოციურობას კი, თავადაც ვერ უძლებდა და სხვაგან წამსვლელი მსვლელობას თვითონაც უერთდებოდა.
ვაჩე ჩინჩალაძე (სტუდენტი): – დღევანდელი ღონისძიება ილია ჭავჭავაძის ხსოვნის საპატივცემულოდ ტარდება. ჩვენ ამ მოძრაობით გვინდა დავაფიქსიროთ, რომ ის არ გარდაცვლილა და ილია ქართული საზოგადოებისთვის დღესაც ცოცხალია. ის ყოველთვის იცოცხლებს და მუდამ ერის მამა და უძვირფასესი დიდი პიროვნება იქნება ქართველებისთვის. სწორედ ამიტომ, მთელი სულით და გულით მივესალმები დღევანდელ ღონისძიებას და ძალიან გამიხარდება, თუ ყოველ წელს ჩატარდება. საკმაოდ ბევრი ხალხია და მიხარია რომ სტუდენტები ანუ ახალგაზრდა თაობა აქტიურადაა ჩართული. ეს იმას ნიშნავს, რომ ხალხს ნამსდვილად უყვარს და ახსოვს ერის მამა – ილია ჭავჭავაძე.
ეკა დათიაშვილი (სტუდენტი): – მივესალმები დღევანდელ ღონისძიებას. მოგეხსენებათ, ის 1907 წლის 12 სექტემბერს წიწამურთან მოკლეს. ჩვენი დღევანდელი შეკრებაც სწორედ ამ დღეს ეძღვნება და მეც, როგორც ერთი რიგითი მონაწილე, სტუდენტი, ვიღებ ამ ღონისძიებაში მონაწილეობას. ჩემი აქ ყოფნით ვადასტურებ, რომ ილია ჭავჭავაძე არ მომკვდარა და ის დღესაც ცოცხალია. ნამდვილად არ ველოდი სტუდენტთა ასეთ ჩართულობას და აქტიურობას. ამით ძალიან ბედნიერი.
ნიკა ვარაზაშვილი (სტუდენტი): – ღონისძიება წიწამურიდან დაიწყო. მონაწილეთა ნაწილი მარჯანიშვილის მეტროსთან ვიყავით შეკრებილნი და შემდეგ ერთიანი მსვლელობით გავემართეთ ილიას სახლ-მუზეუმისკენ. აქედან გავემართებით სიონის ტაძრისკენ, ხოლო შემდეგ მთაწმინდის პანთეონისკენ. სწორედ მთაწმინდის პანთეონში დასრულდება დღევანდელი ღონისძიება. ჩვენ იმ გზას გავივლით, რაც ილიამ გაირა მკვლელობამდე ცოტა ხნით ადრე და უკვე გარდაცვალების შემდეგ. ხალხიც საკმაო რაოდენობითაა მოსული. ბევრი ახალგაზრდაა მოსული, მაგრამ, რა თქმა უნდა, უფრო მეტ ახალგაზრდას ველოდი. ალბათ, კლიმატმა ვერ შეგვიწყო ხელი, გამომდინარე იქიდან, რომ ძალიან ცხელა.
ზურაბ ცინცქილაძე (მსახიობი): -დღევანდელი დღის აქტიურობას რაც შეეხება, მე ასეთი აქტიურობაც კი გამიკვირდა. მახარებს, რომ ახალი თაობა, სტუდენტები დღეს ძალიან აქტიურობენ. ეს იმას ნიშნავს, რომ საქმე არცისე ცუდადაა. კარგი იქნება, თუ ღონისძიებას სისტემური სახე მიეცემა. ეს დღე ორნაირად შეიძლება გამოითქვას – ძალიან საწუხარიც და ძალიან ამაღლებულიც, როგორც ჯვარცმა ქრისტიანთათვის. ილიას ცხოვრება ქართველისთვის ამოსავალი და ცოდნის წყარო უნდა იყოს. მას ყველა თემაზე, სოფლის მეურნეობიდან დაწყებული და ბანკით დამთავრებული, შესანიშნავი ხედვები და მისეული მიდგომები აქვს. აბსოლუტურად ყველა საჭირბოროტო თემაზე წერილები აქვს დაწერილი და რაც ყველაზე მთავარია, ნებისმიერი პრობლემიდან სწორი და ადეკვატური გამოსავალი აქვს მოძებნილი. დღევანდელი დღე ძალიან ლამაზია, მაგრამ აქვე მინდა ჩემი პირადი დამოკიდებულებაც დავაფიქსირო, რომ ძალიან არ მომწონს მისი ღვაწლის დაფასება მხოლოდ დაბადების თუ გარდაცვალების დღეებზე ასე სპონტანურად რომ ხდება. ილია სულ უნდა გვახსოვდეს. დღესაც რომ კითხულობ, ის ყველაფერი, რასაც ილია წერდა და განიხილავდა, აბსოლუტურად დღევანდელობასთანაა კავშირში. მისი ყველა ნააზრევი დიდ და ლამაზ ჩარჩოში უნდა უნდა იყოს ჩასმული, რომ ყველამ შეძლოს მისი წაკითხვა. მაგალითად, მმართველი თეატრში შესვლისას, პირველ რიგში, ილიას წერილებს უნდა კითხულობდეს და მხოლოდ ამის შემდეგ უნდა დგამდეს სპეკტაკლებს. იგივეს ვიტყოდი სოფლის მეურნეობის საკითხზე და სხვაზე და სხვაზე, რომელი ერთი ჩამოვთვალო. გვყავდეს ილია და მის სიბრძნეს არ ვიყენებდეთ, ამაზე დიდი სირცხვილი და უმეცრება არაფერია. ილია ბრძანებდა, რომ ყოველი ერი თავისი ისტორიით სულდგმულობს. იგია საგანძე, საცა ერი პოულობს თავისი სულის ღონესო. დიახ, ისტორიაში ვპოულობთ ჩვენ ჩვენი სულის ღონეს და ჩვენს სულს თუ ღონე გამოეცალა, ისტორიაც დაგვვიწყებია და ეგაა. დღეს, სამწუხაროდ, ღონეგამოცლილი ერი ვართ.